"ტორპედოს" ამიერიდან ჟერარდ სარაგოსა მულეტი და ალბერტო ბეროკალ კორეა გაწვრთნიან, რომლებმაც გასული სეზონი თბილისის "ლოკომოტივში" გაატარეს.
"ტორპედო" აქცენტს იმ ფეხბურთელებზე გააკეთებს, რომლებმაც შარშან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიაღწიეს. ფეხბურთელთა უმეტესობას იმერული კლუბი "ლოკომოტივიდან" დაიმატებს. კონტრაქტები ასევე გაუფორმდებათ გორის "დილასა" და საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს.
28 მაისს "ტორპედოს" სპონსორის, კომპანია "ვისოლის" ოფისში
ლევან ფხაკაძე:
- უპირველესად, ჟურნალისტებს დიდ მადლობას გიხდით იმ ინტერესისა და დამოკიდებულებისთვის, რაც "ტორპედოს" მიმართ გაგაჩნიათ.
როგორც იცით, უკვე სამი წელიწადია, რაც ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ და ლეგენდარულ ქართულ კლუბზე ვზრუნავთ. მიგვაჩნია, რომ კლუბი ყოველწლიურად პროგრესირებს. შესაძლოა, გასულ სეზონში უფრო მეტი ამბიცია გვქონდა, მაგრამ ზედიზედ მეორედ საპრიზო სამეულში მოხვედრა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება წარმატებად მიგვაჩნია.
ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, როგორ უნდა გაგრძელებულიყო "ტორპედოს" განვითარების პროცესი და გუნდის კიდევ უფრო გაახალგაზრდავება დავისახეთ მიზნად. "ტორპედოს" მოთამაშეთა საშუალო ასაკი 22 წელი იქნება, რაც იდეალურ ასაკად მიგვაჩნია მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევისთვის.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ამას ესპანური სამწვრთნელო შტაბისა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი ჩვენი 17-წლამდელებით შევძლებთ. ამ თაობამ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. ამ ბიჭებს ნდობა და თანადგომა სჭირდებათ, მათი კარიერისთვის უმაღლეს ლიგაში თამაში აუცილებელია...
უახლოეს დღეებში კონტრაქტს გავუფორმებთ იმ გუნდის 12-13 ფეხბურთელს. ამავდროულად, "ტორპედოში" დარჩება იმ ფეხბურთელთა ნაწილი, რომლებიც გუნდის ღირსებას გასულ სეზონში იცავდნენ. იმედი გვაქვს, სასარგებლო და შედეგიანი შერწყმა გამოვა. მოკლედ, საკმაოდ ძირეულ ცვლილებებს ვახორციელებთ და მიგვაჩნია, რომ ეს სწორი გზაა.
ახალწვეულების პრეზენტაციას ორი კვირის ფარგლებში მოვაწყობთ. დასაკარგი დრო არ გვაქვს, შეკრება და ევროტურნირები კარსაა მომდგარი.
დიდ მადლობას გადავუხდი გია გეგუჩაძეს, რომელმაც "ტორპედოსთვის" ძალიან ბევრი რამ გააკეთა. იგი საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია და ძალიან ვაფასებთ მის მიერ გაწეულ შრომას. გიასთან ერთად, მადლიერებით ვემშვიდობებით მის ასისტენტებს, დავით ჯანელიძესა და გურამ ასპინძელაშვილს და სამომავლო კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ.
- ევროთასებზე წარმატების რა შანსი გაქვთ?
- იქიდან გამომდინარე, რომ არაერთ ძველ ფეხბურთელს ვინარჩუნებთ, იმედი გვაქვს, რომ გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზი ევროპის ლიგაზეც მოგვიტანს შედეგს.
- ვასილ მაისურაძესთან ხომ არ აპირებთ თანამშრომლობას?
- მასთანაც და გიორგი დევდარიანთანაც კონსულტაციების სახით მჭიდრო კონტაქტი გვექნება, შემდგომში კი არაფერია გამორიცხული.
გია გეგუჩაძე:
- ჩემთვის დიდი პატივი იყო ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართულ კლუბში მუშაობა. ჩემი და ჩემი სამწვრთნელო შტაბის სახელით მადლობას ვუხდი "ტორპედოს" ხელმძღვანელებს, ამის საშუალება რომ მოგვცეს.
ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი იყო, რამაც უდიდესი გამოცდილება შემძინა.
დიდი მადლობა "ტორპედოს" გულშემატკივრებს, რომლებიც გუნდს ყოველთვის, ნებისმიერ ვითარებასა და ამინდში ერთგულად ედგნენ მხარში. გულში ხინჯად მრჩება, რომ "ტორპედოსთან" ერთად უფრო მეტ წარმატებას ვერ მივაღწიე...
ჩემთვის სრულიად გასაგებია კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება და მას მივესალმები. "ტორპედოს" წარმატებებს ვუსურვებ.
- თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ჯერჯერობით, ვერაფერს. ჯერ დავისვენებ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გია გეგუჩაძე აღიარეს
გია გეგუჩაძე ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა?
გიორგი პაპიაშვილი: ტყუილია, "ვისოლი" ქუთაისის "ტორპედოდან" არ მიდის!
ქუთაისის "ტორპედო" გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს