ზეიმი გორში - ახალი ჩემპიონების ბედნიერი დილა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
13 მაისი აქამდე საქართველოსთვის რომ იყო ბედნიერი თარიღი, ახლა საკუთრივ გორისთვისაც აღსანიშნავი დღე იქნება - 13 მაისს გორის "დილამ" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოიპოვა ოქროს მედლები.

"დილამ" გორელები უსაზღვროდ გაახარა - ქალაქი მთელ ღამეს ზეიმობდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

13 მაისს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე "სიონისა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის საფინალო სასტვენს სტადიონის დიქტორი სულიკო წერეთელი დიდი ოვაციებით შეხვდა და დაახლოებით ისეთი ტექსტით ამცნო ტრიბუნაზე შეკრებილთ სამტრედიული მატჩის (სადაც "დილა" ადგილობრივ გუნდს ხვდებოდა) შედეგი, კოტე მახარაძის ლეგენდარული "ლიკუეტ
ვსია გრუზია" რომ გვახსოვს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დიდი გამარჯვებების შემდეგ კლუბების ხელმძღვანელებს ხშირად უთქვამთ - ამ გამარჯვების უკან თითოეული ჩვენგანის და ყველა რიგითი თანამშრომლის ღვაწლი დევსო. უთქვამთ, მაგრამ ხშირად ამ ღვაწლის გამღებთა ვინაობა მაინც უცნობი რჩებოდა.

ამიტომაც დავიწყე ერთ-ერთი მათგანით. სტადიონის დიქტორი - სულიკო წერეთელი იმ დროიდან ემსახურება თავის საქმეს, "დილა" სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე რომ იყო და ქომაგი მის გადარჩენას ემუდარებოდა ქალაქის ხელისუფალთ.

10-12 წლით ადრე, გორელებისთვის ვინმეს რომ ეთქვა - ათ წელიწადში ჩემპიონები გახდებითო, შეშლილად ჩათვლიდნენ. არაერთი ადამიანი, წლების განმავლობაში, დუხჭირი დროიდან ჩემპიონობამდე, ერთგულად მოჰყვება "დილას".

დიდი ხანია კლუბს პრესატაშედ ზურაბ კარტოზია ჰყავს, რომელიც, ასე მგონია, "დილაზე" ფიქრმა გააჭაღარავა, ისევე, როგორც ბადრი გიგუაშვილი, რომელიც მაშინაც გუნდის ადმინისტრატორი იყო, ფეხბურთელებისთვის ფორმის და ბურთების მიცემა რომ უჭირდათ.

იმ შავბნელი დროიდან არ მავიწყდება, უხელფასოდ მოთამაშე ფეხბურთელები "დილადან" რომ გარბოდნენ და ახალი, პირტიტველა ბიჭები ყოველი ტურის წინ უშუალოდ სტადიონზე მოჰყავდათ, ისე, რომ მათ არავინ იცნობდა. ერთხელ ძველი შემადგენლობიდან შემორჩენილი გამოცდილი შუახაზელი ქიტა (ქრისტეფორე) შატაკიშვილი უთითებდა ასეთ უცნობ თანაგუნდელს - "ექვსო ნომერო, პასი წინ ათ ნომერს მიეცი"! აბა, ასე "შეთამაშებული" კრებული წარმატებაზე როგორ იოცნებებდა?!

უამრავი ერთგული გულშემატკივარი ჰყავს "დილას". მათგან ბევრი დიდი ხნის წინ თავისი საყვარელი გუნდის უმოტივაციო და უგერგილო თამაშებსაც არ აცდენდა. და მე ამ კარგ ხალხთან, ჩემი პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, გორის ორივე სტადიონზე წვიმაში, ყინვასა თუ აუტანელ სიცხეში ბლოკნოტ და კალამმომარჯვებულს მრავალი წლის განმავლობაში უამრავი წუთი გამიტარებია. ამ გულშემატკივართაგან ზოგი ახლა არცაა ცოცხალი.

წლეულს, "დილას" ერთგული ქომაგის, ზავენ ვანიშვილის გარდაცვალება იყო გულისმომკვლელი - ის სტადიონზე, უშუალოდ მატჩის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა და, შეიძლება ითქვას, ჩემს ხელში დალია სული...

გორულ კლუბს ადრე ფანკლუბი არ ჰყავდა. ბოლო რამდენიმე წელია ის დაარსდა და არა მხოლოდ საშინაო მატჩებისას ამხნევებს გუნდს, საგარეო თამაშებზეც დაჰყვება საყვარელ გუნდს. ამ ფანებს გიორგი პაპიტაშვილი თავკაცობს.

არავინ იცის, რამდენი დრო გაუტარებიათ გორელ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს რეგიონის გუბერნატორებისა თუ გამგებლების კარებთან გასვლითი მატჩისთვის სამგზავრო ფულის გამოყოფის მოლოდინში. ამ ფონზე, უმადურობა იქნებოდა, გორის ამჟამინდელ ხელისუფალთა მხარდაჭერის დაუნახაობა.

ბევრი გაუმართლებლად მიიჩნევდა ბიუჯეტში კლუბისთვის მილიონის გაწერას, მაგრამ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გვითხრა - მართალია, ქალაქს ბევრი სოციალური პრობლემა აწუხებს, მაგრამ ფეხბურთიც სოციალური მოვლენაა და გუნდს ვერ მივატოვებო.

ის და რეგიონის გუბერნატორი, განსაკუთრებით, ბოლო მატჩების წინ, ყოველთვის უშუალოდ ხვდებოდნენ და ამხნევებდნენ ფეხბურთელებს. არადა, გორის რამდენი გამგებელი გვახსოვს, სტადიონზე ქუდი რომ შეგეგდოთ, გამოსატანად არ შევიდოდნენ. წლეულს კი ჩინოსანი ქალბატონებიც, პირველი ტურიდან მოყოლებული, ძალიან ხშირად ესწრებოდნენ და გულშემატკივრობდნენ "დილას" მატჩებს - სპორტის სამსახურის უფროსი თეა კეჩხუაშვილი, საკრებულოს წევრები - თამარ თედლიაშვილი, ნინო ზურაბიშვილი. გამარჯვებაში მათი წვლილიცაა.

რამდენიმე წლის წინათ "დილას" მეურვედ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი რომ მოევლინა, გუნდი მოფერიანდა და საქართველოს თასიც აიღო. ოღონდ მაშინდელ წარმატებას ქვეყნის ჩემპიონატის შარშანწინდელი ვერცხლის მედლებიც სჯობდა და დღევანდელ ჩემპიონობას ხომ ვერც შეედრება. იცით, რატომ? მაშინდელ ამბებზე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი კითხვებს ახლაც სვამს.

მე პირადად, ადრინდელის გამო ვერავის წავუყენებ ბრალდებებს, მაგრამ აღსანიშნავი ისაა, რომ წლეულს ანალოგიური კითხვები აღარ დასმულა - "დილამ" ალალად მოიპოვა წარმატება!..

ამ წერილში შეგნებულად არაფერი ვთქვით ცალკეულ ფეხბურთელებზე, მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებზე, რომლებზეც ადრეც ბევრჯერ გაგვიმახვილებია ყურადღება და სამომავლოდაც არაერთხელ ვიტყვით და დავწერთ.

მათ მალე თავადაც უნდა მოგვცენ სასაუბროდ ახალი თემები, როცა ევროპაში მოუწევთ საქართველოსა და "პატარა დიდი გორის" ღირსების დაცვა.

იქამდე კი "დილას" ყველა თანამშრომელს, რიგით ქომაგსა თუ ფანკლუბს ვულოცავთ საყვარელი კლუბის ჩემპიონობას!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მიხარია, უდიდესი შრომა რომ დაგვიფასდა" - ­უჩა სოსიაშვილი ისტორიაში შევიდა
დღის კარიკატურა: სტალინი იმ ქალაქიდანაა, სადაც "დილა" თამაშობს!
სამტრედია-დილა 0:1 - ეგ არის და გორის ციხე, "დილა" ჩემპიონია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
Es warmateba ertad dgomam da sworma mushaobam moitana da es maglitia kvelastvis da kargi ikneba tu es kargad gaketdebes kvelgan.avtors didi madloba ro ese kargad asaxav im sitvacias rac xdeba gorshi gaixare megobaro da gisurveb win svlas ro eset karg saqmes aketeb.genacvalet kvelas vinc karg saqmes aketebt .
zoro
14:28 15-05-2015
0
მართალია, ქალაქს ბევრი სოციალური პრობლემა აწუხებს, მაგრამ ფეხბურთიც სოციალური მოვლენაა და გუნდს ვერ მივატოვებო.
აი ლოგიკა - ქვას გახეთქავს.
გორი ტრანსფერზეა?
16:10 15-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული