უმაღლესი ლიგის XIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ორი სენსაციური შედეგი, ბოლო წუთების დრამა, კურიოზული გოლი და "ფეირ პლეის" წესების დაცვა, სატურნირო ინტრიგა, უცხოელი და ქართველი დებიუტანტები, ხანგრძლივი პაუზის მერე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებული ფეხბურთელები - აი, ასეთი "მოვლენებდახუნძლული" გამოდგა XIX ტური!

ჰო, მართლაც უცნაური "სცენარი" ჰქონდა 2014 წელს ჩატარებულ პირველ ტურს და ჩვენს სტადიონებზე გულშემატკივართა რაოდენობის გაზრდასთან ერთად, ჩემპიონატის დონეც... სულ ოდნავ რომ ამაღლდეს, აი, მაშინ კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა მსგავსად, ჩვენც ვიტყოდით, ქართულ ფეხბურთში წინსვლა არისო!..

ახლა კი - XIX ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე, მით
უფრო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთი მართლაც ბევრი იყო...

დინამოს ახალი ანტირეკორდი...
...2011-12 წლების სეზონში "დინამომ" ანტირეკორდები რომ შემოგვთავაზა, ალბათ, ბევრს ემახსოვრება: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში გუნდი პირველად ვერ მოხვდა საპრიზო სამეულში; 1994 წლიდან მოყოლებული, ასევე პირველად ვერ იასპარეზა ევროტურნირებზე, უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობაში კი ზედიზედ 8 ფრე ითამაშა!

ამას გარდა, "დინამომ" იმ სეზონში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: მანამდე ხომ ჩემპიონატში ზედიზედ სამი შეხვედრა არასდროს ჰქონდა წაგებული...

და აი, ახალი ანტირეკორდიც: XXV ჩემპიონატს ვატარებთ და პირველად სწორედ ამ სეზონში მოხდა, როცა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი ზედიზედ ორ საშინაო შეხვედრაში დამარცხდა!..

...და დიდსულოვნება!
"დინამო"-"სიონის" შეხვედრაში მართლაც უცნაური ფაქტი მოხდა: ბოლნისელმა ფეხბურთელებმა ბურთი აუტში შეგნებულად გადააგდეს, რადგან ერთ-ერთი დინამოელი დაშავებული გახლდათ. მასპინძელთა ახალწვეულმაც, იენს იანსემაც აუტიდან ბურთი იქვე მყოფ თანაგუნდელ ჩისკოს დაუგდო, რომელსაც მეტოქეთაგან არავინ ავიწროებდა - როგორც ფეხბურთის "დაუწერელ კანონში" წერია, ასეთ დროს მოედანსა თუ ტრიბუნებზე მყოფი მხოლოდ და მხოლოდ იმას ელოდება, რომ ბურთი კვლავაც მეტოქეს დაუბრუნო.

ჰოდა, წინა სეზონის ნომერ პირველმა ფეხბურთელმა და ბომბარდირმა ჩისკომ ეს ბურთი თავისი მოხდენილი "ცაციათი"... მეტოქის დაუცველი კარის "ცხრიანში" ზუსტად გაგზავნა!

ძნელია ამტკიცო, ესპანელმა ლეგიონერმა ეს ყველაფერი შეგნებულად გააკეთა თუ უნებლიეთ გამოუვიდა უზუსტესი დარტყმა, თუმცა, ერთობ არასასიამოვნო ამბავი რომ მოხდა, ამას არავინ უარყოფს; მაგრამ ეს კიდევ არაფერი: ბევრად უფრო კომიკური სიტუაცია ამის შემდეგ შეიქმნა!

ჰო, ცალკე "სიონის" ფეხბურთელები "ურჩევდნენ საქმეს" "დინამოს" ესპანელ ლეგიონერს, ცალკე დინამოელები ფიქრობდნენ საპასუხო და მართლაც ვაჟკაცური ჟესტის გაკეთებას, ცალკე კი... მსაჯთა ბრიგადას ეტყობოდა, ცოტა არ იყოს, დაბნეულობა და თამაშიც, სულ მცირე, 2-3 წუთით შეჩერებული იყო.

მართლაც კურიოზი მოხდა, მაგრამ გამოცდილმა არბიტრმა ლაშა სილაგავამ ბურთი რომ ჩათვალა, ამაში აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა კურიოზი და "უცნაურობა" მოედნის ცენტრიდან თამაშის განახლებას მოჰყვა: "დინამომ" მართლაც დიდი სულგრძელობა გამოიჩინა და გიორგი კახელიშვილმაც ცენტრიდან გორებ-გორებით წამოღებული ბურთი ისე შეაგორა ცარიელ კარში, გზად არავინ "გადაჰყრია"!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
აი, ასეთი რამეებიც ხდება ფეხბურთში, თუმცა საპირისპირო შემთხვევებიც ვიცით, აი, თუნდაც აზერბაიჯანის თასის ფინალში რამდენიმე წლის წინათ მომხდარი თითქმის ანალოგიური ამბავი; ოღონდ მაშინ ისე მოხდა, რომ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, ჩისკოს მსგავსად, ბურთი მეტოქეს კი არ დაუბრუნა, გოლი გაიტანა და ყველა რომ ელოდა, ამას უკვე მოწინააღმდეგის "საპასუხო" გოლი მოჰყოლოდა, ნურას უკაცრავად!

ანუ, ვითომც არაფერი მომხდარაო, ეს გოლიც "შერჩათ" და თასიც!

საბედნიეროდ, "დინამოს" სამწვრთნელო შტაბსა თუ ფეხბურთელებს მსგავსი რამ გულში არ გაუვლიათ და თანაგუნდელის ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებულ შეცდომას დიდსულოვანი ჟესტით უპასუხეს.

ბოლნისიდან ევროპისკენ გაიხედეს...
რვაწლიანი პაუზის შემდეგ "სიონს" ევროტურნირების საგზურის მოპოვების რეალური შანსი გაუჩნდა! აი, რა შედეგი მოიტანა სწორმა და მიზანმიმართულმა მუშაობამ: უმაღლესი ლიგის ყველაზე ასაკოვან გუნდს უკვე ოთხი თვეა ოფიციალური მატჩი არ წაუგია და ეს ათმატჩიანი დაუმარცხებელი სერიაც ყველამ კანონზომიერებად უნდა მიიღოს.

ისე, როგორც "სიონის" გამარჯვება იყო ამ ტურში კანონზომიერი: ახალგაზრდა სპეციალისტის, ლადო ბურდულის მიერ არჩეული ტაქტიკაც აბსოლუტურად მართებული გამოდგა და ამ დებიუტანტი მწვრთნელის მიერ უშუალოდ თამაშის დროს მომხდარი გადაადგილებებიც; ანუ ფაქტია, რომ "დინამოსთან" მატჩში ბურდულის მიერ განხორციელებული სამივე შეცვლა ეფექტური გამოდგა: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გამარჯვების მომტანი გოლი ხომ შეცვლაზე შესულმა 21 წლის ფორვარდმა ჯაბა უგულავამ გაიტანა!

..."სიონი" უმაღლეს ლიგაში 1995-96 წლების სეზონში გამოჩნდა და იქიდან მოყოლებული, მხოლოდ მეხუთედ შეძლო "დინამოს" დამარცხება; ანუ ლადო ბურდული ბოლნისური კლუბის ისტორიაში შევიდა და იმ მწვრთნელებს შეუერთდა, რომელთა ხელმძღვანელობითაც "სიონს" სხვადასხვა დროს "დინამო" დაუმარცხებიათ. ეს კი მოახერხეს: თემურ მახარაძემ (ორჯერ), კახა ცხადაძემ და გიორგი ყიფიანმა; თუმცა 2014 წლის 26 თებერვლის გამარჯვებას მაინც სხვა "ფასი" ჰქონდა: "სიონმა" ხომ პირველად შეძლო "დინამო-არენაზე"მოგება!..

საბანაძე ჰეთ-თრიქით დაბრუნდა
განახლებული სეზონის მთავარ ინტრიგად "ზესტაფონის" გაძლიერებას მივიჩნევდით და ასეც მოხდა: გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე იმერულმა კლუბმა, გამოტოვებული მატჩის ("სპარტაკთან") მსგავსად, ამჯერადაც 3:0 მოიგო და სამეულში დამკვიდრებაზე კი არა, საჩემპიონო ამბიციაზეც გააკეთა "მინიშნება".

ანდა რატომაც არ უნდა ჰქონდეს ასეთი ამბიცია. მსგავსი დაბალანსებული შემადგენლობით (პლუს მწვრთნელ-ფეხბურთელთა კვალიფიკაცია) ხომ ბევრი ვერ დაიკვეხნის; თანაც, "ზესტაფონის" მეტოქეებს სერიოზულზე-სერიოზული თავსატეხიც გაუჩნდათ: ერთ მატჩში რომ დიმიტრი ტატანაშვილისა თუ რევაზ გეწაძისგან უნდა მოელოდნენ საფრთხეს, მეორეში - გრიგოლ დოლიძისა თუ ნიკა საბანაძისგან და ასე შემდეგ.

ნიკა საბანაძე შემთხვევით არ გვიხსენებია: 22 წლის ფორვარდი მართლაც გამორჩეულია თანაამპლუელთა შორის და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონშივე მიიპყრო ყურადღება თავისი არაორდინარული თამაშის მანერით.

ეგ კი არა, იმასაც ველოდით, რომ ამ ნიჭიერ თავდამსხმელს სანაკრებო პრეტენზიაც ექნებოდა, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო ასე არ მოხდა; პირველ ეტაპზე კი, როცა "ტორპედოს" ჟერარდ სარაგოსა წვრთნიდა, ბოლო მატჩებში ძირითადშიც ვეღარ ვხედავდით და ესპანელი სპეციალისტი ამის მიზეზად ფეხბურთელის ხასიათს ასახელებდა.

და აი, ბევრი ტორპედოელის მსგავსად, საბანაძემ ამ ზამთრის სატრანსფერო პაუზის დროს გუნდი გამოიცვალა და გია გეგუჩაძეს დაუბრუნდა; ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა: კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა!

არადა, პირველ ეტაპზე საბანაძეს სულ 3 გოლი ჰქონდა გატანილი და აქედან - ორი... "ზესტაფონის" კარში...

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ეს ჰეთ-თრიქის მხოლოდ მესამე შემთხვევაა: ერთ მატჩში სამი გოლი მანამდე დორინ გოგასა და ჩისკოს (ორივე - "დინამო") ჰქონდათ გატანილი.

სადებიუტო მატჩები, გოლები...
გასულ ტურში სამ ლეგიონერს ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი: 31 წლის ლატვიელ იგორს სავჩენკოვს ("ტორპედო"), 19 წლის ნიგერიელ ბენჯამინ ტეიდს ("გურია"), 23 წლის ჩერნოგორიელ ჯორჯე კრკელიჩს ("ზუგდიდი") და ნიგერიელ ჩუკურან უკუბილეს ("მერანი").

ამათ გარდა, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩები ჩაატარეს: 21 წლის გიორგი კალანდიამ, 20 წლის ვალიკო გახარიამ (ორივე - "ვიტ ჯორჯია"), 17 წლის ზურაბ გელაშვილმა, 19 წლის გოგი გოგიჩაიშვილმა, 22 წლის თორნიკე ჩადუნელმა (ყველა - "ტორპედო"), 18 წლის ლევან შენგელიამ ("დილა") და 19 წლის ბაკურ ნიკოლაძემ ("ზუგდიდი").

...დებიუტანტების თემას განვავრცობთ და ის ფეხბურთელებიც უნდა ვახსენოთ, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები რომ გაიტანეს: 21 წლის ლაშა პარუნაშვილი ("სპარტაკი") და 21 წლის ვარლამ კილასონია ("მეტალურგი").

აი, რაც შეეხებათ მათზე ბევრად გამოცდილ ფეხბურთელებს, 29 წლის გიგა კვერენჩხილაძემ ("გურია") და 28 წლის მამუკა ღონღაძემ ("ტორპედო") უმაღლეს ლიგაში რამდენიმეწლიანი პაუზის მერე დაბრუნება გოლებით აღნიშნეს.

თუმცა ყველაზე "ხმაურიანი" დაბრუნება სხვას უნდა ჰქონოდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში თითქმის რვაწლიანი პაუზის მერე გამოჩენილი ოთარ მარცვალაძის დებიუტი "დინამოში" წაგებულ მატჩს დაემთხვა. თანაც, "ნამდვილ" მარცვალაძეს, ალბათ, მალე ვნახავთ - როგორც კი ოპტიმალურ ფორმაში შევა, აი, მეტოქეთა მცველ-მეკარეებს თავსატეხი მერე ექნებათ...

უმაღლესი ლიგის XIX ტური:
დინამო-სიონი 1:2 - საოცრებანი "დინამო არენაზე" [VIDEO]
სპარტაკი-ჩიხურა 2:3 - მოჩქარეს მოუგვიანდა [VIDEO]
ზესტაფონი-ზუგდიდი 3:0 - ნიკა საბანაძის ბენეფისი [VIDEO]
დილა-გურია 1:3 - ამდენს არ ვგეგმავდითო... [VIDEO]
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 2:0 - რუსთავში, რუსთაველების გოლებით... [VIDEO]
ტორპედო-მერანი 1:1 - ფრე არავის სასარგებლოდ [VIDEO]

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც არ უნდა ვწეროთ ამათ ფეხებზე კიდიათ დინამოს გარდა ყველა გუნდი. აკეთებენ იმას რაც მიაჩნიათ დინამოს მიმართ სწორად. მაგ: თუ ტორპედოდან გადავა დინამოში ფეხბურთელი რომელზეც ერთი სიტყვა არ ექნებათ ნათქვამი კარგი მანამდე, დინამოში მისვლის მერე უცებ ნაკრების კანდიდატია, აქებენ და ადიდებენ. მარა დინამოს 9 მარტს მივხედავთ მარტო ხალხი მოვუგებთ ფეხბურთელებმა რო ვერაფერი ქნან
0
რა ვიცი ჩიკვილაძის გამიზნულად დარტყმულ გოლზე "სპარტაკის"კარში კაციშვილს ხმა არ ამოუღია,უსამართლობაა,ნეტა ვინ აწვდის უცხოურ საიტებს ინფორნაციებს?ქუთაისელებო გამოეხმაურეთ!!!
batonchik
12:24 28-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული