ქუთაისის "ტორპედოში" ცსკა-ს ყოფილი ფეხბურთელის დარჩენა ფინანსებზეა დამოკიდებული

AutoSharing Option
ფოტოზე: დავით ხურციძე (მარცხნივ)

მოსკოვის ცსკა-ს ყოფილმა ფეხბურთელმა დავით ხურციძემ ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა - ეს რიონისპირელთა და ლანჩხუთის "გურიას" დაპირისპირებისას მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხურციძემ მოედანზე მხოლოდ ოციოდე წუთი დაჰყო, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, დარჩება თუ არა გუნდში - ყველაფერი კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

საინტერესო ფაქტია: ხურციძე და გორის "დილას" ყოფილი თავდამსხმელი მიხაილ გორელიშვილი 2011 წელს რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების (1993 წელს დაბადებულები) მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა გამოიძახა და 23-25 აპრილს, საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირზე
ათამაშა. მაშინ გორელიშვილი ყაზანის "რუბინის" დუბლებში ირიცხებოდა, ხოლო ხურციძე - ცსკა-ში.

...იმავე მატჩში პირველად მოირგო "ტორპედოს" ფორმა ნახევარმცველმა თორნიკე სტეფნიაშვილმაც. 21 წლის ფეხბურთელი მოლდოვიდან სამშობლოში დეკემბერში დაბრუნდა. სტეფნიაშვილი 2 წლის განმავლობაში კიშინიოვის "ზიმბრუში" თამაშობდა და კონტრაქტი 2014 წლის ბოლოს უმთავრდებოდა.

თუმცა კლუბში ფინანსური პრობლემები შეიქმნა - მოთამაშეებს ხელფასები დააკლეს და სტეფნიაშვილმაც (რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატია) ჩათვალა, რომ ამ კლუბში ვერ გაიზრდებოდა. თანაც, იმ პერიოდში მოლაპარაკებები ჰქონდა პოლონეთის, დანიისა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბებთან. საბოლოოდ, ეს ვარიანტები არარეალური აღმოჩნდა და ქუთაისის "ტორპედოს" მიაშურა.

რევაზ ძოძუაშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მეკარით, ალეკო ადამიათიც დაინტერესდა. სლოვენიაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის (რომელშიც შეუცვლელად ითამაშა) შემდეგ, ადამია დაიჩრდილა - ტრავმის გამო "გაგრაში" დიდი დრო გაუცდა, შარშან ბოლნისის "სიონში" გადავიდა, მაგრამ ძირითადში ვერ ითამაშა და ახლა კარიერის აწყობას "ტორპედოში" იმედოვნებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული