ზესტაფონი-ჩიხურა 2:2 - დერბისთვის შესაფერისი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ზესტაფონი" იმერულ დერბის საკმაოდ მძიმე ვითარებაში შეხვდა. კლუბის დაფინანსება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ფეხბურთელებს უახლოეს დღეებში თებერვლის თვის ხელფასები აქვთ ასაღები და ამ თანხის გამსტუმრებელი ჯერაც არ ჩანს. ამის გამო დღეს რაიონის მესვეურებთან "ზესტაფონის" წარმომადგენელთა შეხვედრაა დანიშნული და იმედია, პრობლემა მოგვარდება.

ერთი სასიამოვნო ფაქტი კი ისაა, რომ ამ ძნელბედობის ჟამს ქომაგებმა გუნდი არ მიატოვეს და "დავით აბაშიძეზე" ძველებურად კარგი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, იმერული დერბი ძალზე დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მერე კი
უპირატესობას გიორგი მიქაძის შეგირდები დაეუფლნენ. ზესტაფონელები საკმაოდ სწრაფ ტემპში უტევდნენ და კომბინაციური ფეხბურთით ცდილობდნენ სტუმართა დაცვაში ნაპრალების ძიებას.

ძალიან კარგად თამაშობდნენ "ზესტაფონის" ახალწვეულები - ჯონი ჯერემია და ირაკლი სიხარულიძე, რომლებმაც გუნდის შემტევი პოტენციალი აშკარად გააძლიერეს. მასპინძლებმა პირველი სახიფათო მომენტი სწორედ ნიგერიელის კარგი გარჯის წყალობით შექმნეს - ჯერემიამ მოედნის სიღრმიდან შესანიშნავი პასი გადააწოდა გიორგი ილურიძეს, თუმცა მასპინძელთა გამოცდილმა ფორვარდმა ზედმეტად ათრია ბურთი და ხელსაყრელი მომენტი გაანიავა.

წუთიც არ იყო გასული, როცა აუტის შემდეგ მცველისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით სიხარულიძემ ისარგებლა და ფეროელები კურიოზული გოლით დააწინაურა. ზესტაფონელები ამის შემდეგაც ავიწროებდნენ მეტოქეს. ძალზე სახიფათო საჯარიმო დაარტყა ზვიად სიხარულიამ, თუმცა მაქსიმე ქვილითაიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ტაიმის ბოლოს "ჩიხურაც" გააქტიურდა და მე-40(!) წუთზე კარშიც დაარტყა, თუმცა ბესიკ დეკანოიძის მცდელობისას მეკარე დავით კუპატაძე საიმედოდ გაისარჯა.

მეორე ტაიმი უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრა მასპინძლების მწვავე შეტევით განახლდა - ჯერემიამ მცველების შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გავიდა. ქვილითაიამ დროულად დატოვა კარი და ნიგერიელს ფეხებში ჩაუვარდა, მათგან ასხლეტილი ბურთი კი ილურიძეს მიუვიდა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... ზესტაფონელთა ფორვარდს მცველმა ვარდნაში აართვა ბურთი.

ილურიძე წაიქცა და მასპინძლებმა პენალტი მოითხოვეს, თუმცა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა, რამაც ადგილობრივ ქომაგთა განრისხება გამოიწვია.

ცოტა ხანში სტუმართა დამრიგებელმა სოსო ფრუიძემ იღბლიანი შეცვლა განახორციელა - თორნიკე მუმლაძე წუთის გასულიც არ იყო მინდორზე, სიღრმიდან კარგი პასი რომ მიიღო, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაათანაბრა.

გოლის შემდეგ ტრიბუნებზე ემოციური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა. გოლმა მასპინძლები არ დააბნია, პირიქით, ზესტაფონელებმა კიდევ უფრო გაამწვავეს შეტევები, სტუმართა კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა. საჩხერელ მცველებს მოსვენებას არ აძლევდნენ ჯერემია, ილურიძე და სიხარულიძე. ამას გარდა, ზესტაფონელები ფლანგებიდანაც მწვავედ უტევდნენ. ქვილითაიამ ზედიზედ ორჯერ მოიგერია სიხარულიძის სახიფათო დარტყმები...

მიქაძის შეგირდთა მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო - გაგოშიძის გადაცემის შემდეგ ილურიძე საჯარიმოში იოლად გაუსწორდა სტუმართა მცველებს და მოჭრილი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.

მატჩის ბოლო წუთებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. საჩხერელები დანებებას არ აპირებდნენ. ფრუიძის გუნდმა მთელი ძალებით შეუტია.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა სახიფათო საჯარიმოს უფლება მოიპოვეს. ლაშა ჩიკვაიძემ "სტანდარტი" სნაიპერული სიზუსტით შეასრულა - ბურთი "ცხრიანში" გაახვია და "ჩიხურას" უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
01.03. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 2 000 მაყურებელი.
ზესტაფონი-ჩიხურა 2:2
გოლები: 1:0 სიხარულიძე (16), 1:1 მუმლაძე (55), 2:1 ილურიძე (77. გაგოშიძის პასით), 2:2 ჩიკვაიძე (90)
ზესტაფონი (4-4-2): კუპატაძე - რობაქიძე (83. დ. ლომაია), ხიზანეიშვილი, გაგოშიძე, რაჟამაშვილი - მთივლიშვილი, ვასაძე, სიხარულია (71. გაჩეჩილაძე), ჯერემია (71. ბერიძე) - ილურიძე, სიხარულიძე.
სათადარიგოები: ჯალაღონია, ხაბელაშვილი, ნემსაძე, სამუშია
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
ჩიხურა (4-1-4-1): ქვილითაია - შ. კაშია, ლ. ჭელიძე, ლუბჩაკი, ჩიკვაიძე - დობროვოლსკი - კორიფაძე (84. კუჭუხიძე), მანჯგალაძე (66. სარდალიშვილი), განუგრავა, ტროიანოვსკი (54. მუმლაძე) - დეკანოიძე.
სათადარიგოები: ზარქუა, ბაჯელიძე, კაკაშვილი, ივანიშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: სიხარულია (36), ხიზანეიშვილი (50), დობროვოლსკი (57), გაგოშიძე (60), სარდალიშვილი (78), მუმლაძე (88), ილურიძე (88), გაჩეჩილაძე (90)
არბიტრი: დ. სანოძე

ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 6
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.


მომდევნო მატჩები. XVIII ტური
5 მარტი, ხუთშაბათი
გურია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ზესტაფონი
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია
ჩიხურა-შუქურა
სამტრედია-სიონი
ტორპედო-მერანი

6 მარტი, პარასკევი
ზუგდიდი-კოლხეთი

9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაობიექტური სტატიაა, ილურიძეს მცველმა კი არ აართვა, წააქცია და პენალტი არ დაიდო. საჩხერელთა პირველი გოლი თამაშგარე იყო. მეორე გოლის დროს ჯარიმა მოგონილი. ბოლო წუთებში ერთხელ გადავიდნენ ზესტას ნახევარზე და ოგონილი ჯარიმით გაათანაბრეს. თუ მსაჯი არ დაისაჯა, მაშინ გასაგებია რომ ფედერაციიდან მოდის ეს ყველაფერი
1111
17:38 02-03-2015
0

სიახლეები პოპულარული