ლევან ყიფიანის სკანდალური განცხადება გარიგებულ მატჩებზე

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან ინტერვიუ თბილისის საფეხბურთო ფესტივალით დავიწყეთ.

წლების წინათ ქართველი სპეციალისტები მხოლოდ ოცნებობდნენ, ევროპის ქვეყნებში (ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, დანია) დიდი საერთაშორისო საბავშვო ფესტივალები რომ ტარდებოდა. ასეთ შეჯიბრებებზე ხომ უამრავი ნიჭიერი ბავშვი ვლინდება და თითოეული მათგანი უდიდეს გამოცდილებას იღებს.

ახლა ანალოგიური ფესტივალი საქართველოშიც ტარდება, რაც ყიფიანს ძალიან ახარებს. მაგრამ ბავშვთა ფეხბურთზე დაწყებულმა ინტერვიუმ საინტერესო განვითარება ჰპოვა და მინისტრმა ჩაწყობილ თამაშებზე უმნიშვნელოვანესი განცხადებები გააკეთა:

- თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ნელ-ნელა ძალებს იკრებს. ამის საშუალება ინფრასტრუქტურამ მოგვცა -
ერთმანეთთან ახლოს რამდენიმე თანამედროვე სტადიონი მდებარეობს, სადაც საშუალება მოგვეცა, 1000-მდე ბავშვისთვის გვემასპინძლა.

ეს პატარა საქმე არ არის. თამაშებს უამრავი ხალხი ესწრებოდა და ლამაზი სანახაობა ვიხილეთ. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ფესტივალი საერთაშორისო იყოს და ბავშვებს უცხოელებთან დაპირისპირებებით საკუთარი შესაძლებლობების შეფასების საშუალება მიეცეთ.

ცხადია, ვლადიკავკაზის გუნდის მონაწილეობამ ძალიან გაგვახარა. დიდი სურვილი გვქონდა, აფხაზი ძმებიც მოგვეწვია. იმედია, მალე ამასაც მოვესწრებით. მთავარი კეთილი ნებაა.

- მსგავსი მოვლენა საფეხბურთო ცხოვრებას ახალისებს. რამდენად რეალურია დიდების საფეხბურთო ტურნირის გამართვა?
- ეს ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა ჩვენი ამოსავალი წერტილი ბავშვთა ფეხბურთი და ეროვნული ჩემპიონატია. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები, იდეები კი ფეხბურთის ფედერაციისგან უნდა მოდიოდეს.

- ჯერაც უცნობია მომდევნო ეროვნული ჩემპიონატის მოდელი და მიიღებენ თუ არა სახელმწიფო გუნდები საბიუჯეტო დახმარებას. ასეც რომ მოხდეს, ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებას და კომერციალიზაციას ხელს შეუწყობს?
- გადაწყვეტილებები რეალობიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ. ყველას გვსურს, რომ ქართული ფეხბურთი კომერციალიზაციის გზაზე დავაყენოთ, იყოს მაყურებლისა და ტელევიზიებისთვის მიმზიდველი, მომგებიანი და ა.შ. მაგრამ ეს დღეს ვერ ხერხდება.

- თქვენი აზრით, რატომ?
- იმიტომ, რომ ქართულ ფეხბურთს იმიჯი აქვს შელახული და ბიზნესი ახლოს არ ეკარება. ყველამ იცის, უმაღლეს და პირველ ლიგებში რაც ხდება. რა თქმა უნდა, მტკიცებულება გვჭირდება, არის თუ არა გარიგებები, მაგრამ გამოძიება ამ ფაქტებს თუ მოიპოვებს, კრიმინალში მხილებულ პირებს დააკავებენ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ქართულ ფეხბურთს სახელი აღვუდგინოთ.

- გულახდილად ვილაპარაკოთ - "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას თქმით, გამოძიებამ ფაქტები უკვე დადო...
- ჯერ ფაქტები არ არის, მაგრამ გამოძიების დასრულებას იმედით ველოდებით. საქმეში პროფესიონალები ჩაერთვნენ და შევეცდებით, რომ მომავალში მსგავსი მოვლენა და ხალხი ქართულ ფეხბურთს სათოფეზეც არ გავაკაროთ. ჩვენი ჩემპიონატისა და საერთოდ, ფეხბურთის განვითარებას სწორედ გარიგებები აბრკოლებს. ამიტომაც რა დონის ხელმძღვანელები, ფეხბურთელები და პიროვნებებიც უნდა იყვნენ გარეულები, ყველა მხილებული იქნება და საქმიანობას ავუკრძალავთ.

- წინასწარი ინფორმაციით, გარიგებულმა მატჩებმა რა მასშტაბი მიიღო?
- სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი მასშტაბი იკვეთება. ჩვენდა სამწუხაროდ, არის ინფორმაცია, რომ მასში ბევრი გუნდი და ფეხბურთელი მონაწილეობს. ვიმეორებ, ეს არის ინფორმაცია და ამას დამტკიცება სჭირდება, მაგრამ კომპეტენტური ორგანოები იკვლევენ და იმედია, მალე საზოგადოებისთვის ბევრი რამ გახდება ცნობილი.

