მერანი-გურია 2:0 - დიდი ხნის შემდეგ...

AutoSharing Option
25 სექტემბერს მარტვილში წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვაზირთუპირველესის, წმინდა მღვდელმთავრის, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე - "ჭყონდიდობა" აღინიშნა. ტრადიციისამებრ, ჩატარდა სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიება, გამოვლინდნენ მარტვილის საპატიო მოქალაქეები. ეს პატივი ყოფილ ლელოელს, ამჟამად ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, წარმოშობით მარტვილელ ელგუჯა ბერიშვილსაც ხვდა წილად...

საზეიმო განწყობამ მეორე დღეს "მურთაზ ხურცილავაზე" გადაინაცვლა. "მერანმა" მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ადგილობრივ გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. საგულისხმოა, რომ ორივე გუნდში დებიუტი ჰქონდათ მთავარ მწვრთნელებს - გალაკტიონ ჭუბაბრიასთვის ეს დღე იღბლიანი გამოდგა, აი, ბადრი კვარაცხელიასთვის
კი...

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი საკმაოდ დაბალ ტემპში წარიმართა, მომენტებიც აქა-იქ იქმნებოდა, გუნდები ძირითადად მოედნის ცენტრისა და ბურთის დაუფლებას ცდილობდნენ. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ "მერანისა" და "გურიის" ახლად დანიშნული მწვრთნელები აქცენტს პრაგმატულ, თუმცა შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთზე აკეთებდნენ.

პირველ ტაიმში გუნდებმა მომენტები გაცვალეს: 30-ე წუთზე ჯერ "სტანდარტულიდან" ჩაწოდებულ ბურთს ლუკა ნოზაძე გამოეხმაურა, თუმცა მისი თავური არაზუსტი გამოდგა. ხუთიოდე წუთში კი მასპინძელთა ბერძენმა ლეგიონერმა ალექსანდრ პაპადოპულოსმა ფლანგიდან ჩინებული პასი მიაწოდა პავლე ხორგუაშვილს, რომელმაც ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა.

პაპადოპულოსის აქტიურობამ შედეგი 41-ე წუთზე გამოიღო - მის მიერ მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს უნებლიეთ მიმართულება სტუმართა გამოცდილმა მცველმა ერეკლე კილაძემ შეუცვალა და ანგარიშიც გაიხსნა - 1:0.

მეორე ტაიმიც თითქმის იმავე სცენარით განვითარდა. ბურთს, საწყის წუთებს თუ არ ჩავთვლით, ისევ "მერანი" აკონტროლებდა.

მე-60 წუთზე მასპინძლებს აშკარად არ გაუმართლათ - წინა ტურში თბილისის "დინამოსთან" მატჩის მსგავსად, დათა ციცხვაიამ კარიდან წინ გამოსულ დაუშვილს მოედნის ცენტრიდან ბურთი თავზე კი გადაუგდო, თუმცა დარტყმა ოდნავ უზუსტო გამოდგა. ცოტა ხანში "გურიის" შემტევმა შოთა ჯიქიამ დაარტყა "სტანდარტულიდან", თუმცა მეკარე ზარქუას ვერ აჯობა.

...და 77-ე წუთიც დადგა: შეცვლაზე შესულმა იმედა აშორტიამ შორიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ბოლოსკენ გურულებს ანგარიშის შემცირების შანსი მიეცათ - საჯარიმოში შესულ ვანო წილოსანს ახლო მანძილიდან სუსტი დარტყმა გამოუვიდა, რაც ზარქუასთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.

ამასობაში, გაისმა საფინალო სასტვენი, რომელმაც "მერანის" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ
გალაკტიონ ჭუბაბრია (მერანი): "ბიჭებმა მოინდომეს, იბრძოლეს და დიდი ხნის შემდეგ პირველი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. იმედი მაქვს, გუნდი თანდათან მოუმატებს და უმაღლეს ლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ. ყველა მარტვილელს (ჭყონდიდელს) ვულოცავ ამ გამარჯვებას".

ბადრი კვარაცხელია (გურია): "თანაბარი თამაში იყო, ლოგიკური შედეგი, ალბათ, ფრე იქნებოდა. ეს მატჩი ჩემთვის მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იყო. მოგებას ვგეგმავდით, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით. მომავალ მატჩებში ვეცდებით არსებული პრობლემების გამოსწორებას, ვიბრძოლებთ სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დასაკავებლად".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური
26.09. მარტვილი. "მ. ხურცილავა". 1 000 მაყურებელი
მერანი-გურია 2:0
გოლები: 1:0 კილაძე (41. საკუთარ კარში), 2:0 აშორტია (77)
მერანი (4-2-3-1): ზარქუა, მარაქველიძე, ი. ციცხვაია, შალიკაშვილი, გეგია - გვაზავა, გ. შალამბერიძე - ხორგუაშვილი (68. აშორტია), პაპადოპულოსი (90. გოგოლიძე), ჯღამაია - ციცხვაია (86. რუხაია).
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, პაჭკორია, ფაილოძე, გაზდელიანი
მწვრთნელი: გალაკტიონ ჭუბაბრია
გურია (4-4-2): დაუშვილი - გელაშვილი, კილაძე, ქურდაძე, ხიზანეიშვილი (46. ლ. მჭედლიშვილი) - ზაქრაძე (78. კობერიძე), ნოზაძე, მოსიაშვილი (58. გოა), მაისურაძე - შ. ჯიქია, წილოსანი.
სათადარიგოები: გოგუაძე, ჩადუნელი, რეხვიაშვილი
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
გაფრთხილება: ი. ციცხვაია (18), ხიზანეიშვილი (30), დ. ციცხვაია (52), მოსიაშვილი (52)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 6
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 5
ი. მოდებაძე (დილა) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 4

მომდევნო, VII ტური
3 ოქტომბერი, შაბათი
ცხინვალი-კოლხეთი
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
საპოვნელა-ლოკომოტივი
სამტრედია-დილა

4 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
შუქურა-საბურთალო
გურია-ზუგდიდი
სიონი-მერანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული