მოკლედ შეგახსენებთ საქმის ვითარებას. უსახსრობის გამო "სასკო" საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის A ჯგუფში მონაწილეობის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. ასევე მოხდა B ჯგუფში, სადაც "დინამო 2" დაიშალა და გათამაშებას გამოეთიშა.
ქავზარაშვილის თქმით, ამ გუნდების ნაცვლად, ფედერაცია შუა ჩემპიონატში მეორე ლიგის გუნდების დამატებას აპირებდა - თითქოს, "სასკოს" ჩხოროწყუს "სამეგრელოთი" ჩაანაცვლებდა, ხოლო "დინამო 2"-ს გურჯაანის "ალაზნით", ახალი გუნდები კი გამოსვლას ძველების მიერ მოგროვებილი ქულებით გააგრძელებდნენ...
ფეხბურთის ფედერაციაში კი
როგორც ქავზარაშვილმა გვითხრა, "ჩხერიმელას" პროტესტს უერთდებოდნენ პირველი ლიგის სხვა გუნდები - "სამგურალი", "საპოვნელა", "მეშახტე", "ჭიათურა", "ადელი", "მაჭახელა", "მერცხალი", "საბურთალო", ხობის "კოლხეთი" და "სქური". მანვე გვითხრა, რომ აჭარის და კიდევ რამდენიმე კლუბის წარმომადგენელმა თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს (იხილეთ ვრცლად).
ფეხბურთის ფედერაციასთან ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა, არც პლაკატები გვინახავს და არც აქციებისთვის დამახასიათებელი შეძახილები მოგვისმენია - სულ ათიოდე კლუბის წარმომადგენელი, ამდენივე ჟურნალისტი და ოპერატორი. ეს იყო და ეს.
ფედერაციასთან იმყოფებოდა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით სილაგაძე. იყო დრო, ის სფფ-ის აღმასკომში ბოლნისის "სიონს" წარმოადგენდა (შემდეგ მან აღმასკომი პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ კლაუს ტოპმიოლერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ დაეთანხმდა).
აი, რა გვითხრა მან:
"ვიცით, რომ "სამეგრელომ" "სასკო" შეისყიდა და მისი ქულებით პირველ ლიგაში ითამაშებს. მსგავსი გადაწყვეტილება ფედერაციის წესდებას ეწინააღმდეგება. ასეთი რამ როგორ ხდება? ამ კლუბს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი აფინანსებს და კერძო კლუბის წილი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიძინა?
მეორე საკითხია, რომ ეს გუნდი მეორე ლიგაშიც ითამაშებსო, თქვეს და ეს რანაირად იქნება?!".
აქციის მონაწილეები სფფ-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ცდილობდნენ, მაგრამ ამ დროს, იქვე (ვაკის სტადიონის სათადარიგო არენაზე), საქართველოსა და სლოვაკეთის 17-წლამდელთა ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და მას ჩვენი ფეხბურთის მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ. კლუბების წარმომადგენლებს კი ფედერაციის იურიდიული სამსახურის უფროსი კესო ჩხიკვაძე დაელაპარაკა.
"კლუბების ჩანაცვლებაზე ლაპარაკი არც ყოფილა. საქმე ისაა, რომ "სასკოს" დამფუძნებელმა კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან ვეღარ აფინანსებდა. ამის უფლება ხომ ყველას აქვს? თანაც, როცა სურს და ვისზეც სურს, წილს მაშინ გაყიდის. ეს საკითხის ერთი მხარეა და ამაზე პრეტენზია არავის გაუჩნდება.
ახლა მეორე მხარე ავიღოთ: "სასკოს" შესყიდვის სურვილი რამდენიმე კლუბმა გამოთქვა, მაგრამ ბოლოს, ყველაზე რეალური ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წინადადება აღმოჩნდა.
მე მათ გამგებელს ველაპარაკე და ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნებიც გავაცანი: "სასკოს" შესყიდვა მათი საქმეა, მაგრამ კლუბს სახელი არ უნდა შეუცვალონ, მატჩები კი ისევ თბილისში უნდა ჩაატარონ, როგორც ეს კალენდრითაა დადგენილი. თანხმობა თქვა და დღეს (ესე იგი, 24 თებერვალს) სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეხვდა. გადაწყდა, რომ გამგებელი სფფ-ის ოფიციალური წერილით მოგვმართავს", - ამბობს ჩხიკვაძე.
პირველი ლიგის "სასკოსა" და მეორე ლიგის "სამეგრელოს" თუ ერთი მეპატრონე ეყოლება, ამით ფიფას დებულება ხომ არ ირღვევა? კლუბების კიდევ ერთი კითხვა სწორედ ამ საკითხს ეხებოდა. ჩხიკვაძემ ესეც განმარტა:
"ერთ მეპატრონეს სხვადასხვა ლიგაში ორი კლუბის პატრონობა არ ეკრძალება, ეს მხოლოდ ერთ ლიგაშია დაუშვებელი. მაგრამ "სამეგრელო" პირველ ადგილზე თუ გავა, მას გადასვლის უფლება აღარ ექნება.
ამ ყველაფერზე კლუბების წარმომადგენლებთან ფედერაციაში ვილაპარაკე. რეალურად, ეს საპროტესტო აქცია გაუგებრობის შედეგი იყო და გამიხარდა, ამას წერტილი რომ დაესვა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"