თანაც, ბათუმელებმა უმაღლეს ლიგაში დაწინაურება რაიმე "საფეხბურთო ამნისტიის" შედეგად კი არა, სპორტული პრინციპებით მოახერხეს: გუნდმა ჯერ პირველი ლიგის გათამაშებაში იყოჩაღა, მერე კი პლეი-აუტშიც წარმატებით გააგრძელა ასპარეზობა და დაბრუნდა იქ, სადაც 90-იან წლებში ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბად მიიჩნეოდა.
სამწუხაროდ, ბათუმის "დინამოს" დაბრუნება ხანმოკლე აღმოჩნდა: ახლახან გასრულებული სეზონის შედეგების მიხედვით, გუნდმა ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონატის დებულების მიხედვით, 2013-14 წლების სეზონი პირველ
თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება მხოლოდ და მხოლოდ რეგლამენტითაა გათვალისწინებული; ანუ, ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც, ბათუმის "დინამო" პირველ ლიგაში დაქვეითებულად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ ნურავის გაუკვირდება, რომ ეს გუნდი (ისევე, როგორც - ფოთის "კოლხეთი") ახალი სეზონიდან კვლავაც უმაღლესში ვიხილოთ.
თანაც, ბათუმელთა სასარგებლოდ შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედოს: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის სავარაუდო გაზრდაზე ლაპარაკი ხომ უკვე თვეზე მეტია, მიმდინარეობს;
ასე რომც არ მოხდეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ დებულება არ დაარღვიოს, ბათუმელებს უმაღლეს ლიგაში თამაშის შანსი მაინც რჩებათ: დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ძალიან ბევრი გუნდის ბედი გაურკვეველია, ზოგი ჩემპიონატის ბოიკოტით იმუქრება, ზოგმა შესაძლოა, ლიცენზირება ვერ გაიაროს და ასე შემდეგ.
თანაც, წინა კვირაში განვითარებულ მოვლენებს თუ გავიხსენებთ (აი, რვა გუნდი რომ იმუქრებოდა ჩემპიონატის მიტოვებით), ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლებმა "დუმილის სტრატეგია" არჩიეს და ეს "სვლა" ვინ იცის, იქნებ გამართლებულიც აღმოჩნდეს...
...ბათუმის "დინამომ" პირველი ეტაპიც ბოლოსწინა ადგილზე დაამთავრა და მართალია, მეორე ეტაპზე პროცენტულად ბევრად უკეთესი შედეგი ჰქონდა, დაქვეითებას მაინც ვერ ასცდა.
არადა, გადამწყვეტი ეტაპი გუნდმა მშვენივრად დაიწყო: ზედიზედ სამი მოგების მერე ბათუმელები სახიფათო ზონას თითქმის მოსცილდნენ, მაგრამ მერე კვლავ არასტაბილურობა დასჩემდათ. გადამწყვეტი მნიშვნელობის მაინც ის სამი მატჩი იყო, სადაც "დინამო" უშუალო კონკურენტებს ხვდებოდა: "ვიტ ჯორჯიასთან" სტუმრად წაგებამ გუნდის სატურნირო მდგომარეობა კი გაართულა, მაგრამ წინ ხომ ორი საშინაო შეხვედრა იყო "სიონთან" და უკვე გავარდნილ "კოლხეთთან".
ორივე ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი ფრედ დამთავრდა, არადა, ერთ-ერთი მაინც რომ მოეგო, "დინამო" უმაღლესში ადგილს შეინარჩუნებდა.
მაინც რა იყო იმის მიზეზი, ესოდენ ხანმოკლე რომ აღმოჩნდა ბათუმის "დინამოს" უმაღლეს ლიგაში ყოფნა?
ერთ-ერთი, ალბათ, საკუთარი სტადიონის არქონა იყო - "დინამოს" საშინაო მატჩები ქობულეთში ტარდებოდა და ვერავინ იტყვის, რომ ცარიელი ტრიბუნების წინ უხდებოდათ ფეხბურთელებს თამაშიო, მაგრამ ბათუმში ყოფნა რომ ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა, ამას რა მტკიცება სჭირდება.
თუმცა, სტადიონის გარდა, გუნდს ხომ საწვრთნელი ბაზის პრობლემაც ჰქონდა. არადა, ქვედა ექვსეულის გუნდებს შორის ბათუმის "დინამო" ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი იყო, ფინანსური პრობლემები რომ არ ჰქონდა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო არასტაბილური შემადგენლობის საკითხიც: პირველ ეტაპზეც და შემდეგაც, გუნდში როტაცია ხშირად ხდებოდა და ახალ-ახალი ფეხბურთელების შეუთამაშებლობაც ასეთ არასასურველ შედეგზე აისახა.
მწვრთნელი
თბილისის "დინამოს", ლანჩხუთის "გურიას", პოლონური "კატოვიცესა" და ფრანგული "ლე ავრის" ყოფილი წევრი გია გურული წინა საუკუნის 80-90-იან წლებში მართლაც გამორჩეული ფორვარდი გახლდათ. სამწვრთნელო ასპარეზზე გარკვეული გამოცდილება მაშინ მიიღო, როცა საქართველოს ნაკრებში ალენ ჟირესის ასისტენტად მუშაობდა.
დამოუკიდებლად მოღვაწეობა კი ბათუმის "დინამოში" დაიწყო და მისი დამსახურებაც არის, გუნდი ოთხწლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგას რომ დაუბრუნდა.
სამწუხაროდ, მწვრთნელის რანგში გურულის დებიუტი უმაღლეს ლიგაში წარუმატებელი აღმოჩნდა; თუმცა, ჯერჯერობით ხომ არავინ იცის, მომავალ სეზონში, საერთოდ, რომელი გუნდები იასპარეზებენ უმაღლეს ლიგაში...
მეკარეები
რუსთავის "მეტალურგის" მსგავსად, ჩემპიონატის განმავლობაში ბათუმის "დინამოშიც" ოთხმა მეკარემ იასპარეზა: პირველ ეტაპზე თავდაპირველად 29 წლის გიზო შენგელია და 26 წლის შოთა მამინაშვილი თამაშობდნენ, თუმცა მერე, სეზონის ბოლომდე ძირითადი მეკარის სტატუსი 23 წლის უკრაინელ ივან პიცანს ერგო. 2 მატჩი ჩაატარა 19 წლის პერსპექტიულმა და ტანმაღალმა მეკარემ რომან ტაკიძემ.
დაცვა
ბათუმის "დინამო" გაშვებული გოლებით ერთ-ერთი "ლიდერი" იყო - მეტი ბურთი მხოლოდ "კოლხეთმა" გაუშვა; ყოველივე ეს კი მხოლოდ მეკარეებს არ უნდა დავაბრალოთ: დაცვაში როტაცია ხშირად ხდებოდა და ამ რგოლში მუდმივი ადგილი გარანტირებული არავის ჰქონდა. ერთადერთი, 25 წლის ზვიად ლობჟანიძე იყო, ორივე ეტაპის განმავლობაში ყველაზე ხშირად რომ უწევდა თამაში.
სეზონი ასევე სრულად ჩაატარეს 25 წლის კარენ მაკარიანმა და 19 წლის ვალერიან თევდორაძემ.
მეორე ეტაპიდან გუნდში ჩაირიცხნენ გამოცდილი მცველი, 31 წლის გიგა ჟვანია და 22 წლის ჯემალ გაბუნია; აი, კიდევ ერთ ახალწვეულს, 27 წლის გიორგი ტყეშელაშვილს კი ნამდვილად არ გაუმართლა: "გაგრას" ყოფილმა კაპიტანმა "მეტალურგთან" სათასო დაპირისპირებაში მძიმე ტრავმა მიიღო და ჩემპიონატში ბათუმელებს ვეღარ დაეხმარა.
ნახევარდაცვა
როტაცია ამ რგოლშიც ხშირად ხდებოდა და მხოლოდ ორი შუახაზელი იყო, სეზონის დასაწყისიდან ბოლომდე ძირითადის ფეხბურთელად რომ მოიაზრებოდა: გუნდის კაპიტანი და ლიდერი, 39 წლის ამირან მუჯირი და 21 წლის ბორის მახარაძე.
უფრო მეტს მოელოდნენ უკრაინელი ოლექსანდრ ტიმჩიშინისა და უნგრეთიდან ჩამოსული ირაკლი კვეკვესკირისაგან; ტრავმის გამო ბევრი გაუცდა 22 წლის თორნიკე ბერიძეს; მეორე ეტაპზე გუნდი სამი ნახევარმცველით გაძლიერდა, თუმცა ვერც გამოცდილი ალექსანდრე კოშკაძის, ვერც სანდრო გურულისა (გია გურულის ვაჟი) და ვერც ახალგაზრდა ნოდარ კიკნაველიძის გარჯამ ბათუმელებს ვერ უშველა.
თავდასხმა
ერთადერთი, რაც ბათუმელებს გასულ სეზონში საამაყოდ ჰქონდათ, აუტსაიდერის კვალობაზე მაღალი შედეგიანობა იყო. თავად განსაჯეთ: ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით "დინამო" მხოლოდ ზედა ოთხეულის გუნდებს ჩამორჩა!
წარმატებულ ტრანსფერად უნდა მივიჩნიოთ 24 წლის ბესიკ ჩიმაკაძის "დინამოში" ჩარიცხვა: "ვიტ ჯორჯიას" ყოფილმა ფორვარდმა ახალი გუნდის მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და 7 გოლით საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
პირველ ეტაპზე ბევრად უფრო პროდუქტიული გახლდათ ნიკა დიასამიძე - ამ 18 წლის შემტევმა 4 გოლიც გაიტანა და თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელთა ყურადღებაც მიიპყრო. თუმცა, მერე ისე მოხდა, რომ დიასამიძე იჯარით კვლავაც ბათუმში გადავიდა, მაგრამ სათამაშო დრო ამჯერად ბევრად უფრო ნაკლები ჰქონდა...
დინამო (ბთ) ყველა მატჩი
I ეტაპი
I ტური სიონი - დინამო 2:2
II ტური ზუგდიდი - დინამო 2:0
III ტური დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 0:3
IV ტური ზესტაფონი - დინამო 0:0
V ტური დინამო - მეტალურგი 0:2
VI ტური ტორპედო - დინამო 5:1
VII ტური დინამო - მერანი 4:0
VIII ტური დინამო - კოლხეთი 3:1
IX ტური დილა - დინამო 2:0
X ტური დინამო - ვიტ ჯორჯია 0:1
XI ტური ჩიხურა - დინამო 3:0
XII ტური დინამო - სიონი 0:1
XIII ტური დინამო - ზუდიდი 0:4
XIV ტური დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 5:3
XV ტური დინამო - ზესტაფონი 3:3
XVI ტური მეტალურგი - დინამო 2:1
XVII ტური დინამო - ტორპედო 0:2
XVIII ტური მერანი - დინამო 3:1
XIX ტური კოლხეთი - დინამო 1:2
XX ტური დინამო - დილა 1:2
XXI ტური ვიტ ჯორჯია - დინამო 1:1
XXII ტური დინამო - ჩიხურა 0:2
I ეტაპი: 22 მატჩი, 3 მოგება, 4 ფრე, 15 წაგება, ბურთები: 22-47
II ეტაპი
XXIII ტური მერანი - დინამო 0:1
XXIV ტური დინამო - ვიტ ჯორჯია 2:0
XXV ტური სიონი - დინამო 0:1
XXVI ტური კოლხეთი - დინამო 1:1
XXVII ტური დინამო - მეტალურგი 0:1
XXVIII ტური დინამო - მერანი 6:0
XXIX ტური ვიტ ჯორჯია - დინამო 3:2
XXX ტური დინამო - სიონი 1:1
XXXI ტური დინამო - კოლხეთი 2:2
XXXII ტური მეტალურგი - დინამო 0:1
II ეტაპი: 10 მატჩი, 5 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება, ბურთები: 17-8
სულ: 32 მატჩი, 8 მოგება, 7 ფრე, 17 წაგება, ბურთები: 39-55
გუნდი
მეკარეები: ივან პიცანი - 16, შოთა მამინაშვილი - 9, გიზო შენგელია - 5, რომან ტაკიძე - 2;
მცველები: ზვიად ლობჟანიძე - 31, ვალერიან თევდორაძე - 24, კარენ მაკარიანი - 20 (1), ნიკა ხუხია - 18, მირზა ფარტენაძე - 14, ვაჟა ქორიძე - 12 (2), გიგა ჟვანია - 10 (2), ჯემალ გაბუნია - 8, არჩილ ბაჯელიძე - 7, ლაშა თოთაძე - 6, ლაშა რამიშვილი - 3, კახა თოდაძე - 2, ლაშა ზოიძე - 1;
ნახევარმცველები: ამირან მუჯირი - 26 (3), ბორის მახარაძე - 21, თორნიკე ბერიძე - 20 (3), გელა გოგიტიძე - 15 (1), ოლექსანდრ ტიმჩიშინი - 12 (1), ირაკლი ცანავა - 11, ირაკლი კვეკვესკირი - 11, ნოდარ კიკნაველიძე - 9, სანდრო გურული - 8 (3), ალექსანდრე კოშკაძე - 8 (1), ბექა ვარშანიძე - 8, ამირან აბუსელიძე - 7, პაატა ბალაძე - 4, ერეკლი კილაძე - 3, გიორგი ზოიძე - 1;
თავდამსხმელები: ნიკა დიასამიძე - 23 (4), დათა სიჭინავა - 15 (1), ალექსანდრე ბაციკაძე - 14 (2), ირაკლი ცნობილაძე - 13 (2), მიხეილ ჯორბენაძე - 12 (6), ბესიკ ჩიმაკაძე - 10 (7), ტიერი-ანს კლოვისი - 6, ნიკა ნასუაშვილი - 1.
მთავარი მწვრთნელი: გია გურული (I - XXXII ტური)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფოთის "კოლხეთი" - გაუფერულებული იუბილე
"ვიტ ჯორჯია" - უმაღლეს ლიგაში მძლავრი ფინიშის ხარჯზე
ბოლნისის ”სიონი” - მუდმივი ცვალებადობა
რუსთავის "მეტალურგი" - ანტირეკორდების სეზონი
მარტვილის "მერანი" - შესაძლებლობის მაქსიმუმი
"ზუგდიდი" - კარგი დასაწყისი და საშინელი დასასრული
საჩხერის "ჩიხურა" - გზა ევროპისკენ
"ზესტაფონი" - ყველაზე წარუმატებელი სეზონი
ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა