საშუასეზონო უცნაურობა, ნდობა, სტაბილურობა...

AutoSharing Option
ფოტოზე: დავით ოდიკაძემ პირველ ეტაპზე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა

უცნაურზე-უცნაური გამოდგა საქართველოს ჩემპიონატის ზამთრის პაუზა: ჯერ იყო და, ერთი-ორის გამოკლებით, უმაღლესი ლიგის ყველა დანარჩენი გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან თუ სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას ითხოვდა (უფრო ზუსტად, მოითხოვდა); ეგ კი არა, ერთი პირობა, საქმე იქამდეც მივიდა, რომ უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (9-10 გუნდი) ჩემპიონატის მიტოვებითაც იმუქრებოდა!

თუმცა, აგერ, იანვრის მიწურულია და დღესდღეობითაც ყველაფერი... დამშვიდებულ-დაწყნარებულია: ანუ არც ბოიკოტზე გვესმის რამე და, რაც მთავარია, უმაღლესი ლიგის გუნდების ასევე აბსოლუტური უმრავლესობა ჩვეული
რეჟიმით ემზადება სეზონის მეორე ეტაპისათვის. მეტსაც გეტყვით: ერთი-ორი გუნდის გარდა, უმაღლესი ლიგის ყველა დანარჩენი გუნდი ამ დღეებში თურქეთში მიემგზავრება შეკრებისა და სპარინგ-მატჩების ჩასატარებლად!

ერთადერთი მხოლოდ "გურიაა", სადაც არც საწვრთნელი პროცესი დაწყებულა და პირველ ეტაპზე ამ გუნდში არსებული ერთობ არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობაც არ გამოსწორებულა.

თუმცა, გნებავთ - პარადოქსი დაარქვით, გნებავთ - სხვა რამ, ფაქტი კი ჯიუტია: გუნდი, რომლის ფეხბურთელებიც, ფაქტობრივად, მხოლოდ კონკრეტული მატჩის წინ... იკრიბებოდნენ, პირველი ეტაპის შემდეგ V ადგილზეა და ზედა ექვსეულში მოხვედრის რეალურ შანსსაც ინარჩუნებს (მით უფრო, "გურიას" არცთუ კოშმარულ კალენდარს თუ გავითვალისწინებთ)...

...არანაკლებ უცნაური კი არა, მართლაც ყველანაირ "ნორმას" სცილდება ის პროცესი, რაც დღესდღეობით ქართულ "სატრანსფერო ბაზარზე" ხდება! ჰო, გასაგებია, როცა ესა თუ ის გუნდი კონკრეტული პოზიციების გასაძლიერებლად ოთხ-ხუთ ფეხბურთელს შეელევა და მათ ნაცვლად, ამდენივე (ან ოდნავ მეტ) ახალწვეულსაც მოიყვანს; მაგრამ ჩვენთან რა ხდება?!

რა და, მართლაც სატრანსფერო "საგიჟეთი" უნდა ვუწოდოთ უმაღლესი ლიგის გუნდებში მიმდინარე პროცესებს! აბა, სხვანაირად როგორ უნდა შეფასდეს ის პროცესი, როცა ამა თუ იმ გუნდიდან 15 (!) ფეხბურთელი წავა? თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში ზამთრის სატრანსფერო სეზონი ოფიციალურად... ჯერ არ გახსნილა!

ჰო, მართლაც ასეა: ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთან 3 თებერვალს იწყება და 4 მარტს მთავრდება, ანუ ქართულ სატრანსფერო უცნაურობებს კვლავაც უნდა ველოდოთ და ალბათ, დროა, რომ "რაღაც-რაღაცებიც" აღარ გაგვიკვირდეს;

აი, თუნდაც ისეთი ფაქტები, როცა კონკრეტული ფეხბურთელი ერთსა და იმავე ქართულ კლუბში "გადაბმულად"... ერთ ან ორ სეზონს ჩაატარებს!..

შეუცვლელები!..
სეზონის დაწყებიდან არაერთხელ ვწერდით XXV ჩემპიონატის კიდევ ერთ "საფირმო ნიშანზე": უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან მხოლოდ ორგან მოხდა, როცა მთავარმა მწვრთნელმა თავისი პოსტი შეინარჩუნა!

