მერანი-ცხინვალი 2:3 - მარცხი ბრძოლაში, ანუ, როცა წაგება იმედს იძლევა...

AutoSharing Option
სეზონის დაწყების წინ "მერანში" მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, ხოლო ძირითად შემადგენლობაში მათი ადგილები დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებმა დაიკავეს. ახალი ფორმაციის "მერანში" საკმაოდ ნიჭიერი, თუმცა გამოუცდელი ახალგაზრდები არიან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის წლევანდელი ჩემპიონატი სადებიუტოა.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მოულოდნელი არაა, რომ გუნდი ჯერჯერობით შედეგს ვერ აჩვენებს.

"ცხინვალმა" ფრთხილი ტაქტიკა აირჩია. მასპინძლები კი მოედანზე მოტივირებულები გამოვიდნენ და საწყისი წუთებიდანვე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას. ანგარიშის გახსნის ჩინებული შანსი ხელიდან გაუშვა ლაშა ჯღამაიამ, რომლის ეფექტური დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

გოლი მერანელებმა მაინც გაიტანეს -
ლევან კუტალიას მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება გიორგი პაჭკორიამ შეუცვალა - 1:0.

ამის შემდეგ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა და ნიკა კაჭარავა ორჯერ იყო მიზანთან ახლოს - პირველ შემთხვევაში დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა, შემდეგ კი დასწრებაზე მეკარე ზარქუას ვერ აჯობა.

ამის მიუხედავად, იმავე კაჭარავამ ტაიმის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე მაინც დაამწუხრა მარტვილელები - სტუმართა შემტევმა რატი ცაცკრიალაშვილმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, შალიკაშვილისა და კაჭარავას ორთაბრძოლა კი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა - 1:1.

ადგილობრივი გულშემატკივრები "თავისუფალის" დანიშვნასა და, შესაბამისად, გოლის გაუქმებას ითხოვდნენ - მათი აზრით, თავდამსხმელმა აშკარად თამაშის წესები დაარღვია...

მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში მერანელები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ცხინვალელთა მორიგი "სტანდარტულისას" მასპინძლებმა საჯარიმოდან ბურთის ხეირიანად მოგერიება ვერ მოახერხეს და ჯერ ცაცკრიალაშვილმა მოარტყა ხარიხას, მოგვიანებით კი დავით მაისაშვილმა ახლო მანძილიდან ბურთს ბადეში მიუჩინა ადგილი - 1:2.

ფრთაშესხმულმა სტუმრებმა კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნეს - ქარდავასა და ივანიშვილის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია - ორივე შემთხვევაში, ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

მასპინძელთაგან კი გამოსარჩევია ახალბედა ლევან წოწონავას დარტყმული. სხვათა შორის, 18 წლის წოწონავას ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

70-ე წუთზე სტუმრებმა მესამეც გაიტანეს - ლექვთაძის კუთხურს კაჭარავას თავური მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აქ უნდა დასრულებულიყო, თუმცა "მერანი" ბედს არ შეურიგდა, გააქტიურდა და ზედიზედ რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა.

73-ე წუთზე შეცვლაზე შესულ იმედა აშორტიას აშკარად არ გაუმართლა. ის შესანიშნავი სოლო-რეიდით გასცდა რამდენიმე მცველს და ძლიერადაც დაარტყა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და სტუმრები გადარჩნენ. ორიოდე წუთში კი ცაცკრიალაშვილის თავური აისხლიტა ძელმა.

83-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა მარტვილელებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს: მარჯვენა ფრთაზე ჯღამაიამ გაილაღა და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ვასიკო გოგოლიძემ დაასწრო და მოხდენილი დარტყმით ნადირაძე უშანსოდ დატოვა.

ბოლოსკენ, ისევ არბიტრის თემა გააქტიურდა - მარტვილელები ბაკურ ნინუას ბოლო წუთებში იმ ეპიზოდის გამო შემოსწყრნენ, როცა ჯღამაიას მიერ კარის სიახლოვიდან ჩაწოდებული ბურთი იქვე მყოფ სტუმართა მცველს (ერთი შეხედვით, მართლა) მოხვდა ხელზე და მიმართულება შეიცვალა.

თუმცა პროტესტმა არ გაჭრა და მატჩიც აქ დასრულდა...

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
22.08. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 1000 მაყურებელი
მერანი-ცხინვალი 2:3
გოლები: 1:0 პაჭკორია (16. კუტალიას პასით), 1:1 კაჭარავა (36. ცაცკრიალაშვილის პასით), 1:2 მაისაშვილი (50), 1:3 კაჭარავა (70. ლექვთაძის პასით), 2:3 გოგოლიძე (83. ჯღამაიას პასით)
მერანი (4-4-2): ზარქუა - რუხაია, პაჭკორია, შალიკაშვილი (76. გვაზავა), გეგია - წურწუმია (60. აშორტია), ხორგუაშვილი, კუტალია, წოწონავა (72. გოგოლიძე) - ჯღამაია, ციცხვაია.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, თ. ჩხეტია, შალამბერიძე, ფაილოძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
ცხინვალი (4-5-1): ნადირაძე - ჭაფოძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე - ქარდავა, მახარობლიძე, ლექვთაძე (83. ლობჯანიძე), ივანიშვილი (90. ცერცვაძე), ცაცკრიალაშვილი (77. ბოლქვაძე) - კაჭარავა.
სათადარიგოები: კერესელიძე, ბურძენაძე, ბაჩიაშვილი, გიგაური
მწვრთნელი: გოჩა ჩიქოვანი
გაფრთხილება: ქარდავა (29), კუტალია (54), ჯღამაია (73)
არბიტრი: ბ. ნინუა.

საქართველოს სუპერთასი
25 აგვისტო
დილა-დინამო (თბ)

25-26 აგვისტო
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები

უმაღლესი ლიგა. III ტური
29 აგვისტო, შაბათი
დინამო (თბ)-საბურთალო

30 აგვისტო, კვირა
დინამო (ბთ)-კოლხეთი
ტორპედო-დილა
ცხინვალი-ზუგდიდი
ჩიხურა-მერანი
სამტრედია-ლოკომოტივი
გურია-საპოვნელა
სიონი-შუქურა.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 4
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 2
ო. მარცვალაძე (დილა) 2
გ. გოშთელიანი (საბურთალო) 2
თ. წიქარიძე (შუქურა) 2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული