კლიმენტი წიტაიშვილი: "ზუგდიდი" ადვილად არავის არაფერს დაუთმობს

AutoSharing Option
"ზუგდიდში" გაურკვევლობა დასრულდა, ყოველ შემთხვევაში, სიტუაცია აქეთკენ მიდის.

გუნდს ოთარ თუთბერიძისა და კლიმენტი წიტაიშვილის ტანდემი გაწვრთნის. "ზუგდიდი" დატოვეს გამოცდილმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებს ახალგაზრდებით მოუწევთ უმაღლეს ლიგაში გამოსვლა.

წიტაიშვილი გულშემატკივარს კარგად უნდა ახსოვდეს, ტექნიკური ფორვარდი იყო, ქართული გუნდებიდან თბილისის "დინამოშიც" უთამაშია რამდენიმე სეზონი, იყო ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

უცხოური კარიერა ისრაელში დაიწყო და კვიპროსზე გააგრძელა, თამაშობდა "ანორთოსისში", რომელსაც მაშინ თემურ ქეცბაია წვრთნიდა, ბოლოს კი ფამაგუსტას "სალამინაში" იყო.

წიტაიშვილს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- რა ვითარებაა ახლა "ზუგდიდში?
- რომ გითხრათ, ყველაფერი იდეალურად არის-მეთქი,
მართალი არ ვიქნები. იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ "ზუგდიდი" ღირსეულად ითამაშებს და ადვილად არავის არაფერს არ დაუთმობს.

- ფინანსური მდგომარეობა როგორია?
- დაფინასება რომ არ იყოს, კვიპროსიდან აქ არ ჩამოვიდოდი. პირველი, რაც მოვითხოვე კლუბის ხელმძღვანელობისგან, ის იყო, რომ "ზუგდიდის" ყველა თანამშრომელს ხელფასი ყოველთვე უნდა დაურიგდეს.

- სად ემზადება "ზუგდიდი" და რომელ სტადიონზე გამართავს საშინაო შეხვედრებს?
- უმეტესწილად, რუხში ვვარჯიშობთ, ხანდახან "ბაიას" ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე. რაც შეეხება საშინაო მატჩებს, ისევ განმუხურში ვითამაშებთ, იქ კარგი მინდორია და ვუფრთხილდებით, სავარჯიშოდ არ ვიყენებთ.

- ახალი ფეხბურთელების დამატებას არ აპირებთ სეზონის დაწყების წინ? "ზუგდიდი" გამოცდილმა მოთამაშეებმა დატოვეს...
- სეზონის დაწყებას ბევრი აღარაფერი უკლია და გუნდები უკვე დაკომპლექტებულია. ძნელია, ასეთ დროს ფეხბურთელი მოიყვანო.

ახლახან ორი მოთამაშე მაინც დავიმატეთ - მეკარე ზურაბ მამალაძე და მცველი ბაქარ მირცხულავა. ამ ეტაპზე აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთებთ, ახალი წლიდან კი გამოცდილ მოთამაშეებსაც ავიყვანთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზუგდიდის" ტექნიკური სპონსორი შესაძლოა "სალერი" გახდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული