სიონი-ჩიხურა 4:0 - შეცვალე, გადააწყვე და მოიგე! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სიონმა" 7 წუთში მოუთავა საქმე საჩხერის "ჩიხურას" და ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე დამკვიდრდა, სულ მცირე, "დილას" საკვირაო მატჩამდე, რაც დიდზე დიდი წარმატებაა ვარლამ კილასონიას გაწვრთნილი გუნდისთვის, რომელიც სეზონის წინ ცაიტნოტურ სიტუაციაში შეიკრიბა.

მატჩი დაგეგმილზე ერთი საათით გვიან, 15 საათზე დაიწყო. ბოლნისს ერთი კარგი ბიჭი მოუკვდა - 21 წლის ლევან მეშველიანი, ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანის ძმიშვილი, რის გამოც "სიონმა" შავი სამკლავურებით ითამაშა.

პირველ ტაიმში მინდორზე, ძირითადად, თანაბარი ბრძოლა იყო. ეგაა, "სიონს" უფრო ექმნებოდა მომენტები - დავით კუპატაძის კართან
ხანდახან ძალიან "ცხელოდა" გაუსაძლის ბოლნისურ სუსხში.

მე-7 წუთზე ვილი ისიანის ჯარიმის შემდეგ ბურთი კუპატაძემ მოიხელთა. ერთ წუთში, დავით საჯაიას მახვილგონივრული პასის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილმა ახლოდან ვერ გაიტანა. მერე გიული მანჯგალაძემ კინაღამ აიღო ყოფილი გუნდის კარი.

მიმდინარე სეზონში პირველად არ მინახავს "სიონის" თამაში და უნდა ითქვას, რომ ლუგანსკის "ზორიას" სკოლაგამოვლილი მანჯგალაძე ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ უდავოა - გიული ყველაზე მეტს მუშაობს ჩვენს ფეხბურთელთა შორის. ამასთან, ის კარგადაც კითხულობს თამაშს.

23-ე წუთზე მოვლენათა ეპიცენტრში ისევ მანჯგალაძე მოექცა. მისი დარტყმული ბურთი კუპატაძემ მოიგერია. ტაიმის ბოლომდე დასამახსოვრებელი იყო ისიანის სახიფათო დარტყმა, ასევე - გიორგი გაფრინდაშვილისა და იმავე ისიანის მიერ გათამაშებული კომბინაცია.

პირველი, უგოლო ტაიმის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, თუ მეორე ნახევარში ასეთი სანახაობა და გოლების წვიმა გველოდა. ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა - კილასონიამ ჯერ კიდევ პირველი ტაიმის ბოლოს გადააწყო გუნდი, როცა ფლანგები გაუცვალა გაფრინდაშვილსა და ისიანს. კილასონიამ მეორე ტაიმშიც გააგრძელა ექსპერიმენტები და წარმატებაც გამოჭედა.

მეორე ნახევარი ისევ "სიონის" შეტევით დაიწყო. ისიანი შეიჭრა საჩხერელთა საჯარიმოში და დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთს კუპატაძე დაეუფლა. 50-ე წუთზე გაფრინდაშვილმა შესანიშნავი პასი მისცა მანჯგალაძეს, რომელსაც გოლამდე სულ ცოტა დააკლდა.

გარდატეხა 64-ე წუთზე მოხდა. მინდორზე ოთარ კობახიძე შევიდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ "გააკეთა" კიდეც თამაში. გოლი, საგოლე პასი და მონადირებული პენალტი - აი, ამდენი მოასწრო არასრულ ნახევარ საათში.

ანგარიში კი 70-ე წუთზე გაიხსნა. ალეკო გოგობერიშვილის კარგი პასის შემდეგ კობახიძე საჩხერელთა საჯარიმოში შეიჭრა და დავით მეგრელიშვილმა ის აკრძალული ილეთით შეაჩერა. ბურთთან ვილი ისიანი მივიდა, ზუსტად შეასრულა პენალტი და ადგილი სამარქაფო ჯაბა უგულავას დაუთმო.

ხუთ წუთში "სიონმა" უპირატესობა გაამყარა. შოთა კაშიამ ხელით ითამაშა. ჯარიმა მშვენივრად შეასრულა უმცროსმა ვარლამ კილასონიამ. ისე კი, სხვა ეპიზოდებში დამაჯერებლად მოთამაშე კუპატაძეს თავისიანების გადარჩენა ნამდვილად შეეძლო.

ერთ წუთში ბოლნისელებმა კიდევ გაიტანეს. სტუმართა მცველებმა ვერ ამოიტანეს ბურთი და არეულობაში ყველაზე უკეთ და სწრაფად ბოლნისელთა გამოცდილი საყრდენი, ლუკა რაზმაძე გაერკვა - 3:0. საგოლე პასი თამაშის გმირმა კობახიძემ მიითვალა.

ბოლო აკორდი კი სწორედ კობახიძისა იყო. გაფრინდაშვილის პასის შემდეგ მან მეოთხედ შეარხია "ჩიხურას" კარის ბადე.

ხდება ხოლმე ჩვენს ჩემპიონატში, რომ გუნდი იგებს, მაგრამ ამ მოგებაში მწვრთნელის წვლილი დიდი არ არის. ამ შემთხვევაში ვარლამ კილასონიაზე ამას ვერ ვიტყვით - მან პირწმინდად მოუგო ტაქტიკური დუელი გამოცდილ კოლეგა სოსო ფრუიძეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
28.11. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-ჩიხურა 4:0
გოლები: 1:0 ისიანი (70-პენ), 2:0 კილასონია (75), 3:0 რაზმაძე (76), 4:0 კობახიძე (90)
სიონი (4-5-1): მერლანი - ფოფხაძე, ჯაფიაშვილი, კილასონია, გაფრინდაშვილი - ისიანი (71. უგულავა), გოგობერიშვილი, მანჯგალაძე, რაზმაძე, საჯაია (64. კობახიძე) - ტატანაშვილი (80. ვასაძე).
სათადარიგოები: მელაძე, მიქაბერიძე, მანაგაძე, ჭიკაიძე;
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ჩიხურა (4-5-1): კუპატაძე - კორიფაძე, განუგრავა, კაშია, მეგრელიშვილი - კურტანიძე (10. ჯოხაძე), ჭეჭელაშვილი (78. ჭანკოტაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, დეკანოიძე (68. სარდალიშვილი) - მუმლაძე.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, კაკაშვილი, იაკობაშვილი, ივანიშვილი
გაფრთხილება: კაშია (66), მეგრელიშვილი (69), ჯაფიაშვილი (81)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე (ჩიხურა): "პირველი ტაიმი ნორმალურად გავისარჯეთ და არ ვიმსახურებდით ასეთ ანგარიშს. მეორე ტაიმში კი ისე ვითამაშეთ, რომ სხვაობა შეიძლება უფრო დიდიც ყოფილიყო. ჩვენს კარში გატანილი გოლები ბავშვური შეცდომების შედეგი იყო".

ვარლამ კილასონია (სიონი): "ჩიხურა" ძლიერი გუნდია, კარგად არის დაკომპლექტებული და ანგარიშმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. პირველ ტაიმში ჩვენ არ გვქონია განსაკუთრებული უპირატესობა, მეორე ტაიმში კი გადავაწყვეთ გუნდი, შეცვლები გავაკეთეთ... მადლობა ბიჭებს! მათ ბოლომდე იბრძოლეს".

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/4-ფინალი. I მატჩები
2-3 დეკემბერი


მომდევნო, XIV ტური

6 დეკემბერი, კვირა
დინამო (ბთ)-საბურთალო
ცხინვალი-საპოვნელა
კოლხეთი-ზუგდიდი
ტორპედო-ლოკომოტივი
ჩიხურა-შუქურა
დინამო (თბ)-სიონი
სამტრედია-გურია

7 დეკემბერი, ორშაბათი
დილა-მერანი.

ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 10
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 8

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული