ტორპედო-ცხინვალი 2:0 - გოლი პირდაპირ კუთხურიდან! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთათურებმა 12-მატჩიანი მოუგებელი სერია გასულ ტურში, "ვიტ ჯორჯიასთან" სტუმრად გამარჯვებით შეწყვიტეს, კახა კაჭარავას გუნდის დამარცხებით კი ერთ უსიამოვნო სერიასაც დაუსვეს წერტილი - საკუთარ მოედანზე მთელი 6 თვის(!) განმავლობაში არ ჰქონდათ მოგებული...

მატჩის დებიუტში სტუმრები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და ორჯერ მიზანთან ახლოსაც იყვნენ. ქუთაისელთა მეკარე ბექა შეყრილაძემ ჯერ ბიძინა მახარობლიძის სახიფათო დარტყმა მოიგერია, ცოტა ხანში კი მასთან პირისპირ გასულ ნიკა კაჭარავასაც არ გაატანინა, რომელიც მცველთან ჭიდილში მარცხენა მახვილი კუთხიდან ურტყამდა კარში.

გიორგი დარასელიას გუნდმა თანდათან ტემპს მოუმატა. ქუთაისელთა შეტევები, ძირითადად, მარჯვენა
ფლანგიდან ვითარდებოდა, სადაც თამაშს დავით კირკიტაძე ამწვავებდა. აქტიური იყო ირაკლი კლიმიაშვილიც, რომელიც "სტანდარტულებსაც" სახიფათოდ ასრულებდა. სწორედ მან შექმნა ქუთაისელთა პირველი რეალური საგოლე მომენტი - დაახლოებით 33 მეტრიდან ჯარიმა ტექნიკურად შეასრულა და ბურთმა ხარიხა "მოიკითხა".

აქ კი გადაურჩნენ ცხინვალელები გოლს, მაგრამ კლიმიაშვილის მორიგი "სტანდარტი" შედეგიანი გამოდგა, თანაც, ისეთი გოლი გავიდა, ფეხბურთში იშვიათად თუ ნახავთ - პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ბურთი, რომელსაც მეკარე გიორგი ნადირაძე კი შეეხო, მაგრამ არადამაჯერებლად გაისარჯა და ანგარიში გაიხსნა.

ორიოდე წუთში კლიმიაშვილი კვლავ მოექცა ყურადღების ცენტში - ქუსლით შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა გიორგი ქიმაძეს, რომელმაც საჯარიმოში ცრუ მოძრაობით კაჭკაჭიშვილი ჩამოიცილა, თუმცა ამ უკანასკნელმა წესი დაარღვია და არბიტრმაც სამართლიანად გაიშვირა ხელი პენალტის ნიშნულისკენ.

11-მეტრიანის შესრულება ბექა ტუღუშმა ითავა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

სტუმრებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს და შეტევებიც გაამწვავეს, თუმცა ქუთაისელი მცველები ყურადღებით თამაშობდნენ, განსაკუთრებით, ცენტრალური მცველების - ბაქარ მირცხულავასა და გურამ ადამაძის საიმედო მოქმედებებია აღსანიშნავი.

ერთი დასამახსოვრებელი მომენტი "ცხინვალმა" მაინც შექმნა - კუთხურის შემდეგ თავით სახიფათოდ ურტყამდა ლაშა შინდაგორიძე, მაგრამ შეყრილაძე დამაჯერებლად გაისარჯა.

მეორე ტაიმი კაჭარავას შეგირდებმა აქტიურად დაიწყეს. შეყრილაძემ შინდაგორიძისა და ვასიკო ბაჩიაშვილის სახიფათო დარტყმები მოიგერია. შემდეგ "ტორპედომაც" მოუმატა, რასაც არბიტრის შეურაცხყოფის გამო ნიკა კაჭარავას გაძევება მოჰყვა. ცხინვალელთა ფორვარდმა საკმაოდ გამომწვევად დატოვა მოედანი და აგრესია მატჩის მომსახურე პერსონალის კონსტრუქციაზე გადაიტანა, რამაც გულშემატკივართა გაღიზიანება გამოიწვია...

კაცნაკლული "ცხინვალი" თამაშში გარდატეხის შეტანას ცდილობდა, ზედიზედ ორჯერ სახიფათოდ ურტყამდა შინდაგორიძე, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა ანგარიშის შეცვლასთან უფრო ახლოს ქუთათურები იყვნენ, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ბუდუ ზივზივაძემ მახარობლიძის მიერ ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი კარს ააცილა.

ბოლო წამებმაც "ტორპედოს" შეტევებით ჩაიარა. ზივზივაძეს შეცდომის გამოსწორება შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ იყოჩაღა. გოლის გატანა შეეძლო კირკიტაძესაც, მაგრამ მეკარემ ივარგა და ანგარიშიც აღარ შეცვლილა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
18.03. ქუთაისი. "ცენტრალური"
ტორპედო-ცხინვალი 2:0
გოლები: 1:0 კლიმიაშვილი (28), 2:0 ტუღუში (33-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ზივზივაძე (85. ტორპედო)

ტორპედო (4-2-3-1): შეყრილაძე - იოსელიანი, ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე - ჭელიძე, მამასახლისი - კირკიტაძე, კლიმიაშვილი (58. ბაბუნაშვილი), ტუღუში (86. გოგუაძე) - საბანაძე (72. ზივზივაძე).
სათადარიგოები: შევჩენკო, კვერნაძე, მახვილაძე, ქებაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
ცხინვალი (4-5-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, ბაჩიაშვილი - ლექვთაძე (46. მარკოზაშვილი), ქარდავა, ცაცკრიალაშვილი (53. თარხნიშვილი), მახარობლიძე, შინდაგორიძე - კაჭარავა.
სათადარიგოები: ბენდიანიშვილი, მაისაშვილი, გელაშვილი, ბურძენაძე, ქოჩლაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: კაჭკაჭიშვილი (30), ბაბუნაშვილი (69), კირკიტაძე (87)
გაძევება: კაჭარავა (63)
არბიტრი: ჯ. ხორავა

ტურის სხვა მატჩები:
ზუგდიდი-მერანი 3:0 - ათწუთიანი ცივი შხაპი [VIDEO]

ჩიხურა-კოლხეთი 5:1 - ყურადღება! სათამაშო დრო 90 წუთია!

სიონი-შუქურა 1:3 - ბრაზილიურ-უკრაინული კარნავალი
სამტრედია-ზესტაფონი 3:0 - დამაჯერებელი და უსაშველო [VIDEO]

დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია 2:1 - პირველად, მეორეზე...
გურია-დილა 0:0 - "დილამაც" ვერ დაუღამა [VIDEO]
დინამო (თბ)-მეტალურგი 2:0 - მშვიდად, აუღელვებლად... [VIDEO]


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული