მეტალურგი-გაზოვიკი 1:0 - რუსთაველებმა შეკრება რუსების ძლევით დაიწყეს

AutoSharing Option
ზედა ექვსეულში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატი რუსთავის "მეტალურგი" თავისი ახალი მწვრთნელით (ვარლამ კილასონია) და, ფაქტობრივად, განახლებული შემადგენლობით 2 თებერვალს თურქეთში გაემგზავრა და ანტალიის ქალაქ ლარაში სასტუმრო "გრანდ პარკ ლარაში" დაბინავდა.

ორდღიანი სავარჯიშო ციკლის მერე "მეტალურგს" პირველი სპარინგ-მატჩის ჩატარების დრომაც მოუწია: ვარლამ კილასონიას გუნდის მეტოქე რუსეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე ორენბურგის "გაზოვიკი" იყო (პირველი ეტაპის შემდეგ 19-გუნდიან ჩემპიონატში IX ადგილი უკავია).

აღსანიშნავია, რომ "გაზოვიკის" ღირსებას იცავს მახაჭყალის "ანჟის", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი, 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი, რომელიც "მეტალურგთან"
სპარინგ-შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე გამოჩნდა.

არზიანის გარდა, "გაზოვიკში" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც ასპარეზობს, ადრე რუსეთის უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშია: 35 წლის მეკარე ვიტალი ასტახოვი, 34 წლის ფორვარდი ანტონ ხაზოვი და 26 წლის თავდამსხმელი ოლეგ კოჟანოვი.

"გაზოვიკის" წინააღმდეგ "მეტალურგმა" ორი შემადგენლობით იასპარეზა და ვარლამ კილასონიამ თურქულ შეკრებაზე მყოფი 22 ფეხბურთელი ათამაშა.

"მეტალურგი" (I ტაიმი): ბედიაშვილი - სეთურიძე, ვ. კილასონია, მახვილაძე, დ. საჯაია - დობროვოლსკი, ქავთარაძე - ჩირგაძე, მიქაბერიძე, ტორონჯაძე - ჩიმაკაძე. II ტაიმში კი რუსთაველთა გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: სეფიაშვილი - ტვილდიანი, დ. ლომაია, ცნობილაძე, თ. კაკულია - გიგაური, გ. კილასონია - ხაბელაშვილი, კაკაშვილი, ექვთიმიშვილი - ი. გოგინაშვილი.

"მეტალურგი"-"გაზოვიკის" მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეორე ტაიმში, 72-ე წუთზე რუსთაველთა გუნდის ახალწვეულმა, 20 წლის კახა კაკაშვილმა გაიტანა.

მომდევნო საკონტროლო მატჩს "მეტალურგი" 6 თებერვალს ჩაატარებს თურქმენეთის ნაკრებთან; მანამდე კი რუსთაველთა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას მოკლე კომენტარიც გვინდა შემოგთავაზოთ, რომელიც "მეტალურგის" პრესსამსახურის დახმარებით მოვიპოვეთ:

"სპარინგ-მატჩის შედეგითაც და, საერთოდ, გუნდის თამაშის ხარისხითაც კმაყოფილი ვარ; მით უფრო, რომ თამაშამდე, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი დღე გვქონდა მოსამზადებლად. თუმცა, გადაღლილობის მიუხედავად, ამ შეხვედრამ დადებითი უფრო მეტი გამოაჩინა, ვიდრე - უარყოფითი.

რაც მთავარია, კმაყოფილი ვარ ახალწვეულთა მონდომებული თამაშით. ყველა პირობა გვაქვს შექმნილი, რომ ამ შეკრებაზე მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.

რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, ვფიქრობ, თურქმენეთის ნაკრებს ხელწამოსაკრავ მოწინააღმდეგედ არავინ მიიჩნევს, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ თურქმენეთის ნაკრების წინააღმდეგ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ჩვენი ახალწვეული, მერაბ გიგაური ვერ ითამაშებს".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული