...მასპინძლები, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით (თუ არ ჩავთვლით დისკვალიფიცირებულ გიორგი გავაშელიშვილს) გამოვიდნენ მოედანზე; აი, სტუმართა ესპანელ თავკაც ჟერარდ სარაგოსას რამდენიმე გადაადგილების მოხდენა მოუწია თავისი გუნდის ძირითადში: სხვადასხვა მიზეზის გამო "ტორპედოს" აკლდნენ გიორგი კუხიანიძე და ნიკა საბანაძე, ხოლო მერაბ გიგაური და დავით მთივლიშვილი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდნენ.
მატჩი თავიდანვე
სამაგიეროდ, "მეტალურგი" უფრო მრავალფეროვნად ცდილობდა სათამაშო უპირატესობის მოპოვებას და მეხუთე წუთზე პირველი სახიფათო მომენტიც ვიხილეთ: ამ სეზონში მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი გოგა ფიფია მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური დარტყმით ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიამ არანაკლებ შესაშური რეაქციით ბურთი მოიგერია.
შვიდიოდე წუთში ფიფიამ, დაახლოებით იმავე პოზიციიდან, "რბილად" და ტექნიკურად შეასრულა დარტყმა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა. მერე იყო ფიფიას წამოწყებული სწრაფი კომბინაცია, მარცხენა ფლანგზე რევაზ გეწაძემ რომ გააგრძელა, მაგრამ ამ უკანასკნელის უაღრესად სახიფათო გამჭოლ გადაცემას პარტნიორთაგან ვერავინ მიუსწრო.
ამასობაში "ტორპედოც" უფრო საზრიანად ათამაშდა და კაპანაძე-ახვლედიანი-კაპანაძის საინტერესო კომბინაცია არაზუსტი თავური დარტყმით დამთავრდა. ისე, "ტორპედოს" ფეხბურთელებს მონდომება არც ისე დაეწუნებოდათ, მაგრამ "დამატებითი მოტივატორი" თავის ახალგაზრდა მოთამაშეებს რაც შეიძლება სწრაფი თამაშისაკენ ენერგიულად და ემოციურად მოუწოდებდა!
ხვდებით, ალბათ, "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს, ჟერარდ სარაგოსას რომ ვგულისხმობთ - ესპანელი სპეციალისტი არბიტრის ლამის ყველა გადაწყვეტილებასაც ერთობ ემოციურად "აღნიშნავდა" და ამისათვის შენიშვნაც დაიმსახურა.
თუმცა შემდეგ უკვე მასპინძელთა სამწვრთნელო შტაბი თუ საქართველოში, ალბათ, ყველაზე ლოიალური, რუსთაველი ქომაგები ვერ მალავდნენ აღშფოთებას მსაჯთა ბრიგადის ზოგიერთი გადაწყვეტილების გამო.
აი, თუნდაც ის ეპიზოდი გავიხსენოთ, როცა "მეტალურგის" საჯარიმოს ხაზთან არბიტრმა "თავისუფალი დარტყმა" დანიშნა: ნიკა ახვლედიანის მიერ შესრულებულ ამ სტანდარტულს კუთხური მოჰყვა, თუმცა ხიფათი ამით არ დამთავრებულა და გიორგი ხიდეშელის თავური დარტყმის მერე თორნიკე კაპანაძემ ბურთს მიმართულება ოდნავ შეუცვალა, მაგრამ ჩინებულ ფორმაში მყოფმა გრიგოლ ბედიაშვილმა ამ ეპიზოდშიც იყოჩაღა.
მეორე ტაიმი პირველზე უფრო სანახაობრივი გამოდგა, თანაც, დასაწყისი ისეთი იყო, მასპინძლები უკეთესს რომ ვერ ინატრებდნენ!
განახლდა თუ არა თამაში, გიორგი ბერიაშვილმა ("მეტალურგში" დაბრუნების შემდეგ, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი რომ ჩაატარა) ბოლომდე იბრძოლა, მეტოქეს ბურთი აართვა და მარცხენა ფლანგზე გარღვევაზე რევაზ გეწაძე გაიყვანა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში ბურთიანად სწრაფად შეიჭრა და ახლო კუთხეში ძლიერი და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა!
"მეტალურგის" მეორე კომბინაციაც სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, შედეგიანი აღმოჩნდა: შეტევა ფიფიამ წამოიწყო, გეწაძემ კვლავაც მარცხენა ფლანგზე გააგრძელა და მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულ მაღალ ბურთს კი გიორგი ბერიაშვილმა მოხდენილი "თავური" მოაყოლა!
გულახდილად რომ ვთქვათ, ნაკლებად გვჯეროდა, რომ სტუმრები ამ ორბურთიან ჩამორჩენას აღმოფხვრიდნენ, თუმცა "ტორპედოში" მომხდარმა ცვლილებებმა და ტაქტიკურმა გადაადგილებებმა თამაშის სცენარი შეცვალა.
ერთობ გააქტიურდა მარჯვენა ფლანგზე ნიკა ახვლედიანი (ამ 18 წლის ბიჭის "ტექნიკური არსენალი" მართლაც გაოცებას იწვევს), ვერცხლისწყალივით მოძრავი თორნიკე კაპანაძეც ბევრს მანევრირებდა, თუმცა სტუმართა გუნდის "ყოჩად" გიორგი ხიდეშელი მოგვევლინა, რომელიც 2:0-ს შემდეგ, ფაქტობრივად, შემტევ ნახევარმცველად მოგვევლინა. სწორედ ხიდეშელის აქტიურობასა და მარცხენა ფლანგიდან მის ზუსტ გადაცემას მოჰყვა თითქმის 100-პროცენტიანი მომენტი, როცა შეცვლაზე შემოსულმა მამია გავაშელიშვილი ახლო მანძილიდან თავით გზავნიდა ბურთს მასპინძელთა კარისკენ, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილმა თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
თუმცა "მეტალურგის" გამოცდილი მეკარე უძლური იყო მომდევნო ეპიზოდში: გავაშელიშვილმა მოხდენილი ფინტით მეურვე ჩამოიცილა და არანაკლებ ეფექტური დარტყმით თავის გუნდს თამაშის გადარჩენის შანსიც დაუტოვა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ტორპედოს" გოლი საკამათო "სტანდარტულის" მერე გავიდა; ყოველ შემთხვევაში, მასპინძლები თავიანთ სასარგებლოდ რომ ითხოვდნენ ჯარიმას, არბიტრმა... საპირისპირო მხარეს დანიშნა და ამას სტუმართა გოლიც მოჰყვა.
მატჩის ბოლო წუთი იყო, დაუღალავმა ხიდეშელმა კვლავაც იაქტიურა მარცხენა ფლანგზე და ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც მაღალ ნახტომში ყველას თორნიკე კაპანაძემ დაასწრო, მაგრამ დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი გამოდგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"