ფაქტია, რომ ორივე სექტორს ერთი პრობლემა აწუხებს, თუმცა კერძო და საბიუჯეტო კლუბები სხვადასხვა მდგომარეობაში არიან. კერძო კლუბებს შეღავათები სჭირდებათ, საბიუჯეტო კლუბებს კი პირდაპირი დაფინანსება - დაახლოებით ასე დგას საკითხი.
მოკლედ, ამაზე ბევრი ლაპარაკი და წერა შეიძლება, 14 მაისს კი მოვლენები ასე განვითარდა.
ფეხბურთის ფედერაციაში 12 საათისთვის უმაღლესი და პირველი ლიგის საბიუჯეტო კლუბების წარმომადგენლები მივიდნენ, დაახლოებით
შეხვედრის შემდეგ რამდენიმე კითხვა დავუსვით გორის "დილას" მენეჯერ გია ისიანს.
- კონკრეტულად რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე?
- სახელმწიფოს მხრიდან აქტიურობა უნდა იყოს საკლუბო ფეხბურთის დახმარებაზე. სხვათა შორის, შეხვედრაზე რუსთავის "ოლიმპის" წარმომადგენელი აკა ქავთარაძეც მოვიდა. "ოლიმპი" კერძო კლუბია და სასიამოვნო იყო, რომ ამ შეხვედრას დაესწრო. თუ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არ იქნება, ფეხბურთი აღარ იქნება - ამაზე შევჯერდით.
კლუბებმა თხოვნით მივმართეთ ფეხბურთის ფედერაციას, რომ გვიშუამდგომლოს სახელმწიფოსთან, ჩვენი პრობლემები გააგებინოს და ახლოს მიუტანოს, რომ ფედერაცია კლუბების პარტნიორი იყოს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.
- დრო არ ითმენს, მიმდინარე სეზონის დასრულებას ბევრი აღარაფერი უკლია, დამდეგი სეზონის წინ კი უმეტესმა კლუბებმა არ იციან, რა ბედი ელით - ამ ყველაფერზე ფეხბურთის ფედერაციის რეაგირება როგორია?
- ფედერაციამ საკუთარი პროექტი წარმოგვიდგინა, რომლის მიხედვით, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს უნდა მიეცეს ერთი და იგივე სამონაწილეო თანხა. საპრიზო ფონდი კი უკვე სხვა თემაა.
- პირველი ლიგის კლუბებს რა დაფინანსება უნდა ჰქონდეთ?
- ცხადია, ეს კითხვა თვითონ პირველი ლიგის კლუბებმა დასვეს. რადგან უმაღლესი ლიგის კლუბებს გარანტირებულად ექნებათ სამონაწილეო თანხა, პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდებს მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ უმაღლესში გადასასვლელად და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც უფრო აქტიურად დაეხმარებიან გუნდებს. დაახლოებით ასეთი პოზიცია გამოიკვეთა.
- გია ისიანის პროექტს, ალბათ, უკვე ყველა იცნობს - ამ შეხვედრაზე თუ იყო საუბარი ამ პროექტზე?
- ეს პროექტი სამწლიანია და ვფიქრობ, ყველასათვის საყურადღებოა, რადგან ის მოიცავს როგორც საბიუჯეტო, ასევე კერძო კლუბების ინტერესებსაც. ამ პროექტში პირველ ლიგის კლუბების ინტერესებიცაა გათვალისწინებული და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებაც. ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ არასდროს არ გამომირჩევია ერთმანეთისგან კერძო და საბიუჯეტო კლუბები და ყოველთვის მათი კონსოლიდაციის მომხრე ვიყავი.
* * *
14 მაისსვე, 14 საათზე, "დინამო თბილისის" ბაზაზე კერძო კლუბები შეიკრიბნენ. შეხვედრა უცბად ვერ დასრულდა, შეიძლება ითქვას, რომ ღონისძიება ორ რაუნდად გაიწელა. პირველ რაუნდს შესვენება მოჰყვა, მეორე კი 19 საათზე დაიწყო. ფეხბურთის ფედერაციიდან ამ შეხვედრას არავინ დასწრებია.
როგორც სანდო წყარომ გვაცნობა, კერძო კლუბებმაც ფედერაციის იმ პროექტზე იმსჯელეს, რაზეც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები საბიუჯეტო კლუბების მესვეურებს ესაუბრნენ.
კერძო კლუბებმა ფედერაციის ეს პროექტი განიხილეს. ამ პროექტის მიხედვით, უმაღლესი ლიგის კლუბი ვალდებული იქნება, გაზარდოს ასაკობრივი გუნდების ბიუჯეტი და ქალთა ფეხბურთის გუნდის შექმნაზეც იზრუნოს. რაც უეფას დირექტივაა.
რა თანხას გადასცემს ფედერაცია თანაბრად კლუბებს და ამ თანხას ფედერაციას სახელმწიფო მისცემს თუ არა, ჯერ უცნობია. თუმცა ვარაუდობენ, რომ დაფინანსება სოლიდური იქნება - უმაღლესი ლიგის კლუბებზე 15-20 მილიონი ლარი გადანაწილდებაო.
ერთი სიტყვით, საქმეს კარგი პირი უჩანს...
საქმეს კარგი პირი უჩანს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...
საბიუჯეტო კლუბები დაირაზმნენ: სოლიდარობა გორის "დილას"!
გორის "დილას" არავინ მიატოვებს!
ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!