დილა-ჩიხურა 2:1 - ბომბარდირი დუბლით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორელთა ფორვარდმა ირაკლი მოდებაძემ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება დუბლით აღნიშნა. საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი "დილასთვის" ყველა მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა უჩა სოსიაშვილის შეგირდებს საჩხერელებთან რევანშიც ჰქონდათ ასაღები (1:2 პირველ წრეში). "დილამ" ამ ლოკალურ მიზანს კი მიაღწია, მაგრამ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია მაინც ვერ დაიბრუნა.

ორივე გუნდმა იერიშებზე ორიენტირებული თამაში აირჩია. მასპინძლები ორი, სტუმრები კი ერთ გამოკვეთილი ფორვარდით უტევდნენ.

მოდებაძემ პირველი გოლი მე-8 წუთზე გაიტანა, როცა გიორგი სეთურიძის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ, გამოზომილ გადაცემას გამოეხმაურა და ბურთი თავით გადაგზავნა მაქსიმე ქვილითაიას კარში.

სწრაფმა
გოლმა მასპინძლები კიდევ უფრო მეტად განაწყო საბრძოლველად. ისინი უფრო თამამად იწყებდნენ იერიშებს, მაგრამ მერე "ჩიხურაც" გადავიდა შეტევაზე და თამაში გათანაბრდა.

როგორც ტრიბუნიდან გამოჩნდა, მე-16 წუთზე "დილას" პენალტის დარტყმის უფლება უნდა მოეპოვებინა - რომან ახალკაცმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთი "ჩიხურას" ერთ-ერთ ფეხბურთელს ხელზე მოხვდა. გორელები პენალტს ამაოდ ითხოვდნენ.

გამოსარჩევი იყო ასევე მე-20 წუთზე იმავე ახალკაცის დარტყმა (ნიკა კვეკვესკირის პასის შემდეგ), მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა.

შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე თორნიკე მუმლაძის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულისთვის გიორგი ქარქუზაშვილს რომ არ შეეშალა ხელი, ანგარიში გათანაბრდებოდა.

ცოტა ხანში კვლავ მუმლაძე ურტყამდა შორიდან და ამჯერად გოლს მეკარე გიორგი სომხიშვილმა შეუშალა ხელი.

მეორე ტაიმი "დილამ" აქტიურად დაიწყო, ოღონდ რეალური საგოლე მომენტი არ ჩანდა. სამაგიეროდ, ცოტა ხანში მიხეილ სარდალიშვილის ჩაწოდება სომხიშვილს რომ არ ჩაეჭრა, მასპინძლები ვერ გადარჩებოდნენ.

მერე გაწვიმდა და მოედანი დასველდა; შესაბამისად, ბურთის კონტროლი გაჭირდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამან თამაშში მნიშვნელოვანი კორექტივები არ შეიტანა.

გორელებმა ცოტა ხანში ანგარიშიც გაზარდეს - კვეკვესკირის გადაცემა ხურცილავამ თითქმის პირითი ხაზიდან მოდებაძისკენ გადაამისამართა და ბომბარდირმა (ეს მისთვის მე-10 გოლია ამ ჩემპიონატში) ახლოდან თანაგუნდელები არ დააღალატა - 2:0.

75-ე წუთზე "ჩიხურას" შეეძლო სხვაობის შემცირება - გიორგი კორიფაძის გრძელი პასი მუმლაძემ კარის სიახლოვეს მიიღო, თუმცა ბურთი ხარიხას გადააცილა. სამაგიეროდ, სიზუსტემ არ უღალატა ბესიკ დეკანოიძეს - 84-ე წუთზე მან საჯარიმოს სიღრმეში მიიღო ბურთი და დაახლოებით 10 მეტრიდან აიღო მასპინძელთა კარი - 2:1.

ბოლოსკენ "დილამ" კონცენტრაცია დაკარგა და საჩხერელებმა მასპინძლები წნეხში მოაქციეს, სახიფათო მომენტებიც შექმნეს, მაგრამ გოლი აღარ გასულა.

მატჩის შემდეგ:
სოსო ფრუიძე (ჩიხურა): "სანახაობრივად კარგი, დაძაბული თამაში ვიხილეთ. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვიწევდა თამაში და შედარებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეყრდენით. "დილამ" გამოცდილებისა და თავდასხმაში მეტი კრეატიულობის ხარჯზე მოგვიგო".

უჩა სოსიაშვილი (დილა): "კარგი სანახაობა იმან განაპირობა, რომ მეორე ნომრად არც ერთ გუნდს არ უთამაშია. პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა. გაგვიმართლა, რომ დებიუტშივე გოლი გავიტანეთ. შესვენების შემდეგ ტაქტიკური ცვლილებები განვახორციელეთ და მეორე გოლიც ამას მოჰყვა. სამწუხაროდ, ბოლო წუთებში ვერ მოვახერხეთ დაცვაში მკაცრი თამაში, ამ დროს რამდენჯერმე ხიფათიც შეიქმნა ჩვენს კართან, თუმცა ანგარიში მაინც შევინარჩუნეთ".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
22.03. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 2 000 მაყურებელი
დილა-ჩიხურა 2:1
გოლები: 1:0 მოდებაძე (8. სეთურიძის პასით), 2:0 მოდებაძე (72. ხურცილავას პასით), 2:1 დეკანოიძე (84)

დილა (4-4-2): სომხიშვილი - ხურცილავა, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, მარიჩი - კვეკვესკირი (82. თექთურმანიძე), გვალია, ფალავანდიშვილი, სეთურიძე - ახალკაცი (60. გორელიშვილი), მოდებაძე (90. წიქარიძე).
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ხიდეშელი, ლომიძე, ერისთავი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ჩიხურა (4-5-1): ქვილითაია - კორიფაძე, ლუბჩაკი, კაშია, ჩიკვაიძე - დობროვოლსკი, მანჯგალაძე (70. ივანიშვილი), სარდალიშვილი, განუგრავა, მუმლაძე - კუჭუხიძე (23. დეკანოიძე).
სათადარიგოები: ზარქუა, ბაჯელიძე, კაკაშვილი, ტროიანოვსკი, იაკობაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ლუბჩაკი (62)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

მომდევნო (XXII) ტური
3 აპრილი, პარასკევი
გურია-ვიტ ჯორჯია
ზუგდიდი-ცხინვალი
სამტრედია-შუქურა
ზესტაფონი-მეტალურგი
ჩიხურა-მერანი
სიონი-კოლხეთი
დინამო (ბთ)-ტორპედო
დინამო (თბ)-დილა.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 8
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოდებაძე კაცი ხარ კაციიიიიიიიიიი...ესეთი თავდამსხმელი ჩვენს ნაკრებში მინიმუმ გაფართოებულ სიას იმსახურებს, მარა სადაა სამართალი
gori
14:42 23-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული