ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონთან" შეხვედრებში 22 წლის ცენტრალურმა მცველმა გუნდს პირადად მოუტანა 6 ქულა - გადამწყვეტი გოლები გაიტანა და თანაც, ორივე - მსაჯის მიერ დამატებულ დროში...
გველესიანი საკმაოდ გულახდილი რესპონდენტი აღმოჩნდა - ილაპარაკა წარსულზე, ტკივილებზე, იმაზეც, თუ რატომ ფიქრობდა ფეხბურთიდან წასვლას...
მოკლედ, ინტერვიუმ, წესით, უნდა დაგაინტერესოთ...
- მოგვიყევით თქვენს კარიერაზე. სად და ვისთან ვარჯიშობდით, როგორ აღმოჩნდით "დინამოში"?
- ბავშვობისას 35-ე სკოლაში, სოსო სირაძესა და კახი გოგიჩაიშვილთან ვვარჯიშობდი. 15 წლისა
რამდენიმე მწვრთნელთან მიმუშავია - ბაგრატ ჩადუნელთან, თამაზ სამხარაძესთან, დავით კევლიშვილთან, გიორგი დევდარიანთან...
- "დინამოში" დებიუტი 2010 წელს, ტალინის "ფლორასთან" გქონდათ, თუმცა, ვიდრე 21 წლის არ გახდით, თბილისის "დინამოს" ძირითადში იშვიათად ხვდებოდით...
- ამ პერიოდში გუნდიდან წასვლაზე ბევრჯერ მიფიქრია. ზუსტად გახსოვთ - ესტონელებთან ევროპალიგის იმ მატჩამდე საქართველოს ჩემპიონატშიც არ მქონდა ნათამაშები. მაშინ "დინამოს" მწვრთნელი კახა კაჭარავა იყო. 18 წლისა პერსპექტიულ ფეხბურთელად ვითვლებოდი, მაგრამ გუნდში ბევრი მწვრთნელი შეიცვალა და მუდმივად საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება მიხდებოდა.
მერე ისევ დუბლებში დამაბრუნეს, იჯარით ცხინვალის "სპარტაკშიც" გამიშვეს... თუმცა ყურები არ ჩამომიყრია.
დევდარიანმა დამაბრუნა "დინამოში" და ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობასაც შემაჩვია. წასვლაზე დუშან უჰრინის მოსვლის დროსაც დავფიქრდი, მეგონა, არ დავჭირდებოდი და ბუბა ტყავაძესთან მივედი, იჯარით გაშვება ვთხოვე. მირჩია, არ იჩქაროო, იქნებ მოეწონოო. დავუჯერე.
საბედნიეროდ, უჰრინი მენდო და ახლა ვცდილობ, ეს შანსი გამოვიყენო.
- თბილისის "დინამოში" დასამკვიდრებლად მხოლოდ კლასი არ არის საკმარისი. თქვენსავით დუბლებში დიდხანს ყოფნას ბევრი ვერ შეგუებია და კლუბი დაუტოვებია. მოთმინების უნარიც გქონიათ...
- ეტყობა, მართლა ასეა, რადგან ბევრი სირთულე გადავიტანე. რამდენი შემთხვევა იყო, როცა შეიძლებოდა, ფსიქოლოგიურად გავმტყდარიყავი.
- ასაკობრივ ნაკრებებშიც არ გითამაშიათ...
- ...და არც შეკრებებზე ვყოფილვარ. საერთოდ, "საფეხბურთო პატრონი" არ მყავდა და უსამართლობას ბევრჯერ წავაწყდი. "დინამოს" დუბლების კაპიტანი ვიყავი, მაგრამ ლამის ყველას რომ იწვევდნენ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, მე განზე ვრჩებოდი.
პატარა ბიჭისთვის ამ ყველაფრის გადატანა ძალიან ძნელი იყო. ვერაფრით ვხვდებოდი, მოთამაშეებს რა ნიშნით აფასებდნენ. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ჩემზე წინ ბევრი ისეთი ფეხბურთელი დააყენეს, რომელთაც აშკარად ვჯობდი და არავინ იცის, ახლა სად თამაშობენ.
22 წლის ვარ და ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აღარ მაქვს. რა თქმა უნდა, თეორიული შანსი არის, რომ მომავალში ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიონ. ბავშვობის ოცნება - ჩამეცვა რომელიმე ასაკობრივი ნაკრების ფორმა - აუხდენელი დამრჩა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია.
თუმცა ფარ-ხმალი არ დამიყრია და ვცდილობდი, გულიანად მევარჯიშა, რომ თავის დაჩაგვრის უფლება არავისთვის მიმეცა. ისე, არ დავმალავ, იყო პერიოდი, როცა არჩევანის წინაშეც დავდექი - ფეხბურთი ან სწავლა.
- როდინდელ პერიოდს გულისხმობთ?
- არც ისე შორეულ წარსულს. სკოლა ძალიან კარგად დავამთავრე და თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე მაღალი ქულებით ჩავაბარე. ვფიქრობდი, ფეხბურთიდან თუ არაფერი გამოვა, სწავლას გავყვები-მეთქი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ბოლომდე მებრძოლა და იმ მწვრთნელებისთვის, რომლებმაც ამა თუ იმ ნაკრებში დამიწუნეს, დამემტკიცებინა, რომ თამაში შემეძლო.
ახლა "დინამოში" ყოფნა ორმაგად მახარებს და იცით, რატომ? ჯერ ერთი, რომ ყველაზე ძლიერი და ტიტულოვანი ქართული კლუბია, ხოლო მეორე და მთავარი ის არის, რომ აქ ფეხბურთელებს არა "პატრონის", არამედ შესაძლებლობის მიხედვით აფასებენ და არ ჩაგრავენ.
ახლა ჩემზეა დამოკიდებული, დავიმკვიდრებ თუ არა "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილს.
- ბოლო დროს, ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში "დინამოს" გამარჯვება თქვენმა გოლებმა მოუტანა. ადრე შეტევებში ასე ხშირად არ ერთვებოდით...
- შეტევებში ჩართვა რომ ვისწავლე, ეს გიორგი დევდარიანის დამსახურებაა. როცა ის "დინამოში" მუშაობდა, დუბლებიდან ლამის ყველა ფეხბურთელი გაუშვა, მე კი დამტოვა. ნდობა ვიგრძენი და მის ხელში სხვაგვარად ავთამაშდი. როგორც იტყვიან, მწვრთნელმა "გამხსნა", უფრო თავდაჯერებული გავხდი.
- მაგრამ ეს ორი გოლი ძირითადში დასამკვიდრებლად საკმარისი მაინც არ იქნება...
- ეს გოლები გუნდისთვისაც მნიშვნელოვანი იყო და პირადად ჩემთვისაც. ძირითადში მოსახვედრად ეს რომ საკმარისი არ იქნება, ესეც მშვენივრად მესმის. ფეხბურთში ყოველდღე უნდა დაამტკიცო, რომ კონკურენტებთან გამკლავება შეგიძლია. მე კი გამოცდილი კონკურენტები მყავს - კვარაცხელია, შაშიაშვილი, უსტარიცი... მათგან ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.
სულაც არ მეთაკილება იმის თქმა, რომ ისინი მეგობრული რჩევებით ხშირად მეხმარებიან.
საერთოდაც, თბილისის "დინამოში" მოსახვედრად მხოლოდ კარგი თამაში არ არის საკმარისი, აქ ყველა სხვა ქართულ კლუბზე უფრო მაღალი კონკურენციაა, ფსიქოლოგიურადაც ძლიერი უნდა იყო და მოთმინებაც გჭირდება. ეს ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ "დინამოში" ადგილის დასამკვიდრებლად მაქსიმუმს გავაკეთებ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ზესტაფონი-დინამო 1:2 - ბოლო წუთის ფაქტორი [VIDEO]
დინამო-ტორპედო 2:1 - ემოციური და დაუვიწყარი "ქართული კლასიკო" [VIDEO]
გაუხსენით ნიჭიერებს გზა და ნუ ბლოკავთ და ჩაგრავთ რადგან პატრონი არ ყავთ თქვენი ბო.. დედ... მ...... მაფიოზო ქრთამისტებო.