11:54 02-11-2015
ტორპედო-გურია 2:1 - ნანატრი გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
ცხადია, გურულებიც საბრძოლველად იყვნენ განწყობილნი, რაც შეხვედრის დებიუტშივე გამოჩნდა, როცა ლანჩხუთელებმა ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. კარში ორივეჯერ ნიკოლოზ მაისურაძე ურტყამდა, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა.
"მძიმედ" დაწყებული თამაშის შემდეგ "ტორპედომ" ტემპს მოუმატა და ზედიზედ სამი რეალური საგოლე მომენტი შექმნა - დათა სიჭინავამ ხარიხა შეაზანზარა, ოთარ კვერნაძის თავური რობერტ იმერლიშვილმა მოიგერია, თავითვე ცდილობდა გატანას შეტევაში ჩართული ანრი ჭიჭინაძე, მაგრამ არც მას გაუმართლა.
სათამაშო უპირატესობა ქუთაისელთა მხარეს იყო და უფრო ლოგიკური მათი დაწინაურება იქნებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა - მაისურაძის მიერ შესრულებული "სტანდარტულის" შემდეგ ვანო წილოსანმა იაქტიურა, მეკარე რევაზ თევდორაძემ ბურთი პირდაპირ სანდრო ბახიას მიმართულებით მოიგერია და ამანაც ქუთაისელთა დამწუხრების შანსი ხელიდან არ გაუშვა - ზუსტი და ძლიერი დარტყმა ახლო კუთხეში - 0:1.
გოლის შემდეგ მასპინძლებმა შეტევები გააძლიერეს და რამდენჯერმე მიზანთან ახლოსაც იყვნენ - კახელიშვილის თავურის შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან მცველებმა გამოიტანეს, სიჭინავას უძლიერესი დარტყმა კი იმერლიშვილმა აკრობატულ ნახტომში მოიგერია.
ალექსანდრ შტელინმა მდგომარეობის გამოსწორება შეცვლებით სცადა და თავდასხმის გასაძლიერებლად მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მოედანზე თორნიკე კაპანაძე და დავით კირკიტაძე შეუშვა.
თამაშში ორივე აქტიურად ჩაერთო და თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ "ტორპედოს" თავკაცს ცვლილებებმა გაუმართლა, განსაკუთრებით - კაპანაძემ, რომელმაც ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, ცოტა ხანში კი თავადაც გაიტანა...
თუმცა, მანამდე იყო ეპიზოდი, რომელსაც, შესაძლოა, მატჩი სულ სხვა სცენარით გაეგრძელებინა...
გურულთა სწრაფი კონტრშეტევისას წილოსანმა "ტორპედოს" მთელი დაცვა მოატყუა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ქუთათურები გოლისგან თევდორაძემ იხსნა და საკუთარ გუნდს მატჩის "შემოტრიალების" შანსი შეუნარჩუნა.
ტორპედოელებმა იერიშები კიდევ უფრო გაამწვავეს და მიზანსაც მიაღწიეს - მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ კაპანაძემ ირაკლი კლიმიაშვილს დაუგორა დასარტყმელად და მანაც დაახლოებით 25 მეტრიდან ტყვიასავით გაუშვა ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში - 1:1.
სტუმრებმა გონზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ ორიოდ წუთში ბრეგვაძის ფლანგურ გადაცემას კაპანაძემ ნახტომში თავი შეაგება და "ტორპედო" წინ გაიყვანა.
გურულებს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ კობერიძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ მეკარეს მოხვდა, შემდეგ კი ძელმა უკუაგდო. ამის შემდეგ ანგარიშის შეცვლის შანსი არც ერთ გუნდს აღარ მისცემია და რიონისპირელებმა ნანატრი გამარჯვებით ძალიან გაიხარეს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური
01.11. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-გურია 2:1
გოლები: 0:1 ბახია (35), 1:1 კლიმიაშვილი (75. კაპანაძის პასით), 2:1 კაპანაძე (77. ბრეგვაძის პასით)
ტორპედო (4-1-4-1): თევდორაძე - ტაბატაძე, ნერგაძე, ჭიჭინაძე, კახელიშვილი - კლიმიაშვილი - სიჭინავა (46. კირკიტაძე), ბაბუნაშვილი, კუხიანიძე, ბრეგვაძე (85. მამასახლისი) - კვერნაძე (46. კაპანაძე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ნაცვლიშვილი, ფურცხვანიძე, შინდაგორიძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გურია (4-2-3-1): იმერლიშვილი - გელაშვილი, ჩადუნელი, ზოზულია, ხიზანეიშვილი - ნოზაძე, კობერიძე - წილოსანი (62. ჩაფიძე/87. ქუდაძე), მოსიაშვილი (76. რეხვიაშვილი), მაისურაძე - ბახია.
სათადარიგოები: დაუშვილი, ლაბაძე, წერეთელი, ზაქარაძე
მწვრთნელი: გია ჩხაიძე
გაფრთხილება: ნოზაძე (30), ტაბატაძე (41), მოსიაშვილი (41), წილოსანი (59), კობერიძე (61), კუხიანიძე (90)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
მომდევნო, XI ტური
6 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-ზუგდიდი
7 ნოემბერი, შაბათი
შუქურა-დინამო (ბთ)
საპოვნელა-დილა
8 ნოემბერი, კვირა
სამტრედია-ჩიხურა
გურია-ცხინვალი
სიონი-ტორპედო
დინამო (თბ)-კოლხეთი
საბურთალო-მერანი.
ბომბარდირები:
ო. მარცვალაძე (დილა) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 7.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული