ამინდივით ცვალებადი მოვლენების შემდეგ "გურიას" ისევ ამინდი "შეეშველა" - ერთი დღით გადადებული ტური საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კლუბის მესვეურებს გაფიცული მობურთალები თამაშზე დაეთანხმებინა.
ასე რომ, "დინამოს" 5 დეკემბერს "გურიას" უვარჯიშებელი, მაგრამ მაინც ძირითადი შემადგენლობა დაუპირისპირდება.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კლუბში ფინანსური პრობლემა მოგვარ
"ფიფა და უეფა ჩვენ პირდაპირ გვავალდებულებს, რომ დავიცვათ ფეხბურთელთა უფლებები. ჩვენ არ გვინდა, რომ ლანჩხუთის "გურიასთან" მიმართებაში სიტყვა "თუ" არსებობდეს, რადგან ეს გუნდი ჩემპიონატის ლიდერებს შორისაა და ასპარეზობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. სწორედ ამიტომ მივეცით კლუბს პრობლემების მოსაგვარებლად ათდღიანი ვადა", - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
ამ განცხადებას ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი გამოეხმაურა.
"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ფეხბურთის ფედერაციამ ათდღიანი ვადა მისცა ვალის გასასტუმრებლად.
ჯერ ერთი, არ მეგონა, რომ ფედერაცია სასამართლოს ფუნქციას ასრულებდა, მეორეც - ეს ორგანიზაცია, მიუხედავად ჩვენი მრავალგზის თხოვნისა, არ დაგვიდგა გვერდში იმ ძალიან მძიმე საფინანსო ვალდებულების დაძლევაში, რასაც პროფესიული კლუბის შენახვა ჰქვია.
ძალა და ენერგია არ დაგვიშურებია, რკინის ქალამნებით შემოვიარეთ დუნია, რომ ვინმე დაგვხმარებოდა. არაფერი გამოვიდა, არც შეპირებული ინვესტორი გამოჩნდა და არც საარჩევნო დაპირება შეასრულა ვინმემ.
ახლა დეკემბერია. დავალიანების სრულად გასასტუმრებლად ფეხბურთელებს, რომელთაც უდიდეს პატივს ვცემ კაცობისა და პროფესიონალიზმისთვის, ვთხოვეთ ვადა 15 იანვრამდე, რადგან წლის ბოლო თვეს ამხელა თანხის მობილიზება ბიუჯეტში სრულიად შეუძლებელია.
არ მესმის ერთი რამ - თუ ფედერაციამ გადაწყვიტა, 10 დღეში 145 ათასი ლარის ჩვენი ბიუჯეტიდან გასტუმრება დაგვავალოს, ამას როგორ შეძლებს თანხის არარსებობის პირობებში?
თუ სადმე ჯადოსნური ჯოხი ეგულებათ, გვითხრან და აქ ვართ! რაც შეეხება გუნდის ხელმძღვანელობას, სწორედ ეს ჯგუფია, ინვესტორის ჩამოსვლისა და "გურიას" შენახვის ზღაპრებს რომ გვიყვება აგერ, უკვე 5 თვეა", - აცხადებს მუნიციპალიტეტის პირველი პირი.
მისივე თქმით, მას ფეხბურთელებისთვის ერთი ტყუილიც არ უთქვამს და მაინც ბოდიშს უხდის სხვების მაგიერ, თუ ისინი ვინმემ მოატყუა.
"როცა ძალიან გაუჭირდათ და გამოუვალი მდგომარეობა დადგა, მერე მომადგნენ და შველა მთხოვეს, თან საცოდავი ბიუჯეტის ხარჯზე", - ამბობს გიგინეიშვილი.
ამ დღეებში საკრებულოს თავმჯდომარე პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, მანამდე კი ამხელს, რომ გრიგოლეთის ბაზაზე გამოცხადდება აუქციონი "გურიას" შენახვის პირობით. ის უკმაყოფილოა სპონსორის გაჯანჯლებული თემით:
"კაცი მოვიდა და ამბობს, არაფერი მჭირდება, გუნდს მე მივხედავო. გადის თვეები, მერე მოდის და ამბობს, ახლა მომეხმარეთ და მეტი არ დასჭირდება გუნდს, მივხედავო. ბოლოს ამბობს ხალხის წინაშე - ახლა ეს 85 000 მომეცით და მორჩაო.
ბოლოს "აგვირგვინებს" - გუნდი თქვენია და მიხედეთ, როგორც გინდათო. სწორედ სპონსორის ჩამოსვლის დაპირებამ მოგვაცდინა", - დასძენს საკრებულოს თავკაცი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"