კახა კაჭარავას გუნდი თურქეთში ოთხ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს: 3 თებერვალს "ცხინვალი" პოლონურ "კორონას" დაუპირისპირდება, 5 თებერვალს - მაკედონიის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, "რაპოტნიჩკის", 7 თებერვალს კი - რუმინულ "ვოლუნტარის".
აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია "ცხინვალის" პირველი სპარინგ-პარტნიორის ვინაობა: ადრევე იყო ცნობილი, რომ 1-ელ თებერვალს კახა კაჭარავას გუნდს პოლონეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, "შლიონსკთან" უნდა ეთამაშა, მაგრამ ვროცლავური კლუბი ჩამოვა თუ არა სიდეში, ამ ეტაპისათვის უცნობია.
"ცხინვალი" თურქეთში
მეკარეები: გიორგი ნადირაძე, სოსლან ნანიევი, სანდრო ბენდიანიშვილი;
მცველები: ლევან ჭაფოძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, დავით მაისაშვილი, გივი იოსელიანი, დავით იმედაშვილი, გიორგი ცერცვაძე, ნიკა ჯიშკარიანი, ბექა მუმლაძე, ანდრო გიორგაძე;
ნახევარმცველები: უჩა ბურძენაძე, ბიძინა მახარობლიძე, ლაშა შინდაგორიძე, გიორგი ივანიშვილი, ირაკლი ლექვთაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ბაქარ ქარდავა, რატი ცაცკრიალაშვილი, ნიკოლოზ ახვლედიანი, ბუბა რუხაძე, მიხეილ ჯიშკარიანი;
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული, დავით გელაშვილი.
ამ სიაში უამრავი ახალწვეულია: 17 წლის სანდრო ბენდიანიშვილი თბილისის "ლოკომოტივში" გამოდიოდა, 30 წლის გამოცდილი უნივერსალი დავით იმედაშვილი პირველ წრეში "სიონში" თამაშობდა, 24 წლის ნიკა ჯიშკარიანი - "გურიაში", 20 წლის გარემარბი თეიმურაზ მარკოზაშვილი - "ტორპედოში", 21 წლის რატი ცაცკრიალაშვილი და 20 წლის ბაქარ ქარდავა - "გაგრაში", 20 წლის ბაჩანა არაბული - "დილაში", 21 წლის დავით გელაშვილი - "მეტალურგში".
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ცხინვალთან" ერთად მიემგზავრება შეკრებაზე გუნდის კაპიტანი ლევან ჭაფოძე - 26 წლის მარჯვენა მცველმა VII ტურის მატჩში (სტუმრად, "გურიასთან") მძიმე ტრავმა მიიღო და თითქმის სამი თვის განმავლობაში რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა.
კვლავაც "ცხინვალში" გააგრძელებს კარიერას პირველ წრეში გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გივი იოსელიანი - 24 წლის მარცხენა მცველი უნგრეთიდან დაბრუნდა კახა კაჭარავას გუნდში.
საინტერესო სიახლეა "ცხინვალში" კიდევ ერთი ახალწვეულის გამოჩენა: ზუგდიდის "ბაიასა" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილ ფეხბურთელს, 19 წლის ნახევარმცველ ნიკა ახვლედიანს წელიწადზე მეტი გაუცდა, არადა, ამ უდავოდ ნიჭიერ ფეხბურთელს (საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა) თამაშის ისეთი "არასტანდარტული" სტილი აქვს, მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"