უმაღლესი ლიგა. I ტურის წინათქმა: იაშვილს ახსოვს "საპოვნელა"...

AutoSharing Option
გუშინდელი 2 მატჩით საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო.

- ცხინვალი-საბურთალო 1:2 - "საბურთალოს" სერენადა [VIDEO]

- ჩიხურა-ლოკომოტივი 1:0 - ექსპერიმენტული გამარჯვება

I ტურის დანარჩენი 6 შეხვედრა კი დღეს გაიმართება და როგორც სეზონის სტარტისთვის არის "დამახასიათებელი", ამ მატჩებში გარკვეული სენსაცია-სიურპრიზებიც არ უნდა გამოვრიცხოთ.

რაც მთავარია, ვისურვოთ, რომ გუშინდელი 2 მატჩის მსგავსად, დღევანდელმა 6-მა შეხვედრამაც უკომპრომისოდ და საინტერესოდ ჩაიაროს და ასევე, გუშინდელის მსგავსად, გოლები ყველა მატჩში გავიდეს.

ასევე საინტერესო უნდა იყოს კახა გოგიჩაიშვილისა და ვარლამ კილასონიას სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება თავიანთთვის ახალი გუნდების
თავკაცების რანგში...

ან ის, თუ როგორი "განწყობით" ჩავა "შუქურას" მთავარი მწვრთნელი გელა სანაია თავის ყოფილ გუნდთან საპაექროდ, რომლის თავკაცი გია ცეცაძე უმაღლეს ლიგას გარკვეული პაუზის მერე უბრუნდება...

გარკვეული ინტრიგაა ბათუმის "დინამოსა" და "ზუგდიდის" მატჩში. ეს ხომ ის "ზუგდიდია", რომელთან მარცხმაც ზღვისპირელებს გასულ სეზონში ჩემპიონობის შანსი დააკარგვინა...

დინამო (თბ)-საპოვნელა
14.08. თბილისი. "დინამო არენა". 20:00
ურთიერთშეხვედრები
4: +3 =0 -1, 15-6

ამ მატჩით I ტური დასრულდება და, საერთოდაც, ახლავე უნდა "შევეგუოთ" იმ მართლაც სასიამოვნო ფაქტს, როცა თბილისის "დინამოს" საშინაო მატჩები გაკოხტავებულ-განახლებულ "დინამო არენაზე" საღამოს 20:00 საათზე, პროჟექტორების "თანხლებით" გაიმართება.

ერთი შეხედვით, ამ წყვილში ფავორიტის "მოძებნა" არავის უნდა გაუჭირდეს: მასპინძლები სეზონის დაწყებას გამარჯვებით შეეცდებიან, მით უფრო, რომ "დინამოს" ამის მერე ზედიზედ ორი თბილისური "დერბი" ელოდება. თანაც, დინამოელთა მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს ნამდვილად აქვს იმის ფუფუნება, რომ თითოეულ პოზიციაზე 2 თანაბარი ძალის ფეხბურთელი ჰყავდეს.

აი, რაც შეეხება "საპოვნელას", თერჯოლელთა გუნდი უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და უკვე ეს ფაქტი უნდა მივიჩნიოთ წარმატებად. წინა სეზონში, პირველ ლიგაში "საპოვნელას" წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რაღა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელი მირიან გეწაძე გახლდათ. "საპოვნელას" დებიუტი უმაღლეს ლიგაში 1993/94 წლების სეზონში ჰქონდა, ისე, როგორც ამ გუნდის ფეხბურთელს და დღეს უკვე მთავარ მწვრთნელს, იმ დროისათვის 21 წლის მირიან გეწაძეს.

სულ კი "საპოვნელამ" მხოლოდ 2 სეზონი გაატარა უმაღლეს ლიგაში და ოთხჯერ დაუპირისპირდა იმ დროისათვის უძლიერეს გუნდს, თბილისის "დინამოს", თუმცა ერთხელ მაინც შეძლო "მარადიული ჩემპიონის" დამარცხება, თანაც, თბილისში!

ის მატჩი "საპოვნელამ" 2:1 მოიგო და მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი კი იმ დროისთვის 16 წლის ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა! სულ იაშვილს იმ 2 სეზონის განმავლობაში 5 გოლი აქვს გატანილი "საპოვნელას" კარში და დღეს კი, ძალიან დიდი ალბათობით, თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ეროვნული ჩემპიონატის მატჩს ჩაატარებს...19-წლიანი პაუზის შემდეგ.

დილა-კოლხეთი
14.08. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 17:00
ურთიერთშეხვედრები
43: +18 =6 -19, 44-54

სასიამოვნო გრძნობაა, როცა გუნდი მოედანზე ჩემპიონის რანგში გადის! საქართველოს ახალი ჩემპიონი "დილა" მშობლიურ "თენგიზ ბურჯანაძეზე" მაქსიმალურად ეცდება, სეზონის დასაწყისი ლამაზი და წარმატებული თამაშით "აღნიშნოს" და ერთგული ქომაგიც ასიამოვნოს.

ორიოდ დღის წინათ ვწერდით და დღესაც აღვნიშნავთ, რომ "დილას" ახალგაზრდა თავკაცს, უჩა სოსიაშვილს ჩვენზე უკეთ მოეხსენება "დაუწერელი კანონი": ტიტულის მოპოვებაზე უფრო ძნელი მისი შენარჩუნება იქნება.

თუმცა, როგორც უნდა ვთქვათ, "დილა" ამ სეზონშიც უნდა მივიჩნიოთ ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ გორელთა გუნდი ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საგრძნობლად გაძლიერდა. აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები ექნება ამ სეზონში "კოლხეთს", თუმცა ზაზა ინიაშვილის გუნდთან წინასწარ 3 ქულა რომ არავინ უნდა დაგეგმოს, ამაში წინა სეზონშიც არაერთხელ დავრწმუნდით.

ერთი შეხედვით, "კოლხეთს" ხმაურიანი ტრანსფერები არ განუხორციელებია, მაგრამ ფოთელთა გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით და დარწმუნებული ვართ, რომ ამ სეზონშიც ასე იქნება.

ტორპედო-მერანი
14.08. ქუთაისი. "ტორპედო". 19:00
ურთიერთშეხვედრები
12: +6 =2 -4, 19-13

დინამო (ბთ)-ზუგდიდი
14.08. ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:00
დისკვალიფიკაცია: რომან ტაკიძე (დინამო), აკაკი წყაროზია (ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები
6: +2 =0 -4, 5-9

სამტრედია-შუქურა
14.08. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 17:00
ურთიერთშეხვედრები
4: +3 =0 -1, 9-5

გურია-სიონი
14.08. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 17:00
ურთიერთშეხვედრები
19: +3 =5 -11, 15-31

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული