ჩიხურა-გურია 5:1 - საჩხერელებმა "დინამო" სწრაფად დაივიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ ტურში თბილისის "დინამოსგან" ნაწვნევი მწარე მარცხი (1:6) საჩხერელებმა სწრაფადვე დაივიწყეს და ჩემპიონატის "აღმოჩენად" აღიარებულ "გურიას" დიდი ანგარიშით სძლიეს.

არადა, თამაშის სცენარი მოვლენების ასეთ განვითარებას ნაკლებად მოასწავებდა...

მატჩი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და პირველივე შეტევისას ისიანი ხელსაყრელი პოზიციიდან ცდილობდა კარის დალაშქვრას, თუმცა ლომაშვილმა დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა.

ნომინალურმა მასპინძლებმა გურულთა მწვავე იერიშს რეხვიაშვილის თავურით უპასუხეს, თუმცა ბურთი ხარიხას გადასცდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. ჯერ ლანჩხუთელმა შალამბერიძემ შეამოწმა სომხიშვილის მზადყოფნა (საჩხერელთა კიპერი აუღელვებლად დახვდა ბურთს), საპასუხოდ კი დათუნაიშვილმა დეკანოიძე დატოვა
მეკარესთან პირისპირ, თუმცა ამ უკანასკნელმა მახვილი კუთხიდან ბობღიაშვილს ვერ აჯობა.

Sportall.Geსაჩხერელებს მალე კიდევ ერთხელ მიეცათ ანგარიშის გახსნის 100-პროცენტიანი შანსი, მაგრამ ტატანაშვილმა დეკანოიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა - ბობღიაშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია.

გაცუდებული პენალტის გამო მასპინძლებს ყურები არ ჩამოუყრიათ, პირიქით - შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და მალე დაწინაურდნენ კიდეც: მარჯვენა ფლანგიდან ოდიკაძის ჩაწოდებული ბურთი მეკარემ თავის საჯარიმოშივე უკუაგდო, ხოლო იქვე ლომაშვილი გაჩნდა და გურულებს შანსი არ დაუტოვა - 1:0.

გოლის შემდეგ თამაში გათანაბრდა. მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ათიოდე წუთში სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიეცათ - კუკულაძის ჩაწოდებულზე ისიანს მართებდა გატანა, მაგრამ ლანჩხუთელთა ფორვარდს დარტყმა არ გამოუვიდა და მეკარე იოლად დაეუფლა ბურთს.

უმალვე, საპასუხო შეტევისას, შანსი ხელიდან არ გაუშვა დეკანოიძემ, რომელმაც გაბედავასგან კარგი გადაცემა მიიღო და ოდნავ მახვილი კუთხიდან გაიტანა. სტუმრები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ბრძოლას განაგრძობდნენ.

ტაიმის მიწურულმა მათი აქტიურობით ჩაიარა. გამოსარჩევია ჩიკვილაძის საჯარიმო დარტყმა მახვილი კუთხიდან, რომელიც სომხიშვილმა გაჭირვებით მოიგერია. ბოლოს კი არბიტრმა უხეში თამაშისთვის დათუნაიშვილს მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა და შესვენებაზე გასვლის წინ საჩხერელები 10 კაცით დარჩნენ.

ლანჩხუთელთა უკრაინელმა დამრიგებელმა რომან პოკორამ მდგომარეობის გამოსწორება ორმაგი ცვლილებით სცადა და შენგელია ტორონჯაძით შეცვალა. მეორე ტაიმი გურულების უპირატესობით დაიწყო და სწორედ ტორონჯაძეს მიეცა გოლის გატანის შანსი - მახვილი კუთხიდან მეკარეს თავზე უგდებდა ბურთს, მაგრამ ხარიხას გადააცილა.

გურულები ბევრს მოძრაობდნენ და საკმაოდ მწვავედაც უტევდნენ. ერთ-ერთი იერიშისას საჯარიმოში შეჭრილი ჩუენსუ რეხვიაშვილთან შეჯახებისას წაიქცა. სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა... არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა და ჩუენსუს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი აუფრიალა.

სტუმრების აქტიურობამ შედეგი მალევე გამოიღო, ჩიკვილაძემ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ანგარიში შეამცირა.

"გურია" გასათანაბრებლად დაირაზმა, "ჩიხურამ" კი კონტრშეტევებზე ააწყო თამაში და ერთ-ერთი კონტრიერიშისას დეკანოიძემ საკმაოდ უხერხული პოზიციიდან ზუსტად დაარტყა - 3:1.

ამ გოლმა, ფაქტობრივად, გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. სტუმრებმა შეცდომებს მოუხშირეს, რითიც გაბედავამ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა მეოთხედ დალაშქრა ბობღიაშვილის კარი.

მალე სოსო ფრუიძის შეგირდებმა კიდევ ერთი შედეგიანი კონტრშეტევა განახორციელეს - კაშიამ ჯიღაურს გაუკეთა კარგი გადაცემა და ამ უკანასკნელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული