დილა-მერანი 3:0 - მიდი, მოდე, გაგვახარე! [VIDEO]

AutoSharing Option
"დილაში" მისვლის დღიდან ირაკლი მოდებაძემ მყარად დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და არა მხოლოდ გორული გუნდის, საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელიც გახდა. მას დიდი შანსი აქვს, ქვეყნის ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდეს - ამ მომენტისთვის 11 ტურში 9 გოლი აქვს გატანილი.

მოდებაძემ "მერანთანაც" შესანიშნავად ითამაშა - ორი ბურთი თავად გაიტანა (ერთი პენალტით), ბოლქვაძემ კი სწორედ მის მიერ მოპოვებული 11-მეტრიანით იხეირა.

ისე, ამ პენალტის შესრულებაც თავად შეეძლო და ეგებ, ჰეთ-თრიქისთვისაც გამოეკრა ხელი...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მართალია, "მერანი" მთლად უნიათოდაც არ გამოიყურებოდა, მაგრამ ეს უფრო "დილას" მიერ
ერთხანს შეგნებულად დათმობილი ტერიტორიული უპირატესობის შედეგი იყო. რამაზ სოღოლაშვილის გუნდმა თავიდანვე აგრძნობინა ქომაგს, რომ არაერთ გოლს იხილავდა.

Sportall.Geპირველი გოლი ალადაშვილის ჩაწოდებას მოჰყვა, რომელსაც ყველაზე უკეთ და დროულად მოდებაძე გამოეხმაურა და თავურით გაახვია ბურთი ბადეში - 1:0.

ცოტა ხანში მანვე, ისევ თავურით, ლამის ანგარიში გაზარდა. საერთოდ, ეს ფეხბურთელი, მართალია, მარტვილელებს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჰყავდათ, მაგრამ მაინც ხშირად ახერხებდა პასისთვის გახსნას.

ამ მატჩითაც გამოჩნდა, რომ მოდებაძეს ზურგს უკან ერთი კარგი მეპასე ნამდვილად მოუხდებოდა...

21-ე წუთზე ის კვლავ დაუსხლტა მცველებს და ახლო მანძილიდან ძლიერად, ოღონდ ოდნავ არაზუსტად დაარტყა, თუმცა ტრიბუნებს ტაში მაინც მოსწყვიტა. ...მიდი, "მოდე" (მოდებაძის მეტსახელი), მიდი გაგვახარე! - გაიგონებდით თამაშის დროს ასეთ შეძახილს...

მეორე გოლი მოდებაძის წაქცევისთვის დანიშნულ 11-მეტრიანს მოჰყვა. მოსალოდნელი იყო, რომ ბომბარდირობისთვის მებრძოლი ფეხბურთელი თავადვე შეასრულებდა პენალტს, მაგრამ... თუმცა "დილასთვის" მთავარი იყო, რომ გოლი გავიდა - ბოლქვაძის დარტყმა და 2:0.

"მერანს", როგორც პირველ, ისე მეორე ტაიმში, ძალიან უჭირდა მასპინძელთა დაცვის ხაზის გარღვევა. ისინი შედეგის მიღწევას შორეული ან საშუალო დისტანციებიდან დარტყმებით ცდილობდნენ, მაგრამ ეს დარტყმები სიზუსტით ვერ დაიკვეხნიდა.

არბიტრმა მარტვილელებს საჯარიმოს მოსადგომებიდანაც ბევრჯერ მისცა "სტანდარტულების" შესრულების საშუალება, მაგრამ ვერც ასეთ დროს ნახეს სტუმრებმა ხეირი.

აქვე ერთი ნიუანსიც უნდა გამოვყოთ - ორი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი გორელი თამაშობდა და ისიც - "მერანში": გივი ქარქუზაშვილი.

შესვენების მერე "დილამ" მეტოქეს ბურთიანად მოქმედებისთვის უფრო მეტი სივრცე მისცა, თავად კი მოწინააღმდეგის შემოტევების საპასუხოდ სწრაფი კონტრშეტევებით მტკივნეულ "ჩხვლეტებს" ახორციელებდა.

მასპინძელთა იერიშებისას უნდა გამოვარჩიოთ მარჯვენა ფლანგის (ღონღაძე-ალადაშვილი) ნაყოფიერი გარჯა. აქედან წამოწყებული შეტევები, რომლებიც ალადაშვილის ჩაწოდებებით მთავრდებოდა, ერთობ მწვავე იყო.

შეხვედრის მიწურულს აქტიურობით დოლიძემაც ანერვიულა "მერანის" უკანა ხაზი და გოლკიპერი, ოღონდ გატანა ვერ მოახერხა.

სტუმრებმა ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 88-ე წუთზე შექმნეს, როცა ბურთი ხარიხას მოხვდა. იქვე, საპასუხო შეტევისას, ქვილითაიამ გაფლანგა მეტად სახეირო მომენტი, მაგრამ "მერანი" დიდი ანგარიშით მარცხს მაინც ვერ გადაურჩა.

დამატებულ მე-5 წუთზე მარტვილელებმა ღონღაძეს წესების დარღვევით აართვეს ბურთი და არბიტრმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. 11-მეტრიანი უნაკლოდ შეასრულა მოდებაძემ და "დილას" დიდი ანგარიშით მოაგებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული