10:30 01-12-2014
დილა-მერანი 1:0 - ალალი ოვაცია [VIDEO]
AutoSharing Option
საფინალო სასტვენის შემდეგ მადლიერმა ქომაგმა "დილა" ოვაციებით გააცილა. უჩა სოსიაშვილის გუნდს ტაში ალალად ეკუთვნის. ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთობ საინტერესო მწვრთნელის კარიერის წარმატებულ დასაწყისს ვადევნებთ თვალს...
"მერანი" ორგანიზებული და მებრძოლი გუნდია, თუმცა "დილასთან" მატჩის პირველი ნახევარში მარტვილელები საკმაოდ უილაჯოდ გამოიყურებოდნენ. აშკარად ჩანდა, რომ სტუმართა სუსტი თამაში მასპინძლების კარგი გარჯის შედეგი იყო.
"დილა" ორი თავდამსხმელით (მოდებაძე, ახალკაცი) ეკვეთა მოწინააღმდეგეს. მათ უკან განლაგებული იყო სამი ნახევარმცველი და პლუს - საყრდენი გუგა ფალავანდიშვილი, რომელმაც, უკვე მერამდენე თამაშია, დისკვალიფიცირებული ლუკა რაზმაძის არყოფნა დაავიწყა გორელებს.
დაცვის ხაზის საიმედოობაზე კი ციფრები მეტყველებს - "დილას" ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული. "მერანი" ოთხი მცველით, ფლანგებზე ფართოდ გაშლილი ხუთკაციანი ნახევარდაცვითა და ეული ფორვარდით თამაშობდა.
მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და გორელები სწრაფადვე დაწინაურდნენ - რომან ახალკაცმა სულ 13 წუთი დაჰყო მოედანზე (ტრავმა მიიღო), მაგრამ გადამწყვეტი გოლის გატანა სწორედ მან მოახერხა. მე-7 წუთზე მან მარჯვენა ფლანგზე მოიგდო ბურთი, საჯარიმოში შეიჭრა და ზურაბ მამალაძეს შორეულ კუთხეში გაუტანა - 1:0.
მალე "მერანი" გიორგი სეთურიძის დარტყმის შემდეგ გადაურჩა (მამალაძე მაინც შესწვდა ბურთს) აშკარა გოლს. ასეთმა დასაწყისმა "დილა" თამაშის იშტაზე მოიყვანა, მარტვილელები კი დაიბნენ. მასპინძლები უნარიანად ასრულებდნენ პრესინგს და კოლექტიური ართმევის გზითაც არ აძლევდნენ მეტოქეს ბურთის ფლობის საშუალებას.
პირველ ტაიმში "დილას კიდევ ერთხელ, სეთურიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტითაც შეეძლო ეხეირა. ნიკა კვეკვესკირის დარტყმულზე მამალაძემ კუთხე ვერ გამოიცნო, თუმცა... ბურთი ძელს მოხვდა.
შესვენების შემდეგ სტუმართა დამრიგებელმა თავდამსხმელი გამოცვალა. მასპინძლებმა კი ისევ პრესინგით გააგრძელეს თამაში, მაგრამ ასეთ რეჟიმში ორი ტაიმის გაძლება წარმოუდგენელია. შესაბამისად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ გორელებმა ნელ-ნელა დათმეს მოედანზე დომინანტის როლი. "მერანი" კი თანდათან გაუშინაურდა ჯერ მოწინააღმდეგის ნახევარს, ხოლო შემდეგ საჯარიმოს მისადგომებსაც.
70-ე წუთზე "დილას" უკანახაზელებს პენალტის ნიშნულთან მყოფი ბესიკ ჩიმაკაძის მისამართით გაკეთებული ფლანგური გადაცემა გამოეპარათ, მაგრამ ამ უკანასკნელმა მიზანს ააცილა.
ახლა უკვე კონტრშეტევებზე მოთამაშე "დილა" ცდილობდა, მწვავე "ჩხვლეტებით" შეეწუხებინა სტუმრები. აქტიურობდნენ გიორგი ერისთავი და ახალგაზრდა ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, რომელსაც მწვრთნელმა ამჯერადაც ანდო ადგილი ძირითად შემადგენლობაში და, ალბათ, არც უნანია...
ერთ ეპიზოდში, ხურცილავას ჩაწოდების შემდეგ, მოდებაძე თავით სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ამაოდ. მატჩის მიწურულს კი, დაახლოებით ათწუთიან მონაკვეთში, "დილა" მთელი ყურადღებით საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადაერთო.
მარტვილელებმა სცადეს ქულის გადარჩენა და ცალკეულ ეპიზოდებში შეაშფოთეს კიდეც მეტოქე, მაგრამ გორულმა გუნდმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა და ლიდერ თბილისის "დინამოს" ახლა ორი ქულითღა ჩამორჩება.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
30.11. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 1 500 მაყურებელი
დილა-მერანი 1:0
გოლი: 1:0 ახალკაცი (7)
დილა (4-4-2): სომხიშვილი - ხურცილავა, ქარქუზაშვილი, ადამაძე, ჯაფარიძე - ფალავანდიშვილი - სეთურიძე, ჭეჭელაშვილი, კვეკვესკირი (75. სადაღაშვილი) - ახალკაცი (15. ერისთავი/90. არაბული), მოდებაძე.
სათადარიგოები: ზარქუა, ბაჩიაშვილი, ბერიძე, ბუზალაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
მერანი (4-1-4-1): მამალაძე - მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე - ფონიავა - შულაია, ჩიმაკაძე, წურწუმია (64. გეგეჭკორი), ჯღამაია - ციცხვაია (57. წყაროზია).
სათადარიგოები: ტურავა, წულაია, გეგია, ფაილოძე, რუხაია
მწვრთნელი: შალვა ღონღაძე
გაფრთხილება: ჩიმაკაძე (22), ორბელაძე (30), სეთურიძე (57), ხურცილავა (58), ლომაშვილი (82)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი
ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
მომდევნო ტური
5 დეკემბერი, შაბათი
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-შუქურა
სპარტაკი-კოლხეთი (ფ)
6 დეკემბერი, კვირა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
ტორპედო-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-დილა
გურია-სიონი
საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, პარასკევი
დინამო (თბ)-ჩიხურა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
წელს დილა ჩემპიონია : სამტრედია მოიცდის
0
0
მაგარი საზიზღრობაა
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული