ზუგდიდი-დინამო (თბ) 1:2 - იუბილე გამარჯვებით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ზუგდიდისა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრებს დაძაბულობა და ინტერესი არასოდეს აკლდა და გამონაკლისი არც ეს მატჩი გამოდგა.

მეტოქეებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმართა კართან შეიქმნა: მე-4 წუთზე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ლომია შეიჭრა და თანაგუნდელი სახიფათო პოზიციაზე მოძებნა, მაგრამ დინამოელთა მცველებმა ვითარება განმუხტეს.

მერე ლომიამ კიდევ ერთი შეტევა წამოიწყო. მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ტყემალაძემ თავი დაუხვედრა, მაგრამ მიზანს მცირე მანძილით ააცილა.

სტუმრებმა კი პირველი მწვავე მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს: კარის აღება ზედიზედ ორჯერ ახლო მანძილი
დან სცადეს ჭანტურიამ და საბანაძემ - პირველს მცველი გადაეფარა, ხოლო "დინამოს" თავდამსხმელის ძლიერ დარტყმულზე მეკარე თევდორაძემ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და "ზუგდიდი" გოლისგან იხსნა.

რამდენიმე წუთში დასარტყმელ პოზიციაზე ოთარ კაკაბაძე გაიყვანეს, მაგრამ თევდორაძემ კვლავ საიმედოდ ითამაშა.

შესვენების შემდეგ "ზუგდიდში" ისევ და ისევ ლომია აქტიურობდა, რომლის ძლიერ დარტყმულზე ამჯერად მიგინეიშვილს ჰქონდა საოცარი რეაქცია - "დინამო" გადარჩა.

მაგრამ სტუმართა უპირატესობა მალე გამოიკვეთა და 70-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა: მარჯვენა ფლანგიდან კაკაბაძის მიერ ჩაწოდებული ბურთი კარში ჩირგაძემ გადაგზავნა. თევდორაძემ თითქოს გადაარჩინა გუნდი, მაგრამ დამატებაზე პაპუნაშვილმა იყოჩაღა, რასაც მეკარე ვეღარ გაუმკლავდა - 0:1.

88-ე წუთზე დინამოელებმა უპირატესობა მეორე გოლშიც ასახეს. ზუსტი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა ჩისკო, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა - 0:2.

ბოლო წუთზე მასპინძელთა შეტევა ეხვაიამ მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. "დინამომ" საიუბილეო, მე-800 მატჩი გამარჯვებით (2:1) აღნიშნა და ლიდერობაც განიმტკიცა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
22.11. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 1 000 მაყურებელი
ზუგდიდი-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (70), 0:2 ჩისკო (87), 1:2 ეხვაია (90)
ზუგდიდი (4-2-3-1): თევდორაძე - რიგვავა, მირცხულავა (41. ლომაია), ღონღაძე, აკობია - ტყემალაძე, კობერიძე - შ. ლომია, ფარჯიკია (69. კუკავა), წურწუმია (74. გულორდავა) - ეხვაია.
სათადარიგოები: დევაძე, ქურდაძე, გვაზავა, ქირია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
დინამო (3-5-2): მიგინეიშვილი - პაპავა (69. ჩისკო) ჭანტურია, გველესიანი - კაკაბაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი (75. ლობჟანიძე), შერგელაშვილი - ჩირგაძე, საბანაძე (90. საჯაია).
სათადარიგოები: დაუშვილი, თოთაძე, მჭედლიშვილი, ჯანელიძე
მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: პაპუნაშვილი (28), ღონღაძე (55), ტყემალაძე (57), რიგვავა (89), საჯაია (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო მატჩები:
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
25 ნოემბერი, სამშაბათი

სიონი-ვიტ ჯორჯია (0:1)
სამტრედია-დინამო (ბთ) (1:4)

26 ნოემბერი, ოთხშაბათი
კოლხეთი (ფ)-დილა (0:0)
დინამო (თბ)-შუქურა (1:1)
საპოვნელა-სპარტაკი (0:3)
ტორპედო-მერანი (3:0)
მეტალურგი-ზუგდიდი (2:0)
ზესტაფონი-ჩიხურა (0:0)

უმაღლესი ლიგა. XIV ტური
30 ნოემბერი, კვირა
მეტალურგი-სპარტაკი
დილა-მერანი
სამტრედია-ჩიხურა
დინამო (თბ)-გურია
ზესტაფონი-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
კოლხეთი (ფ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-ზუგდიდი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ლაშა კახიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგიტ რა, ეს რა ფეხბურტი აHვენა დინამომ სირცხვილია, მიხედეტ ფეხბურტს.
givi
23:09 24-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული