უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
თითქოს გუშინ იყოო - 1990 წლის 30 მარტს გრანდიოზული გახსნა რომ ჰქონდა პირველ ეროვნულ ჩემპიონატს. "დინამოს" სტადიონი იმ დროისათვის დაახლოებით 75 000 ათას კაცს იტევდა და პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატის გახსნით მატჩზე ტრიბუნებზე ცარიელ ადგილს ვერ შეამჩნევდით!

ყველას გვქონდა იმის ილუზია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ახალი ეტაპი იწყებოდა, რომ ქართული გუნდები თუ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გამოვიდოდნენ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონის იქნებოდა და ასე შემდეგ...

და აი, შაბათს, საიუბილეო, XXV ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო.

მოდი, ნუღარ შევუდგებით იმ უამრავი მიზეზის ჩამოთვლას, თუ რატომ ვერ მოხერხდა ქართული ფეხბურთის აღორძინება, თუ რატომ ვერ ვეღირსეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლას ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე, თუ რატომ აღარ იბადებიან საქართველოში საფეხბურთო ტალანტები და ასე შემდეგ...

აღარაფერს ვამბობთ აქტუალურ უპასუხო კითხვებზე: რატომ ხდება, რომ ჩვენი ჩემპიონატების დონე წლიდან წლამდე უარესდება? ანდა, რატომ არის, რომ თითქმის ყოველი სეზონის დაწყების წინ უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდი, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა?..

ჰოდა, ამდენი "რატომ"-ის მერე, ალბათ, უადგილოც არის წამდაუწუმ იმაზე ვიშვიში, არიქა, საქართველოს ჩემპიონატის მატჩების დროს ჩვენი სტადიონები, ფაქტობრივად, ცარიელიაო!

აი, ახლაც, საიუბილეო ჩემპიონატის პირველ ტურში ისეთი მატჩი გველოდა, მეტი ინტრიგა რაღა უნდა ყოფილიყო: თბილისის "დინამო" "ზესტაფონის" წინააღმდეგ! ანუ ბოლო სეზონის ტრიუმფატორი ხვდებოდა საქართველოს 2011 და 2012 წლების ჩემპიონს, მაგრამ რად გინდა: "დინამო"-"ზესტაფონის" შეხვედრას ასე ცოტა მაყურებელი (1000 კაცი, ალბათ, ვერ შეგროვდებოდა) არასდროს ჰყოლია.

თუმცა, ვინც მივიდა, ისიც გულგატეხილი დარჩებოდა: ბოლო წლების ყველაზე წარმატებული ქართული გუნდების დაპირისპირებაში უამრავზე-უამრავი წუნი თუ დაბალი ტემპი ვიხილეთ; მაგრამ, როგორც ყოველთვის, "გამოსავალს" ახლაც მოვძებნით და ამ ყველაფერს "სასტარტო მღელვარებად" შევაფასებთ...

ორი დუბლი
არცთუ ოპტიმისტური შესავლის მიუხედავად, საიუბილეო ჩემპიონატის პირველ ტურში მაინც მოხდა რამდენიმე ისეთი ფაქტი თუ მოვლენა, მეტ-ნაკლებად აღნიშვნას რომ იმსახურებს.

უპირველესი, რაღა თქმა უნდა, შედეგიანობის არცთუ დაბალი მაჩვენებელია: ექვს მატჩში 18 გოლი გავიდა, ანუ ერთ შეხვედრაში საშუალოდ - 3 გოლი! თანაც, პირველივე ტურმა ორი კონკრეტული ფეხბურთელი დააწინაურა... ბომბარდირთა დავაში: გორის "დილას" ნახევარმცველმა გრიგოლ დოლიძემ და "ვიტ ჯორჯიას" ცენტრფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ მეტოქეთა კარში ორ-ორი გოლი გაიტანეს!

კარგია, პირველსავე ტურში ერთდროულად ორ "დუბლს" რომ ვიხილავთ; თანაც, "დილას" 30 წლის გარემარბმა გრიგოლ დოლიძემ "სიონთან" მატჩამდე სამი დღით ადრე მართლაც ძალზე ეფექტური გოლი გაიტანა ხორვატული "ჰაიდუკის" კარში და ვისურვოთ, რომ ამ გამოცდილი ფლანგის ნახევარმცველის საგოლე სერია ავსტრიულ "რაპიდთან" ორივე მატჩშიც გაგრძელებულიყოს!

ამპლუის მიუხედავად, დოლიძისთვის არც "დუბლია" უცხო და არც "ჰეთ-თრიქი" - 2007 წლის სუპერთასზე "ამერში" რომ თამაშობდა, რუსთავის "ოლიმპის" კარში 3 გოლი გაიტანა.

აი, "ვიტ ჯორჯიას" 20 წლის ტანმაღალ თავდამსხმელს ელგუჯა ლობჯანიძეს კი უმაღლეს ლიგაში პირველი "დუბლიც" უნდა მივულოცოთ და ის ფაქტიც, რომ სწორედ მან გაიტანა XXV, საიუბილეო ჩემპიონატის პირველი გოლი!..

ახლები და ძველები
მეგოლეების თემა უნდა განვავრცოთ და, უპირველესად, იმ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები უნდა მივულოცოთ; თანაც, ქუთაისის "ტორპედოს" ახალწვეულმა, 21 წლის შემტევმა თორნიკე კაპანაძემ და მარტვილის "მერანის" 16 (!) წლის ნახევარმცველმა აკაკი შულაიამ თავის გამოჩენა სადებიუტო შეხვედრაში შეძლეს!

არ არის პატარა ამბავი - პირველი მატჩი უმაღლეს ლიგაში და პირველი გოლი...

კაპანაძემ და შულაიამ თუ პირველად მიაღწიეს წარმატებას, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ტურის სხვა მეგოლეებზე; ოღონდ, ისიც გამოსარჩევი ფაქტია, ალბათ, რომ 21 წლის ირაკლი ქობალიამ ("ზუგდიდი"), 24 წლის ლაშა თოთაძემ ("სიონი"), ზემოთ ნახსენებმა გრიგოლ დოლიძემ ("დილა"), 29 წლის დიმიტრი ტატანაშვილმა და 25 წლის რატი წინამძღვრიშვილმა (ორივე - "ჩიხურა") საქართველოს ჩემპიონატში პირველი მატჩები ჩაატარეს თავიანთ ახალ გუნდებში და სადებიუტო შეხვედრებში გოლებითაც გამოირჩნენ.

ისე, არცთუ შორეულ წარსულს შეგახსენებთ, კერძოდ კი, 2005-07 წლებს, როდესაც დოლიძე, ტატანაშვილი და წინამძღვრიშვილი წარმატებულ და საკმაოდ საინტერესო გუნდ "ამერში" ერთად ასპარეზობდნენ.

დაბოლოს, "მერანის" კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელზეც: მარტვილელთა 19 წლის მარცხენა ნახევარმცველმა პაპუნა ფონიავამ ცხინვალის "სპარტაკის" კარში გოლიც გაიტანა, საგოლე პასიც მიითვალა და მეორე ტაიმში... ავტოგოლიც "გაიფორმა"!

თუმცა ფონიავამ იმხელა როლი ითამაშა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში, რომ დაუფიქრებლად შევიყვანეთ I ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

ლეგიონერების თემა
მერამდენე წელიწადია, საქართველოს ჩემპიონატში ლეგიონერების გამოჩენა აღარ გვიკვირს; ახლაც, საიუბილეო ჩემპიონატის პირველ ტურში ოთხმა უცხოელმა ფეხბურთელმა პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს პირველობაზე: კოტდივუარელმა პატრიკ ვუომ, რუმინელმა დორინ გოგამ (ორივე - "დინამო"), სერბმა ბორისლავ ტერზიჩმა, ბრაზილიელმა რენე ფერეირამ (ორივე - "ზესტაფონი").

სატრანსფერო "ფანჯარა" ჩვენთან აგვისტოს ბოლომდე ღიაა და არ გამოვრიცხოთ კიდევ რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელის გამოჩენა ჩვენს ჩემპიონატში.

აი, რაც შეეხება ლეგიონერ მწვრთნელებს, ამ მხრივ "განებივრებულნი" დიდად არ ვყოფილვართ და განვლილი 24 ჩემპიონატის განმავლობაში ჩვენთან 14 უცხოელ მწვრთნელს ჰქონდა ნამუშევარი: იოჰან ბოსკამპს (ჰოლანდია), ივო შუშაკს (ხორვატია), დუშან უჰრინი-უფროსს და დუშან უჰრინი-უმცროსს (ორივე - ჩეხეთი), რაინერ ცობელს (გერმანია), ალექს გარსიას (ესპანეთი), ვლადიმერ ზემლიანოის, ანატოლი პისკოვეცს, ვიქტორ კაშჩეის, ალექსანდრ შტელინს (ოთხივე - უკრაინა), ჯანი კარნევალეს (იტალია), ლუის ცაკარიასს (პერუ), ჟოაო დე კამპუშს (ბრაზილია) და ანდრეი ჩერნიშოვს (რუსეთი).

და აი, XXV ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ჩემპიონატის სადებიუტო მატჩები ჩაატარეს სერბმა რატკო დოსტანიჩმა ("ზესტაფონი") და ესპანელმა ჟერარდ სარაგოსამ ("ტორპედო").

დებიუტი ნამდვილად არ ჰქონიათ, მაგრამ სხვადასხვახნიანი პაუზის მერე დაუბრუნდნენ უმაღლეს ლიგას და თავიანთი ახალი ქართული გუნდები პირველად დამოძღვრეს საქართველოს ჩემპიონატში გიორგი დევდარიანმა ("დილა"), გიორგი კიკნაძემ ("სიონი"), გელა სანაიამ ("მეტალურგი") და დავით მახარაძემ ("გურია").

სამაგიეროდ, დებიუტი ჰქონდა ახალ სამწვრთნელო "დუეტს": გამოცდილი ბადრი თუთბერიძე და ახალგაზრდა კობა წიტაიშვილი პირველად მოძღვრავდნენ მშობლიური ქალაქის "ზუგდიდს".

დაბრუნების ტენდენცია
რაღაც დადებითი მაინც ხდება ჩვენს ჩემპიონატში და ამ შემთხვევაში, უცხოეთმოვლილი გამოცდილი ქართველი ფეხბურთელების დაბრუნებაა; აი, მაგალითად, "ზესტაფონი", ფაქტობრივად, ახალი გუნდით წარსდგა თბილისელი გულშემატკივრის წინაშე, თუმცა ორი ახალწვეული მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა!

32 წლის გიორგი ადამია საქართველოს ჩემპიონატს 9-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და უბრალოდ, გასაკვირია, რომ აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ლეგიონერს ერთხელაც რომ არ მისცემია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი...

...თბილისის "დინამოსთან" ერთად ილია კანდელაკმა ყველა ტიტული (საქართველოს ჩემპიონატი, თასი, "თანამეგობრობის თასი") მოიგო და აი, ავსტრიასა და აზერბაიჯანში გატარებული ხანგრძლივი პერიოდის მერე ისიც საქართველოში დაბრუნდა და ადამიასთან ერთად "ზესტაფონში" აგრძელებს თავის კარიერას.

აი, რაც შეეხება მესამე "დაბრუნებულს", გაგიკვირდებათ და, გორის "დილას" 26 წლის მეკარე ნუკრი რევიშვილი საქართველოს ჩემპიონატს... 8 წლის მერე დაუბრუნდა! ანუ, ქუთაისის "ტორპედოში" რომ გამოჩნდა და თავისი ნიჭითა თუ მონაცემებით ყველა რომ აალაპარაკა, 18 წლის გახლდათ და სულ მალე რუსეთშიც გადავიდა.

ისე, ახალ სეზონში რევიშვილმა ოთხი ოფიციალური მატჩი ჩაატარა (ევროპალიგაზე - "ოლბორგთან" და "ჰაიდუკთან") და "სიონთან" მატჩამდე გოლი არ ჰქონდა გაშვებული...

Sportall.Ge

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტურის ყველა მატჩი
დინამო თბ-ზესტაფონი 2:1 - იღბალი და გამძლეობა [VIDEO]
სიონი-დილა 1:2 - გრიგოლ დოლიძის მეორე სუნთქვა [VIDEO]
ტორპედო-მეტალურგი 1:1 - გულდაწყვეტილი მასპინძელი [VIDEO]
მერანი-სპარტაკი 2:1 - მოგებაც და ხარისხიც
ვიტ ჯორჯია-გურია 3:0 - ვიტელთა ახალი ჯანი: ლობ-ჯან-იძე
ზუგდიდი-ჩიხურა 1:3 - საჩხერელთა კარგი სტარტი

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგრები ხართ, საქართველოს ჩემპიონატს ესეთ ყურადღებას რომ აქცევთ. წარმატებებს გისურვებთ.
მე მაინტერესებს ქუთაისელი ტაბატაძე მარცხენა მცველია თუ მარჯვენა? და მეორე მერებაშვილი როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში?
ramo
14:25 13-08-2013
0
sakartveloshi fexburts dadgomilad tamashoben da amitomaa farerebis ikit ver mivdivart,badri tutberizeze ecera sadebiuto samcvrtnelo matchi kondao, es araris martali badri tutberidze odishis mcvrtneli iko clebis manzilze zugdidshi da mashin cota ufro magali done iko sakartvelos fexburtshi, mashindelo odishi xuteulshi iko chempionatshi da tbilisis dinamos da sxvebi zugdidshi tamashs ver igebdnen, ase rom carmatebebs vusurveb bedri tutberidzes da koba citaishvils
domenti
13:37 13-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული