უმაღლესი ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
მოლოდინისამებრ, მართლაც საინტერესო ტური გამოდგა: უხვგოლიანი, ერთი-ორი მოულოდნელი შედეგით, ეფექტური გოლებით, ერთდროულად სამი "შემოტრიალებული" მატჩით, ჩვენი ჩემპიონატისათვის იშვიათი ჰეთ თრიკით, სადებიუტო "დუბლებით", რამდენიმე გაძევებითა და ასევე რამდენიმე პენალტით!..

მოკლედ, ემოცია სჭარბობდა X ტურში, ოქტომბერში რომ დაიწყო და ნოემბერში დასრულდა.

აქვე აუცილებელი განმარტებაც: ამ სეზონიდან გაზეთმა "ლელომ" და კომპანია "ლიდერბეთმა" საქართველოს ჩემპიონატის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი პროექტი წამოიწყო, რომლის მიხედვითაც, ჯილდოვდებიან თვის საუკეთესო მწვრთნელი და თვის საუკეთესო ფეხბურთელი.

აგვისტოსა და სექტემბრის ლაურეატებმა თავიანთი კუთვნილი პრიზები უკვე მიიღეს; აი, რაც შეეხება ოქტომბრის ნომინანტებს,
ამ შემთხვევაშიც უკვე ყველაფერი ცნობილია - საქართველოს ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელიც გამოვლენილია და საუკეთესო ფეხბურთელიც. უბრალოდ, დაჯილდოების თარიღიღა რჩება დასაზუსტებელი და უახლოეს დღეებში ქართული საფეხბურთო საზოგადოება ამის შესახებ დაწვრილებით შეიტყობს.

თუმცა, ვიდრე ოქტომბრის მოვლენებს შევაფასებდეთ, მანამდე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ X ტურზე, რომელიც მოვლენებით მართლაც რომ დახუნძლული გამოდგა.

კვლავაც "დინამო"
უშუალო კონკურენტის ("დილას") წაფორხილებით მშვენივრად ისარგებლა თბილისის "დინამომ" და თავისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მეტოქეს ("ჩიხურა") მოუგო, რის შემდეგაც, სულ მცირე, ერთი კვირა ცხრილის ლიდერი ისევ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი იქნება, თანაც გია გეგუჩაძის გუნდს კალენდარიც ხელს უწყობს: "ცხინვალისა" და "ჩიხურას" შემდეგ "დინამოს" ზედიზედ კიდევ ორი საშინაო მატჩი ელოდება ("კოლხეთთან" და "სამტრედიასთან").

სხვათა შორის, დინამოელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ კვლავაც არ უღალატა ტრადიციას და მის მიერ განხორციელებული როტაცია ამჯერადაც ეფექტიანი აღმოჩნდა: ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა სლოვაკმა მეკარემ, ლიბორ ჰრდლიჩკამ სტუმართა ფორვარდს, თორნიკე მუმლაძეს პენალტი აუღო!

არადა, ამ დროისათვის ანგარიში 1:0 იყო "დინამოს" სასარგებლოდ და საჩხერელთა შემტევს გოლი რომ გაეტანა, არავინ იცის, მოვლენები შემდგომ როგორ განვითარდებოდა.

პენალტების თემაზე ოდნავ ქვემოთ, ისე, როგორც "დუბლ(ებ)ზე": "დინამოს" გამარჯვება ხომ ოთარ კიტეიშვილის ორმა გოლმა მოუტანა.

სამი შემობრუნება
ამ ტურში სამი ისეთი მატჩი იყო, მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით რომ იცვლებოდა!

ზუგდიდური მატჩით დავიწყოთ, მით უფრო, რომ ეს იყო ბესიკ შეროზიას გუნდის პირველი მოგება ამ ჩემპიონატში: "საპოვნელასთან" წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა შეძლეს და შესვენების შემდეგ მეტოქის კარში 2 უპასუხო გოლი გაიტანეს.

ანალოგიური სცენარით განვითარდა მოვლენები ტურის ყველაზე გვიანდელ შეხვედრაში: "გურიამ" გონივრული ტაქტიკა აირჩია და ძველისძველ მეტოქესთან ("ტორპედოსთან") პირველი ტაიმი მოიგო; თუმცა, ქუთათურთა გუნდის თავკაცმა ალექსანდრ შტელინმა შესვენებაზე მართლაც ეფექტიანი შეცვლები განახორციელა და მეორე ტაიმში გატანილი ერთმანეთზე უკეთესი 2 გოლით უკრაინელმა სპეციალისტმა საქართველოს ჩემპიონატში 13-წლიანი პაუზის მერე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ისე, რაც მართალია, მართალია: ირაკლი კლიმიაშვილის შორეული დარტყმაც მოხდენილი იყო და შეცვლაზე შემოსული თორნიკე კაპანაძის თავურიც...

აი, მესამე და, ბევრისთვის მოულოდნელი "შემობრუნება" გორში მოხდა, - აი, სად იცვლებოდა მოვლენები და სად იყო ამ ტურში ყველაზე დიდი ემოციური მუხტი! თავად განსაჯეთ: პენალტიც იყო, წითელი ბარათიც და 7 ყვითელი ბარათიც!

თუმცა, ეს კიდევ არაფერი: მასპინძლები მართლაც გოლის იშტაზე მოსულმა ოთარ მარცვალაძემ დააწინაურა (რომელიც 9 გოლით ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა) და პირველი ტაიმიც მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო (1:0). თუმცა, მასპინძლებმა, ეტყობა, "დაივიწყეს", რომ "შუქურა" ამ მატჩამდე ზედიზედ სამი მოგებით მივიდა და დაისაჯნენ კიდეც: ჯერ იყო და, სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა და კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი შეცვლაზე შემოსულმა მერაბ ურიდიამ სულაც "დუბლი" შეასრულა!

აი, ასეთი ეფექტიანი შეცვლა გააკეთა მეორე ტაიმში ქობულეთელთა მთავარმა მწვრთნელმა თეიმურაზ შალამბერიძემ, რომელსაც მართლაც ჩინებული შედეგით შეუძლია იამაყოს: მისი ხელმძღვანელობით, "შუქურამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო ჩემპიონატში და დღესდღეობით მხოლოდ სამი ქულითღა ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფ "დილას".

სამი დუბლი და სამივე სადებიუტო...
უკვე ვთქვით, რომ თბილისის "დინამომ" მორიგი 3 ქულა ოთარ კიტეიშვილის "წყვილი" გოლით მოიპოვა და ეს იყო 19 წლის შემტევი ნახევარმცველის პირველი "დუბლი" უმაღლეს ლიგაში; ისე, როგორც მერაბ ურიდიასათვის: "შუქურას" 22 წლის ფორვარდი სულ ახლახან გამოჩნდა საქართველოს ჩემპიონატში და მოქმედი ჩემპიონის კარში ჯერ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა, მერე კი სულაც "დუბლი" მიითვალა.

ასევე პირველად შეასრულა "დუბლი" უმაღლეს ლიგაში "ლოკომოტივის" 25 წლის შემტევმა ზვიად ქანთარიამ, რომელიც ბოლო ტურებში უკვე მყარად დამკვიდრდა თავის გუნდის ძირითადში.

სერიები
ესპანელი სპეციალისტის, ჟერარდ სარაგოსას დაბრუნების შემდეგ "ლოკომოტივმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სატურნირო მდგომარეობა მვეთრად გაიუმჯობესა;

ჩინებული შედეგი აქვს აგრეთვე "კოლხეთის" ახალ მთავარ მწვრთნელს, გელა სანაიასაც: ფოთელთა გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, თანაც, საკუთარ კარში გოლი არ მიუღია; თუმცა, ამ ნომინაციაში "აბსოლუტური ლიდერი" მაინც სხვა არის: ზემოთ ნახსენები თეიმურაზ შალამბერიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "შუქურამ" ხომ უკვე ოთხი შეხვედრა მოიგო ზედიზედ.

აი, რაც შეეხება უსიამოვნო სერიას, "მერანმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და ცხრილის ბოლო ადგილზე მისი ყოფნაც არავის უნდა გაუკვირდეს.

აი, ბათუმის "დინამოს" არასტაბილური ასპარეზობა კი მართლაც მოულოდნელობაა. სამაგიეროდ, ვარლამ კილასონიას დამოძღვრილი "სიონის" წარმატებული თამაში კი უკვე კანონზომიერებაა და ამ სიტყვებსაც, ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, უკვე მერამდენედ ვამბობთ.

სადებიუტო მატჩები
გასულ ტურში რამდენიმე ფეხბურთელმა ჩაატარა სადებიუტო მატჩი უმაღლეს ლიგაში: ომარ ბულუხაძემ, ბექა ნიკოლაშვილმა, თემურ ჩოგაძემ (სამივე - 17 წლის და სამივე - "საბურთალო") და 20 წლის თენგიზ ბრეგვაძემ ("ტორპედო").

მერაბ ურიდიას სადებიუტო გოლ(ებ)ზე უკვე ვთქვით. მის გარდა, ასევე პირველად შეძლო უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენა თორნიკე ჯიმშელეიშვილმა ("საპოვნელა")

ტატანა-შოუ!
მიმდინარე სეზონში ამ ტურამდე მხოლოდ და მხოლოდ 2 ჰეთ თრიკი იყო შესრულებული: პირველ ტურში თავი გამოიჩინა ბათუმის "დინამოს" ცენტრფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა, VIII ტურში კი იგივე მიღწევა გაიმეორა "დილას" შემტევმა ოთარ მარცვალაძემ.

და აი, გასულ ტურში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა შეასრულა ჰეთ თრიკი: "სიონის" 32 წლის თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა სტუმრად ბათუმის "დინამოს" კარში 3 გოლი გაიტანა!

აღსანიშნავია, რომ ტატანაშვილი წინა სეზონში ბათუმის "დინამოში" გამოდიოდა, მანამდეც არაერთი წარმატებული სეზონი ჩაუტარებია სხვადასხვა ქართულ გუნდში; ვინ მოსთვლის, მეტოქეთა კარში რამდენი "დუბლი" შეუსრულებია, მაგრამ ერთ მატჩში 3 გოლი უმაღლეს ლიგაში აქამდე არასდროს გაეტანა და აი, მის კარიერაში პირველი ჰეთ თრიკიც!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული