10 ნოემბერს, ეროვნული ჩემპიონატის XII ტურის მთავარი მატჩია - "ზესტაფონი" თბილისის "დინამოს" ისტუმრებს.
ზესტაფონელთა შორის ისეთი ფეხბურთელიცაა, თავის დროზე "დინამოში" რომ თამაშობდა - 31 წლის ილია კანდელაკი. მას 2000-05 წლებში ემოსა "დინამოს" მაისურა. შემდეგ იყო უკრაინაში, გერმანიაში, ავსტრიასა და აზერბაიჯანში, საქართველოში კი საამსეზონოდ დაბრუნდა.
კანდელაკს მეტწილად "დინამოსთან" მატჩზე ვესაუბრეთ...
- როგორ ემზადებით "დინამოსთან" შესახვედრად?
- ხარისხიანი და სწორი თამაში - ეს უნდა დავუპირისპიროთ მოწინააღმდეგეს.
- "ზესტაფონში" დაბრუნებული გია გეგუჩაძე რაზე აკეთებს აქცენტს?
- მას
- მაშინ, როცა გეგუჩაძე "დინამოს" თავკაცი იყო, თქვენ ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობდით. ბოლო დროს კი მარცხენაფლანგელი იყავით. ახლა რა ამპლუაში მოგიწევთ ყოფნა?
- არ ვიცი, რას გადაწყვეტს მწვრთნელი. ალბათ, ისევ მარცხნივ ვითამაშებ, როგორც ეს იყო "შტურმსა" და ბაქოს "ინტერში".
- მიმდინარე სეზონში "ზესტაფონი" არასტაბილურად თამაშობს. "დინამო"კი პირველ ადგილზეა და ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება. არ ფიქრობთ, რომ თქვენ და "დინამო" სხვადასხვა პირობებში ხართ 10 ნოემბრის მატჩისთვის?
- მე მაინც მგონია, რომ თანაბარ პირობებში ვართ. ისიცაა, რომ მეტოქეს ზესტაფონში ვეთამაშებით. "დინამო" მაინც "დინამოა" და ყოველთვის ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთან თამაშის წინ უპირატესობა აქვს.
- როგორ ფიქრობთ, რატკო დოსტანიჩის ხელში "ზესტაფონს" რატომ არ წაუვიდა საქმე კარგად?
- სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი. ზოგი შეხვედრა კარგად ჩავატარეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. უიღბლობას ტრავმებიც დაემატა, თამაშის ხარისხი არცთუ ცუდი იყო. ამ ტრავმების გამო ახლაც დანაკლისით ვხვდებით "დინამოსთან" მატჩს.
- რამდენიმე დღეა, რაც "ზესტაფონი" ისევ გეგუჩაძემ ჩაიბარა. ახალი მწვრთნელი უკვე საკუთარ თარგზე ცდილობს მონახაზის მოჭრას? "დინამოში" ივო შუშაკის მერე გეგუჩაძე რომ მივიდა, მალე მოახერხა გუნდის სხვა სტილზე გადაწყობა...
- მაშინ გადაწყობა არ გაგვჭირვებია და სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა, წარმატებას რომ მივაღწიეთ - უეფას თასის ჯგუფში გავედით...
- იმ "დინამოდან" წასვლის შემდეგ როგორ შეაფასებდით საკუთარ კარიერას?
- ოდესის "ჩერნომორეცში" ყოფნის დროს უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავედით და ევროსარბიელზეც ვითამაშეთ. "კარლ ცაისში" გუნდის საქმე ვერ აეწყო, სამი მწვრთნელი გამოვიცვალეთ. "შტურმში" ავსტრიის თასი მოვიგეთ და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზეც ვითამაშეთ, აზერბაიჯანში კი რაღაც დაგვაკლდა, რომ მეტი წარმატებისთვის მიგვეღწია.
- საქართველოში დაბრუნებულს რა შთაბეჭდილება გრჩება ეროვნულ ჩემპიონატზე?
- ვერ ვიტყვი, რომ დონემ ძალიან დაიწია, ისე კი, მაშინ უფრო ძნელი იყო საქართველოს ჩემპიონატში თამაში. ახლა უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელია საქართველოს ჩემპიონატში და ეს უკვე საინტერესოა.
- ალბათ, 10 ნოემბრის "ზესტაფონი"-"დინამოც" საინტერესო იქნება...
- მართლაც საინტერესო თამაში გველის. იმედია, ზესტაფონელი გულშემატკივარი სტადიონზე მოვა და მხარს დაგვიჭერს, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად. ბევრი გულშემატკივარი ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი სტიმულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XII ტურის წინ: ორი ინტრიგა ლიხს იქით და ლიხს აქეთ