ქობულეთის "შუქურაში" ვალერიან ჩხარტიშვილი ბესიკ შეროზიამ შეცვალა

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურას" იანვრიდან ახალი მთავარი მწვრთნელი - ბესიკ შეროზია გაწვრთნის. საქმეს მისი წინამორბედი ვალერიან ჩხარტიშვილიც კარგად უძღვებოდა: გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, გუნდმა პირველი ლიგის A ზონაში საშემოდგომო ეტაპი 29 ქულითა და მეორე ადგილით დაასრულა.

ახლა ქობულეთელები ლიდერ ფოთის "კოლხეთს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

ჩხარტიშვილის ჩანაცვლების მიზეზი მისი ჯანმრთელობის გაუარესება გახდა - ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. "შუქურას" პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ კი კეთილშობილური ნაბიჯი გადადგა - როგორც მან თქვა, გამოცდილი სპეციალისტი კლუბს სხვა როლში დაეხმარება.

ახალმა მწვრთნელმა "შუქურას" ფეხბურთელები უკვე
შეკრიბა და მეორე წრისთვის მზადებას შეუდგა. 52 წლის სპეციალისტს უმაღლესი ლიგის გუნდებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. თავის დროზე, შეროზია თბილისის "სპარტაკს", ზუგდიდის "მგლებსა" და "ბაიას", ასევე, ფოთისა და ხობის "კოლხეთს" ავარჯიშებდა.

2013 წლის შემოდგომიდან შეროზიამ II ლიგის დასავლეთ ზონაში მოასპარეზე ზუგდიდის "ლაზიკა" ჩაიბარა. პირველი წრის შემდეგ ეს გუნდი 31 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტ სენაკის "ეგრისს" 4 ქულით უსწრებს.

შეროზიამ ახალწვეულთა ვინაობა გაგვიმხილა: "შუქურამ" "სამტრედიიდან" დაიმატა შემტევი ნახევარმცველი ლაშა ჩალაძე, ხოლო "გაგრადან" ცენტრალური მცველი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ლაშა კალანდაძე და 19-წლამდელთა ნაკრების ექსშემტევი ნახევარმცველი ნიკა ჭკუასელი.

კლუბში ვარჯიშობს ლეგენდარული სერგო კოტრიკაძის შვილიშვილი ბუთა კოტრიკაძე, რომელიც აქამდე II ლიგის "მარკ სტარში" თამაშობდა.

ქობულეთში ორი ლეგიონერიც მიიწვიეს და ორივე - რუსეთიდან: "ხიმკის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი მარკ გოლიხინია და ოსი თავდამსხმელი რუსტან ხუდიევი. ორივე 1994 წელსაა დაბადებული. ხუდიევი ბოლო პერიოდში კიშინიოვის "დაჩიაში" თამაშობდა.

რაც შეეხება მოსამზადებელი ეტაპის გეგმებს: შეროზიას თქმით, შეკრება ქობულეთში დაიწყო. 19 იანვრიდან გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავა, ხოლო ამის შემდეგ ქობულეთის სასტუმრო "პანორამაში" დაბანაკდებიან და სრულფასოვან შეკრებას დაიწყებენ.

"რევაზ ჩელებაძემ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, პირველი ლიგის კვალობაზე, მშვენიერი სამუშაო პირობები შეგვიქმნეს. ჩვენი მიზანი პირველ ლიგაში პოზიციის გამყარება და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული"
, - გვითხრა შეროზიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად პოულობთ ამ ხალხს?
fani
13:04 13-01-2014
0

სიახლეები პოპულარული