ნდობის ესოდენ მაღალი "მანდატი" კი სოსო ფრუიძესა ("ჩიხურა") და ზურაბ ბერიძეს ("ვიტ ჯორჯია") ჰქონდათ და, სხვათა შორის, ყველაზე სტაბილური შემადგენლობაც სწორედ ამ ორი სპეციალისტის დამოძღვრილ გუნდებს ჰქონდათ.

თავად განსაჯეთ: პირველ ეტაპზე ჩემპიონატის ყველა მატჩი მხოლოდ 15-მა ფეხბურთელმა ჩაატარა და ამათგან 7 სწორედ "ჩიხურასა" და "ვიტ ჯორჯიაში" ასპარეზობდა. თუმცა ეს 15 ფეხბურთელიც ორ კატეგორიად უნდა დავყოთ: ამათგან ხუთმა პირველი ეტაპის 18-ივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, დანარჩენ ათს კი ან თამაშის მსვლელობისას ცვლიდნენ, ან კიდევ თვითონ უწევდათ შეცვლაზე შესვლა.

უპირველესად, რაღა თქმა უნდა, ის მართლაც შეუცვლელი ხუთი ფეხბურთელი უნდა ვახსენოთ და რამდენად პარადოქსულია, რომ ამათგან მხოლოდ ერთადერთი მოთამაშე აგრძელებს კარიერას იმავე კლუბში!

ეს მართლაც "იშვიათი გამონაკლისი" კი "ჩიხურას" გამოცდილი მარჯვენა მცველი, 32 წლის დავით ოდიკაძე გახლავთ, რომელმაც საჩხერელთა გუნდის შემადგენლობაში პირველ ეტაპზე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და კვლავაც იქ აგრძელებს კარიერას!

ასევე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში ლაშა კასრაძემ, თუმცა, როგორც უკვე იცით, ეს 24 წლის ცენტრალური მცველი ამიერიდან აზერბაიჯანის ჩემპიონატში, კერძოდ, ბაქოს "აზალში" ითამაშებს.

...თითქმის სამწლიანი პაუზის მერე ძირითადი მეკარის სტატუსი დაიბრუნა 28 წლის მაქსიმე ქვილითაიამ ("ტორპედო"); თუმცა პირველ ეტაპზე ყველა მატჩის შეუცვლელად ჩამტარებელმა მეკარემ ამ ზამთრის პაუზის დროს გუნდი გამოიცვალა და "ზუგდიდს" მიაშურა.

ქვილითაიამ "ზუგდიდში" კიდევ ერთი გამოცდილი მეკარე, 31 წლის ზურაბ მამალაძე უნდა შეცვალოს, რომელიც, თავის მხრივ, "მერანში" გადავიდა.

არადა, მამალაძესაც დიდი ხანი არ ჰქონდა შეუცვლელი მეკარის სტატუსი, ვიდრე ამ სეზონის დასაწყისში "ზუგდიდს" არ დაუბრუნდა - ამ გუნდის შემადგენლობაში პირველ ეტაპზე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

Sportall.Geდაბოლოს, XXV ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და ტიტულიან ფეხბურთელზეც: 34 წლის გივი კვარაცხელიამ თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში შარშან ზაფხულს, ევროტურნირებზეც ექვსივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და პირველი ეტაპის 18-ივე შეხვედრაც;

თუმცა ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ "დინამოსა" და გივი კვარაცხელიას გზები გაიყო.

სხვათა შორის, წინა ჩემპიონატზე, როცა გივი კვარაცხელია "ლელომ" სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელა, ამ გამოცდილმა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა, დანარჩენი 31 შეხვედრა კი შეუცვლელად ჩაატარა...

ახალგაზრდებიც, ვეტერანებიც...
ახლა კი ის ფეხბურთელებიც ჩამოვთვალოთ, პირველი ეტაპის ყველა მატჩში რომ მიიღეს მონაწილეობა. თუმცა იმ 18-ივე შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი არ გაუტარებიათ. ეს ჩამონათვალი კი, რაღა თქმა უნდა, ჩემპიონატის ყველაზე სტაბილური შემადგენლობის მქონე გუნდების ფეხბურთელებიდან უნდა დავიწყოთ.

აი, ზემოთ დავით ოდიკაძეზე ვთქვით და მის გარდა, "ჩიხურაში" კიდევ ორმა ფეხბურთელმა ჩაატარა პირველ ეტაპზე 18-ივე მატჩი: 29 წლის უნივერსალი შოთა კაშია (ამჟამად მარცხენა მცველის პოზიციაზე რომ ასპარეზობს) მხოლოდ ერთხელ შეცვალეს, დანარჩენ შემთხვევებში კი მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ასევე ყველა მატჩი ჩაატარა "ჩიხურას" ერთ-ერთმა ლიდერმა, 21 წლის ბესიკ დეკანოიძემ - ამ ახალგაზრდა გარემარბმა 17 შეხვედრა ძირითადში დაიწყო, ერთხელ კი შეცვლაზე შევიდა.

ახლა კი ამ სეზონის გუნდი-სიურპრიზის, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებზეც ვთქვათ: ლაშა კასრაძის გარდა, "ვეტერინართა" თავკაცი ზურაბ ბერიძე აბსოლუტურ ნდობას კიდევ სამ ფეხბურთელს უცხადებდა და მათ შორის, უპირველესად, რაღა თქმა უნდა, აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, 24 წლის გიორგი ჯანელიძე უნდა ვახსენოთ.

ჯანელიძე რომ "ვიტ ჯორჯიას" ლიდერი და მართლაც შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ, არახალი ამბავია და მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ეს ტექნიკური გამთამაშებელი მხოლოდ ერთხელ (ისიც - მატჩის მიწურულს) შეცვალეს.

კარიერაში, უდავოდ, საუკეთესო სეზონს ატარებს "ვიტ ჯორჯიას" მარჯვენა გარემარბი, 24 წლის გიორგი კორიფაძე, რომელმაც 18-ივე მატჩი ძირითადში დაიწყო და შვიდჯერ შეცვალეს.

კასრაძე, ჯანელიძე და კორიფაძე "ვიტ ჯორჯიას" "სტაჟიანი" წევრები არიან, რასაც ვერ ვიტყვით 19 წლის ნიკა სიჭინავაზე - "ვეტერინართა" დებიუტანტმა მარცხენა გარემარბმა პირველ ეტაპზე ყველა შეხვედრა ძირითადში დაიწყო (ოღონდ მხოლოდ ორჯერ გაატარა მოედანზე 90 წუთი).

...ახალგაზრდა ფეხბურთელ(ებ)ისგან ყველა მატჩის ჩატარება, ერთი შეხედვით, მოულოდნელი ამბავი არც უნდა იყოს, მაგრამ, როცა 36 წლის (!) მოთამაშე პირველი ეტაპის 18-ივე შეხვედრას ჩაატარებს, ეს ორმაგად და სამმაგად დასაფასებელია! ხვდებით, ალბათ, რომ "სიონის" მართლაც უბერებელ და უნივერსალ ფეხბურთელზე, ალექსანდრე გოგობერიშვილზე ვსაუბრობთ, რომელმაც სეზონი... მარცხენა მცველად დაიწყო და მხოლოდ X ტურის მერე დაუბრუნდა თავის საყვარელ პოზიციას (საყრდენ ნახევარმცველობას).

Sportall.Ge...ზემოთ "გურიას" პრობლემები და, ამის მიუხედავად, წარმატებული ასპარეზობა რომ ვახსენეთ, ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გუნდის ლიდერი, 32 წლის ალექსანდრე კოშკაძე გახლდათ.

კოშკაძემ 18-ივე მატჩი ძირითადში დაიწყო და მხოლოდ ორ შეხვედრაში შეცვალეს, თანაც, ორჯერვე მატჩის ბოლო წუთებზე და ორჯერვე... "მეტალურგთან" დაპირისპირებაში!

პირველი ეტაპის შემდეგ კოშკაძემ "გურია" დატოვა და ამიერიდან "დილას" მოახმარს თავის გამოცდილებას.

თავის მხრივ, "დილამაც" დაკარგა თავისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი - 25 წლის უნივერსალი ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე (ვინც ასევე 18-ივე მატჩი ძირითადში დაიწყო და მხოლოდ ორჯერ შეცვალეს) ხომ თავის კარიერას (ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარესთან, ნუკრი რევიშვილთან ერთად) მალტაზე გააგრძელებს.

დაბოლოს, პირველ ეტაპზე ყველა მატჩის ჩამტარებელ ერთადერთ... ლეგიონერზეც: "დინამოს" 26 წლის ცენტრფორვარდმა პატრიკ ვუომ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, 18-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა! თუმცა კოტდივუარელმა თავდამსხმელმა მოედანზე 90 წუთი მხოლოდ ერთადერთხელ გაატარა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული