მოგეხსენებათ, გუნდის ძირითად შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, წავიდა 15-მდე ფეხბურთელი. მათი უმრავლესობა "დილას" ბირთვს შეადგენდა და, შესაბამისად, ამ ფეხბურთელთა ჩანაცვლება იოლი არ იქნება.
კლუბში არსებული ვითარების თაობაზე გორელთა მთავარ მწვრთნელ რამაზ სოღოლაშვილს მორიგი ტესტ-მატჩის ("დილა"-"დილა 2") შემდეგ ვესაუბრეთ...
- თავდაპირველად, ყველა იმ ფეხბურთელის ვინაობა გვითხარით, რომლებმაც გორის "დილა" დატოვეს...
- გუნდიდან წავიდნენ რევიშვილი, დოლიძე, მოდებაძე, ღონღაძე, გორელიშვილი, ფილიევი, კობახიძე, ქვილითაია, ალადაშვილი, გურული, მაისურაძე, აბურჯანია, დიასამიძე, გაგნიძე...
- ...და ვინ მოვიდნენ
- ბერიაშვილი, რაზმაძე, კორღალიძე და ორბელაძე "მეტალურგიდან", რაჟამაშვილი "ზესტაფონიდან", კოშკაძე, ჯიშკარიანი, შალამბერიძე "გურიიდან"... კიდევ სამი ფეხბურთელი - სირბილაძე, კურმაშვილი და წიქარიძე "დილა 2"-დან დავიმატეთ. გადაწყვეტის პროცესშია ორი ან სამი ფეხბურთელის აყვანის საკითხი. ისინი უმაღლესი ლიგის კლუბებში თამაშობენ.
- რაჟამაშვილი და რაზმაძე გორელები არიან და, ალბათ, ამის გამოც დააბრუნეთ გუნდში...
- ცხადია, მათზე აქცენტი შემთხვევით არ გაგვიკეთებია, ისინი კარგი ფეხბურთელები და თანაც, ჩვენი თანაქალაქელები არიან. საერთოდ, მიმაჩნია, რომ გორელები ყველაზე უკეთ გორში თამაშობენ.
- "დილას" მეორე შემადგენლობასთან ტესტ-მატჩში ბრაზილიელი რიკარდინიოც ვნახეთ. რომელ კლუბში უთამაშია მას და რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
- ის არ არის ცნობილი მოთამაშე, თუმცა ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. მის გარდა, რამდენიმე ქართველი ფეხბურთელიც გავსინჯეთ, მაგრამ მათი უმრავლესობის მომზადების დონემ ვერ დამაკმაყოფილა.
- ყველაზე მეტად რომელ ამპლუაში გჭირდებათ გაძლიერება?
- დღესდღეობით, ჩვენი გუნდი თანაბრადაა დაბალანსებული ყველა ამპლუაში, თუმცა თითოეულ რგოლში გაძლიერება, ბუნებრივია, არ გვაწყენდა.
- მოსამზადებელი შეკრების ამჟამინდელ ეტაპს როდის ამთავრებთ და გეგმავთ თუ არა სპარინგ-მატჩებს?
- გორში შეკრებას 31 იანვარს დავამთავრებთ. აქ რამდენიმე ტესტ-მატჩი ჩავატარეთ "დილა 2"-თან, რაც, პირველ ყოვლისა, ზოგიერთ ახალწვეულზე დასაკვირვებლად გამოგვადგა. 2 თებერვალს 24 ფეხბურთელით ანტალიაში გავემგზავრებით. იქიდან 15 თებერვალს დავბრუნდებით. თურქეთში სამი-ოთხი ამხანაგური მატჩი გვაქვს დაგეგმილი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთი მეტოქე სლოვენიური "მარიბორი" იქნება, სხვები მოგვიანებით გაირკვევა.
ანტალიაში გამგზავრებამდე ვაპირებთ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს შევხვდეთ და სამომავლო გეგმები გავაცნოთ.
- როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ფორმაციის "დილას" ისევ ძალუძს ევროტურნირებისთვის ბრძოლა?
- ორი წელია, კლუბის ბიუჯეტი მცირდება; შესაბამისად, მაღალი დონის ფეხბურთელებს ვერ ვინარჩუნებთ, თუმცა მაინც ხერხდება იმ კონტინგენტის თავმოყრა, რომელსაც ევროსაგზურის მოპოვება და შემდეგ იქ ღირსეულად თამაში შეუძლია. გვინდა, ახლაც იგივე გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი კვლავ შეგვიმცირდა.
ექვსეულში მოხვედრის შანსი, რეალურად, 9 გუნდს აქვს, ხოლო ამ ექვსეულში საპრიზო ადგილებისთვის, დარწმუნებული ვარ, ყველა იბრძოლებს. შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატის დარჩენილი ეტაპი ძალიან საინტერესო და დაძაბული უნდა იყოს. ჩვენც, ალბათ, იმ ადგილს დავიკავებთ, რასაც დავიმსახურებთ.
- ითქვა, რომ ქალაქის გამგეობა კლუბს მაისამდე 600 ათასი ლარით დააფინანსებს...
- ფინანსების თემაზე მე ვერაფერს მოგახსენებთ. ამ მიმართულებით ჩემი მთავარი მიზანია, რომ ანაზღაურება, რასაც ფეხბურთელებს შევპირდით ან მომავალში შევპირდებით, უკლებლივ იყოს გასტუმრებული. ამ დაპირების შესრულებას კი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩემპიონატის დასრულებამდე საფრთხე არ ემუქრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"