- ბრძანეთ, რომ ქართულ ფეხბურთს ბიზნესი ამიტომ არ ეკარება. სახელმწიფო გარიგებულ მატჩებს თუ შეებრძოლება, ბიზნესი დაინტერესდება?
- რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ბიზნესმა ფეხბურთში ის საფუძველიც უნდა დაინახოს, რის გამოც კლუბში მისვლით დაინტერესდება. სახელმწიფო კონკრეტული გუნდის ჩამოყალიბებაში არაფრის დიდებით არ უნდა ერეოდეს, მაგრამ მუნიციპალური კლუბების არსებობა ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, თურქეთში კლუბებს ასე აფინანსებენ.

მაგრამ კლუბებს სწორი იურიდიული ფორმა უნდა მივცეთ და ბიზნესს შემდეგ შევთავაზოთ. ადრინდელივით კლუბის მიხედვას ძალით არავის დავავალდებულებთ.

გორის "დილას" პრობლემები სწორედ ასეთი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია. ამ არასწორ მოვლენებზე ფეხბურთის ფედერაციას დროული რეაგირება რომ მოეხდინა, გუნდი ამ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა.

- ვრცელდება ხმები, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებს 1,5 მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე დააფინანსებენ, პირველი ლიგის გუნდებს - 300 ათასიდან 700 ათასამდე...
- ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, ფეხბურთში რა ფული იხარჯებოდა, შევქმნათ ერთიანი ფონდი და ის ერთიანად უნდა განვკარგოთ. ასე უფრო ეფექტურად და მიზანმიმართულად გამოვიყენებთ. შედეგი მხოლოდ ასეთ მიდგომას ექნება. შესაძლოა, ეს იყოს ის გასაღები, რაც წარმატებებს სხვა სახეობებშიც მოგვიტანს.

აუცილებელია სკოლების, გუნდებისა და სტადიონების რეალური ლიცენზირება. პრობლემა მარტო ფეხბურთელსა და მწვრთნელებში არ არის, ბევრი გასაჭირის თავი და თავი თანამედროვე მენეჯერების არარსებობაა და ამიტომ გახდნენ სახელმწიფო კლუბები "მეწველი ძროხები" - ბევრგან ხელფასები არამიზნობრივად გაიცემოდა და შტატებიც გაბერილი იყო. ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს, მართვის ახალმა მოდელმა კი კლუბის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი და ის საზოგადოებამაც უნდა მიიღოს.

რა თქმა უნდა, ძნელია, 1,5-მილიონიანი კლუბებით უცებ 300-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე მადრიდის "რეალს" შევეჯიბროთ, მაგრამ ეს უნდა იყოს ის საფუძველი, რომელზეც ბიზნესისთვის საინტერესო კლუბი ჩამოყალიბდება. მერე და მერე კი ინვესტიცია აუცილებლად მოვა. მთავარია, ჩანასახი იყოს და თამაშების მანიპულაციებში გუნდების, მათი პრეზიდენტების, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მონაწილეობა გამოვრიცხოთ.

- წინა ხელისუფლებამ სტადიონების რეკონსტრუქცია დაიწყო და რამდენიმე მოედანი გაკეთდა. თქვენ რა ინფრასტრუქტურული პროექტები გაქვთ?
- ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პროექტს, რომელიც დაიწყეს და სრულყოფილად განახორციელეს. ეს ყველაფერი იყო სპონტანური, ვიღაცის ხუშტურებით წამოწყებული ნახევრად პროექტები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო პიარს ემსახურებოდა და არა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

მოედნების მშენებლობა სტადიონების მშენებლობა არ არის. არადა, ხალხს ასე აწვდიდნენ და რეალურად, ატყუებდნენ. ან რა კრიტერიუმებით არჩევდნენ ქალაქებს, სადაც მოედნებს აგებდნენ? ჩვენ ჯერ უნდა აღვრიცხოთ, რა ინფრასტრუქტურა შემოგვრჩა, რა არის დანგრეული და რისი აშენება შეიძლება, რამდენია გასხვისებული, სად შეასრულა პირობები მეპატრონემ, სად არა და ა.შ. ამის შემდეგ გვეცოდინება, სად არის საჭირო და აუცილებელი მშენებლობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: 5 წლის განმავლობაში ფეხბურთში 100 მლნ-ის დახარჯვას ვაპირებთ
შევავსოთ დეკლარაციები? - როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს სახსრები
დიდი სკანდალის მოლოდინში: გარიგებული მატჩები, ვერსიები, გამოჟონილი ამბები
მკითხველის კომენტარები / 10 /
დაღუპა კრივი. დღევანდელ დღეს რომ ფალიანს ბუმბერაზ მოკრივეს მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანს მოხსნი და ბონდო მამულაშვილს დააყენებ მის ადგილას. რაც აისახა შედეგზე ევროპის ჩემპიონატიდან არცერთი მედალი არ ჩამოუტანიათ. ვოვა ახალკაცს, კორუპირებულს და მთელი ზონდერ-მოკრივეების ბრიგადას რომ დაიყენებ გვერდში ეგ მინისტრი ხარ თავად.კრივი ჩაკალი და დაღუპე.
misha
13:57 06-06-2013
0
ევროპის წინა ჩემპიონატიდან 3 მედალი ჩამოიტანა რამაზ ფალიანის გაწვრთნილმა გუნდმა. დღეს არცერთი. რატომ ????გაანთავისუფლე ფალიანი????? რატომ დაღუპე კრივი .....ვინ მართავს დღეს კრივს? კორუპირებული ახალკაცი და ახალკაცის ნათქვამზე მოსიარულე კვაჭაძე.???? ეს ხდება თქვენი მინისტრობის დროს.
alika
14:06 06-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული