უმაღლესი ლიგის VI ტურის წინ: ვითომ არაფერი შეიცვლება?

AutoSharing Option
ცხრა დღეში სამი მატჩი - აი, ასეთი გრაფიკით უწევთ თამაში უმაღლესი ლიგის გუნდებს; თუმცა, მსგავსი რამ ადრეც არაერთხელ მომხდარა და, ასეთ შემთხვევებში, მეტ-ნაკლებად ლოგიკური შედეგები სჭარბობდა ხოლმე ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მიჩნეულ სენსაციებს.

ანუ, მსგავსი შემჭიდროებული გრაფიკით ასპარეზობისას ამა თუ იმ წყვილში, უმეტეს შემთხვევაში, ფავორიტები იმარჯვებდნენ და ამის მიზეზი, რაღა თქმა უნდა, მეტოქეებთან შედარებით უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამიც იყო.

ვერ გეტყვით, ახლა როგორ იქნება, თუმცა ის კი ფაქტია, რომ არც ახლა, არც თასზე და არც მომავალ ტურში, არც ერთი "დერბი" თუ
"ბომბა-მატჩი" არ გველოდება.

ეგ კი არა, დღევანდელი ტურის შედეგებმა, სავარაუდოდ, სატურნირო ცხრილში სერიოზული გადაადგილებებიც არ უნდა მოახდინოს.

Sportall.Geვიტ ჯორჯია-დინამო
დისკვალიფიკაცია: ჯავაშვილი (ვიტ ჯორჯია)

შესაძლოა, სხვას განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ამ ტურში მაინც არის ორი დამაინტრიგებელი შეხვედრა და ერთ-ერთი სწორედ ძველი მეტოქეების, "ვიტ ჯორჯიასა" და "დინამოს" დაპირისპირება უნდა იყოს.

კი ბატონო, ბოლო 4 სეზონის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიას" მიზნები შეიცვალა, თუმცა "ვეტერინარებს" არასდროს სჭირდებოდათ "დინამოსთან" მატჩის წინ დამატებითი მოტივაცია.

ანუ, მნიშვნელობა არ ჰქონდა კონკრეტული მომენტისათვის გუნდები რომელ ადგილზე იმყოფებოდნენ, - "ვიტ ჯორჯიასა" და "დინამოს" მატჩები მუდამ არაპროგნოზირებადი სცენარით მიმდინარეობდა.

ალბათ, ამიტომაც აღარ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ერთიანად გაახალგაზრდავებული "ვიტ ჯორჯია" წინა და იმისწინა სეზონში მაინც ახერხებდა და მცხეთაში "დინამოს" ქულებს აკარგვინებდა.

Sportall.Geჩიხურა-დილა
დისკვალიფიკაცია: დევდარიანი (დილა, მთ. მწვრთნელი)

ორი დღის წინათ, საქართველოს თასის მერვედფინალის წილისყრისას "დილას" რომ მეტოქედ კვლავ იმერული კლუბი შეხვედროდა, აი, ეს კი, მართლაც მეტისმეტი იქნებოდა!

უკვე გეცოდინებათ, რომ გიორგი დევდარიანის გუნდს დროის მოკლე პერიოდში ზედიზედ მოუწია ზესტაფონსა და ქუთაისში სტუმრობა (თანაც, შედეგს სახარბიელოს ვერ დავარქმევთ - ერთადერთი ქულა) და აი, ახლაც, კვლავაც ქუთაისში ეთამაშება "ჩიხურას".

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები წინა სეზონში თასის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი "ჩიხურამ" მოიგო (საჩხერელები მერე სულაც ფინალში გავიდნენ);

ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე კი "საჩემპიონო რბოლაში" ჩართულმა "დილამ" ასევე ორივე შეხვედრაში აჯობა საჩხერელთა გუნდს.

აი, ახლა კი მართლაც ძნელად პროგნოზირებადია, თუ როგორი შედეგით დამთავრდება ეს მატჩი.

* სოსო ფრუიძე: არა მგონია, "დილამ" კონტრშეტევაზე ითამაშოს
* გიორგი დევდარიანი: ძველი სისტემით თამაში შეცდომა იყო


Sportall.Geზუგდიდი-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: მირცხულავა (ზუგდიდი)

ჩემპიონატს ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდიღა შემორჩა და მოდი, ვაღიაროთ: გადახალისებულ-გაახალგაზრდავებული "ტორპედოსგან" ასეთ წარმატებულ სტარტს, ალბათ, ბევრი არც ელოდა.

თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება: ჟერარდ სარაგოსას გუნდი განმუხურს ფავორიტის რანგში ესტუმრება და, აქედან გამომდინარე, კომფორტული სატურნირო მდგომარეობის შენარჩუნებასაც შეეცდება (თანაც, "ტორპედომ" ამ სეზონში სტუმრად 2 მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო).

აი, "ზუგდიდის" კალენდარს კი მხოლოდ და მხოლოდ "კოშმარული" თუ ეთქმის: დებიუტანტი მწვრთნელის, კობა წიტაიშვილის გუნდმა "დინამოსთან" უკვე ითამაშა, დღეს - "ტორპედოა", მერე - "მეტალურგი", "ზესტაფონი" და "დილა"!

თანაც, სეზონის დაწყებიდან ყველაზე მეტი გოლი სწორედ "ზუგდიდს" აქვს გაშვებული...

Sportall.Geსპარტაკი-ზესტაფონი
დისკვალიფიკაცია: არავინ

ერთი ტურის წინ დღევანდელი მეტოქეები ერთნაირ სიტუაციაში იყვნენ: ჩემპიონატში ორად-ორი გუნდი იყო დარჩენილი, მოგება რომ არ ჰქონდათ.

თუმცა, ყველა "ვთანხმდებოდით", რომ "ზესტაფონის" წარუმატებლობა, როცა იქნებოდა უნდა დასრულებულიყო და ამ, ფაქტობრივად, ახალი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხიც აშკარად არ შეესაბამებოდა სატურნირო ცხრილში ადგილმდებარეობას.

ასეც მოხდა: ირაკლი ქობალიას "დუბლით" "ზესტაფონმა" ბოლო წლებში პრინციპულ მეტოქედქცეულ "დილას" დამსახურებულად მოუგო და საქართველოს ორგზის ჩემპიონი დღესაც ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.

და არა მხოლოდ დღეს - რატკო დოსტანიჩის გუნდს პირველი წრის ბოლომდე ხომ ერთობ ხელსაყრელი კალენდარი აქვს.

Sportall.Geმერანი-სიონი
დისკვალიფიკაცია: აფციაური (სიონი)

მესამე სეზონია "მერანი" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და, ისე როგორც წინა ორ გათამაშებაში, მალხაზ ჟვანიას გუნდი ახლაც წარმატებით ატარებს საშინაო მატჩებს.

თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ "მერანი" ამ სეზონში მეტოქეებს სამტრედიაში მასპინძლობს; მაგრამ, ვითომც არაფერიო: სამი მატჩი და სამი მოგება! სხვათა შორის, მსგავსი შედეგი მხოლოდ და მხოლოდ თბილისის "დინამოს" აქვს...

"სიონს" კი, ცოტა არ იყოს, არასტაბილურობა დასჩემდა: გიორგი კიკნაძის გუნდში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია და, ბევრის აზრით, ბოლნისელებს რეალური პრეტენზიები უნდა გააჩნდეთ ზედა ექვსეულში მოსახვედრად.

აქვე, ერთი საინტერესო დეტალიც: წინა სეზონში "სიონი" რომ ბოლო ტურში გადაურჩა პირველ ლიგაში დაქვეითებას, ვფიქრობთ, ბევრს ემახსოვრება. ჰოდა, სწორედ მარტვილში გამარჯვებით შეინარჩუნეს ბოლნისელებმა უმაღლეს ლიგაში ადგილი...

Sportall.Geგურია-მეტალურგი
დისკვალიფიკაცია: მახვილაძე (მეტალურგი)

"მერანის" მსგავსად, "გურიაც" ვერ ატარებს საშინაო მატჩებს მშობლიურ სტადიონზე, მაგრამ უმაღლეს ლიგაში თერთმეტწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული გუნდის შედეგზე ეს ფაქტი ნეგატიურად არ აისახა; შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთელებმა ორი მატჩი ჩაატარეს ქობულეთში და ორივე მოიგეს (ჯერ - "მერანთან"; შემდეგ კი - "დინამოსთან).

წესით, "გურიას" ფეხბურთელებს წინა საშინაო მატჩზე არანაკლები მოტივაცია უნდა ჰქონდეთ: გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი სპეციალისტი რომან პოკორა, სავარაუდოდ, ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს ახალი შეგირდების ასპარეზობას, ლანჩხუთელებს კი კვლავაც დავით მახარაძე დამოძღვრავს.

ისე, მართლაც ძნელი სათქმელია, თუ რატომ გახდა საჭირო "გურიაში" ახალი მთავარი მწვრთნელის "მოძებნა" - მახარაძემ ხომ მოსალოდნელზე მეტს მიაღწია, ფაქტობრივად, მოუმზადებელი გუნდით?!

მომდევნო ტური
29 სექტემბერი, კვირა
სიონი-ჩიხურა
დინამო-მერანი
მეტალურგი-ზუგდიდი
ზესტაფონი-გურია
დილა-სპარტაკი

30 სექტემბერი, ორშაბათი
ტორპედო-ვიტ ჯორჯია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული