გორის "დილა" თურქულ შეკრებას აგრძელებს. უჩა სოსიაშვილის გუნდს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი უჭირავს და, ცხადია, სოლიდური შევსების ფონზე გორელები მხოლოდ პირველობისთვის იბრძოლებენ.
"დილას" შეკრებაზე შეუერთდა ახალწვეული ირაკლი ძარია, რომელსაც თურქეთში გამგზავრება ოჯახური მიზეზების გამო გადაედო. მოგეხსენებათ, ის ბოლოს თბილისის "დინამოში" თამაშობდა. სეზონის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ ძარიამ გუნდი დატოვა და პერმის "ამკარში" სცადა დამკვიდრება, თუმცა ტრავმა გაუმიზეზდა და სამშობლოში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ "დინამოს" გარდა, ძარიას მშობლიურ ფოთის "კოლხეთსა" და "ზესტაფონში" უთამაშია.
უკვე გვეწერა, რომ გერმანულ "აუერბახთან" გამართულ საკონტროლო შეხვედრაში (1:1) მონაწილეობა მიიღეს "დილას" პოტენციურმა ახალწვეულებმა - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალან ბაგაევმა, ვისაც ცენტრალურ მცველად და შუა ხაზში შეუძლია თამაში და ასევე, სერბმა მარცხენა მცველმა სლავკო მარიჩმა.
ალან ბაგაევი 1991 წლის 7 აპრილს დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა პერმის "ამკარის" ასაკობრივ გუნდებში დაიწყო. შემდეგ მან "ალანიას" დუბლშემადგენლობასა და "ბესლანში" ითამაშა. ამას მოჰყვა "როსტოვის" დუბლებში გადაბარგება. მერე იყო ისევ "ალანიას" სარეზერვო გუნდი, საიდანაც უკვე სვერდლოვსკის ოლქის კლუბ "ურალში" ამოჰყო თავი. ბოლოს ბაგაევი რუსეთის II დივიზიონში (რანგით მესამე ლიგა) დაქვეითებულ "ალანიაში" ირჯებოდა.
ბოსნიელი სერბი სლავკო მარიჩი კი 30 წლისაა. აქამდე მას ბელგრადის "ჰაიდუკის", "ზლასტარის", "მლადოსტის", "ბორაცის", "სლობოდასა" და "რადნიჩკის" ღირსება დაუცავს. ბოლოს ის ბერძნულ "ლამიაში" აგორებდა ბურთს.
ვნახოთ, რა ვერდიქტს გამოიტანს ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გორელთა თავკაცი. აქვე ვთქვათ, რომ თურქეთში მყოფი "დილა" მორიგ საკონტროლო შეხვედრას 6 თებერვალს, შვეიცარიული "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"