გია გეგუჩაძე: ჯერ მშვიდად ვერ ვიქნებით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ახლა სანაკრებო პაუზაა. პირველობას თბილისის "დინამო" ლიდერობს.

ამბობენ, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი მალე მნიშვნელოვნად გაძლიერდებაო. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილია ალეკო ამისულაშვილის დამატება თურქული "ქარშიაქადან". ცხადია, ახალწვეულები კიდევ იქნებიან... ამასობაში, "დინამოში" სინჯებზე ჩამოვიდა გერმანელი მცველი, "კიოლნის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ბასალა მაზანა...

მოკლედ, დედაქალაქური კლუბის მთავარ მწვრთნელთან სასაუბრო დაგროვდა. გია გეგუჩაძეს საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩის შეფასებაც ვთხოვეთ...

- საქართველოს ჩემპიონატში პაუზაა. ქვეყნის პირველობას თბილისის "დინამო" ლიდერობს. მოდით, შევაფასოთ ის პერიოდი, რომელიც გუნდმა განვლო
ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე...

- ჯერ ეროვნული ჩემპიონატის მესამედია გავლილი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი არაფერია. ჩვენსა და ჩვენს კონკურენტებს შორის არ არის იმხელა სხვაობა, რომ თავი მშვიდად ვიგრძნოთ. ჩვენ ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობთ საიმისოდ, რომ თამაში სულ უფრო სრულყოფილი გავხადოთ.

სამუშაო ამ კუთხით კიდევ ბევრია და ჩვენც სულ უფრო მეტი გვინდა.

- როგორც შევიტყვეთ, გადაწყვეტილია გუნდში ალეკო ამისულაშვილის მოსვლა. ახალწვეულები კიდევ იქნებიან?
- ამისულაშვილის თაობაზე წავიკითხე, მაგრამ ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ. ვერც იმას ვიტყვი, რომ ფეხბურთელთან საუბარი შედგა...

რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას, ამ მხრივ მიდის მუშაობა და ეს არის ყოველდღიური პროცესი. "დინამო" გაძლიერდება.

- დარჩება თუ არა გუნდში გერმანელი მცველი ბასალა მაზანა?
- ჩვენ ეს ფეხბურთელი სინჯებზე ჩამოვიყვანეთ. ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც ამ მოთამაშის კარიერას გავეცანით. შემიძლია გითხრათ, რომ ბასალა მაზანა არ დარჩება "დინამოში". ეს საკითხი გადაწყვეტილია.

- რას იტყვით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საერთო დონეზე? ფაქტია, ჩვენი პირველობიდან მოთამაშეებს უჭირთ ქვეყნის მთავარ გუნდთან ადაპტირება...
- ძალიან მტკივნეული პრობლემაა. რა თქმა უნდა, მეც, როგორც ყველა, ვისურვებდი, რომ საქართველოს ჩემპიონატი უფრო მაღალი დონის ტურნირი იყოს.

შედარებით ქვედა დონეებზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კიდევ ჰყოფნის მომზადება, მაგრამ ეროვნული ნაკრების დონეზე უკვე სხვა ვითარებაა. სხვა ტემპია, სხვა მოთხოვნები... ანალოგიურ პრობლემას ვაწყდებით ევროპული ტურნირების დროსაც.

- მინდა გთხოვოთ აზრის გამოთქმა საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩის თაობაზე...
- სამწუხაროდ, ალბანეთთან მატჩი ვერ ვნახე. ესტონეთთან კი ნაკრებმა სუსტად ითამაშა.

ბოლოს გაჩნდა პოზიტივი, იმედი და ამ ერთი თამაშით ყველაფრისთვის ხაზის გადასმა არ იქნება მართებული. აქვე, ნაკრებთან დაკავშირებით, ჩემს აზრს მოგახსენებთ. ჩემი შეხედულებით, უმჯობესია, ამა თუ იმ ფეხბურთელმა გაიაროს ასაკობრივი ნაკრებების ყველა საფეხური, ამოწუროს იქ თავისი თავი და მერე გადავიდეს ეროვნულ ნაკრებში. ვერ ვიტყვით, რომ რეზერვი არ გვყავს. მათ სჭირდებათ შესაბამისი მომზადება.

პირადად მე არ მიმაჩნია გამართლებულად ფეხბურთელების ნაკრებებში აქეთ-იქით ტარება. შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, თუნდაც ახალგაზრდული ნაკრებისკენ მიგვემართა მთელი რესურსი ესპანეთთან და შვედეთთან მატჩებისთვის...

დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გვიჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც მისგან ყველა ველით.

- ბოლო დღეებში საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა ითამაშეს საშინაო მატჩები. ტრიბუნები, პრაქტიკულად, ცარიელი იყო. ნუთუ, აღარ ვართ საფეხბურთო ქვეყანა?
- ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას შეეხეთ. ვრცელი თემაა... როცა არ არის შედეგი და ვერც სანახაობრივი მხარეა მიმზიდველი, ასეთი რამ ხდება.

დამაფიქრებელია, რომ ქართულ სტადიონებზე ჩვენ თითქმის სულ ერთსა და იმავე სახეებს ვხედავთ - ფეხბურთელების ნათესავ-ახლობლებსა თუ მეგობრებს. აქ ბევრი კომპონენტის ერთობლიობაა - შედეგის, სანახაობის... იმისიც, რომ არ ხდება ფეხბურთის პროპაგანდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რომ მიხვიდე სტადიონზე რა უნდა ნახო?ბებერი მარცვალაძე რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იქნება რა სანახაობაზეა ლაპარაკი?! სტადიონებზე თუ ერთსა და იმავე სახეებს ვხედავთ მოედანზეც წლებია ერთი და იგივე
"სუპერ ვარსკვლავებს" ვხედავთ სხვადასხვა გუნდებში! მიეცით ახალგაზრდებს შანსი და ათამაშეთ ამ მარად პერსპექტიული მალიარების ნაცვლად!!
GRRR
19:50 21-11-2015
0
გუჯაააა ისევ სპორტალზე ეძებ კლიენტებს ბიჭოოო? :Dდ არ გრცხვენია მაინც?
გუჯას ფულის გაკეთება უნდა
15:57 21-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული