ლევან სილაგაძე: "ტორპედოს" ამ შემადგენლობას დიდი პოტენციალი აქვს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ბოლო ოთხ ტურში მდგომარეობა რადიკალურად გამოასწორა, ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, პირველი წრის აუტსაიდერს ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსი გაუჩნდა.

მარტიდან, კლუბის სპორტულ დირექტორად საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ლევან სილაგაძე მუშაობს. თბილისის "დინამოს", რიგის "სკონტოსა" და ყაზანის "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი, ერთი ხანობა, ქუთაისელთა რიგებშიც ირჯებოდა.

სწორედ სილაგაძე იყო გორის "დილას" ბოლო წლების წარმატების სულისჩამდგმელი და მოულოდნელი ტრანსფერების ინიციატორი, რომლის შედეგადაც გორულმა კლუბმა არსებობის ისტორიაში უჩვეულო პროგრესს მიაღწია.

ლევან სილაგაძე "ლელოში" ახალ გუნდში მისვლის წინა
პირობასა და სამომავლო გეგმებზე ელაპარაკა.

- ვიცოდით, რომ "დილა" დატოვეთ, მაგრამ "ტორპედოში" როდის მიხვედით?
- გუნდში გიორგი დარასელიას მიწვევიდან ცოტა ხანში. სპორტულ დირექტორად ჩემი დანიშვნა მისი იდეა იყო. "დილაში" ერთად ვიმუშავეთ და მადლობელი ვარ, ასეთი ნდობა რომ გამომიცხადა.

- თქვენ სადაც ყოფილხართ, ყველა გუნდი სერიოზული მიზნებისთვის იბრძვის. "ტორპედოს" კი მიზნები ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ამჟამინდელი ბიუჯეტი ხელს უწყობს?
- ყოველ შემთხვევაში, გუნდში არსებული ფინანსებით მაქსიმუმს შევეცდებით. ქუთაისის "ტორპედოს" არ ეკადრება ის ადგილი, რასაც ბოლო ორი სეზონი იკავებდა. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გუნდი იყო და ასეთადაც უნდა დარჩეს.

- გორის "დილას" გაცილებით დიდი ბიუჯეტი ჰქონდა და ბევრი ცნობილი მოთამაშეც დაიმატეთ. საეჭვოა, ეს "ტორპედოში" შესაძლებელი იყოს.
- რა თქმა უნდა, ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად, გორში ბევრად დიდი ბიუჯეტი და მეტი საშუალება გვქონდა. ქუთაისში მსგავსი ტრანსფერების განხორციელება არარეალურია. მაგრამ ის ფაქტი მაიმედებს, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ნდობითაა განწყობილი და მერით დაწყებული, რიგითი ქუთაისელებით დასრულებული, ყველა "ტორპედოს" გულშემატკივარია. ასეთი დამოკიდებულებით მრავალი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.

ისე, თქვენ გგონიათ, გორში ფეხბურთელები უზარმაზარი ხელფასებით ჩავიყვანეთ?

- ცნობილია, რომ "დილაში" ისეთი ხელფასები გაიცემოდა, რაც სხვა გუნდებში საოცნებო იყო.
- ასეც არაა. ბევრი მოთამაშე ახლობლობის ხარჯზე ჩამოვიყვანეთ. ნუკრი რევიშვილი სწორედ ასე ჩამოვიდა, მილიონებს კი არა, თეთრებს იღებდა.

- ასეა თუ ისე, ქუთაისში საინტერესო მოთამაშეების მოძიება და სელექციის გაძლიერება მოგიწევთ.
- კარიერის დასრულების შემდეგ სულ ამას ვაკეთებდი. მეამაყება, რომ ბევრი ცნობილი მოთამაშე დავაწინაურე - რეხვიაშვილი, გვალია, ილურიძე, გორელიშვილი, აბურჯანია...

"ტორპედოში" კი ფინანსური მდგომარეობა დალაგებულია, ფეხბურთელებს შეპირებულ თანხას წამით არ უგვიანებენ. ეს გუნდში მშვიდი და საქმიანი ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად გადამწყვეტი ფაქტორია. ფეხბურთელმა თუ არ იცის, ხელფასს როდის აიღებს, ის ნორმალურად ვერ ითამაშებს. სტაბილური ატმოსფერო კი გუნდის ჩამოყალიბების აუცილებელი წინა პირობაა. ამას დიდი დაფიქრება არ სჭირდება და "ტორპედოს" ამიტომ მჯერა. ამ კუთხით ჩვენთან ყველაფერი კარგად არის.

- "ტორეპდომ" ბოლო ოთხი შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით მოიგო. არადა, მანამდე გოლის გატანაც გიჭირდათ. გუნდში ასე რადიკალურად რა შეიცვალა?
- არაფერი არ შეცვლილა. უბრალოდ, დარასელიამ იცოდა, რას აკეთებდა, რა გუნდს აყალიბებდა და მისმა შრომამ შედეგი გამოიღო. მე მიმაჩნია, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელი და სელექციონერია. ისრაელში ისწავლა, სამწვრთნელო ლიცენზიაც იქ აიღო და საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო ხედვები გააჩნია.

- ქუთაისის "ტორპედომ" ბოლო ტურში ბათუმის "დინამო" დაამარცხა, რაც პატარა სენსაცია იყო.
- ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. არადა, ბათუმის "დინამო" ლიდერებში შემთხვევით არ მოხვედრილა, ძალიან ძლიერი და კარგად აწყობილი გუნდია.

- ერთი ხანობა, "ტორპედოს" წარუმატებლობამ ქუთაისელი გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია და ხალხმა გუნდს ზურგი შეაქცია.
- ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ბოლოდროინდელმა წარმატებამ ყველა გაახარა და დარწმუნებული ვარ, ტრიბუნები ისევ შეივსება. საერთოდ, ამ მოგებებმა ბიჭებიც ხასიათზე მოიყვანა და საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნეს.

- დღეისათვის "ტორპედოს" ერთ-ერთი გამორჩეული შეტევის ხაზი ჰყავს. მაგრამ სხვა რგოლები დაბალანსებულია?
- კარგი მოთამაშეები ჩვენ ყველა რგოლში გვყავს და დარწმუნებული ვარ, სეზონი ახლა რომ იწყებოდეს, სამეულში აუცილებლად მოვხვდებოდით. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გასვლაზე ლიდერთან, ბათუმის "დინამოსთან" ვაგებდით, მაგრამ თამაში შემოვუტრიალეთ და მოვუგეთ. ბიჭებმა ისე ცივსისხლიანად ითამაშეს, მაღალი კლასის გუნდს რომ შეშვენის. შემთხვევით ასეთი ფაქტები არ ხდება.

ძალიან სასიამოვნო იყო, ბათუმელთა გულშემატკივარმა ტაშით რომ გამოგვაცილა, რადგან შედეგთან ერთად, კარგი ფეხბურთიც ვაჩვენეთ.

მაგრამ გაძლიერებაზე უარს არავინ იტყვის. ზაფხულიდან ჯერ ეს ბირთვი უნდა შევინარჩუნოთ და მერე გავძლიერდეთ. იმიტომ, რომ ახალი სეზონიდან "ტორპედო" ევროპის ლიგის საგზურისთვისი იბრძოლებს.

- ბოლო ტურებში საბანაძე არც შემადგენლობაში ჩანს და არც სათადარიგოებში. ამის გამო ჭორი გავრცელდა, თითქოს, მწვრთნელთან კონფლიქტი მოუვიდა და "ტორპედო" დატოვა.
- არსადაც არ წასულა, ჩვენთან არის და მისი დიდი იმედი გვაქვს. რომ იცოდეთ, ნიკა თავისებური, მაგრამ ძალიან კარგი პიროვნებაა. უბრალოდ, ტრავმა აქვს - ოღონდ, მართლა და უახლოეს ტურებში მოედანს დაუბრუნდება. ასეთ ფეხბურთელს ასე იოლად ნამდვილად ვერ შეველევით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნუ იკატუნებტ ტავს საბანადზემ რაც გააკეტა არცერტ ფეხბურტელს არუნდა ეპატიოს რაცარუნდა ტრამვა ქონდეს და მოიშუსოს აგარ უნდა გააჩერო გუნდში, სხვათაშორის რაც ეგ ბიჭი აღარ არის მის მერე იგებთ თამაშებს
archili
12:40 11-04-2015
0
რა გააკეთა საბანაძემ?
Shako
12:55 11-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული