ტორპედო-კოლხეთი (ხ) 5:1 - ქუთათურებმა თოვლსაც აჯობეს და მეტოქესაც

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს, ქუთაისის "ტორპედომ" მოსამზადებელ ეტაპზე მესამე საკონტროლო შეხვედრა გამართა. ალექსანდრ შტელინის გუნდმა საკუთარ მოედანზე გია გურულის გაწვრთნილი, პირველი ლიგის ბინადარი ხობის "კოლხეთი" ისტუმრა.

ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, იყო შანსი, თამაში არ გამართულიყო - მოედანი თოვლმა დაფარა, თუმცა შტელინმა თამაში დაიჟინა და საბოლოოდ, საფარი სპეცტექნიკით გაწმინდეს.

მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა მე-9 წუთზე პირველი საგოლე მომენტი ხობელებმა შექმნეს - მაქსიმე ქვილითაიას პირისპირ დარჩენილმა ბექა ბაკურაძემ არაზუსტად დაარტყა.

მერე "ტორპედომ" მეტოქე შეავიწროვა და შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდა. პირველი გოლი ვანო
წილოსანის
ფლანგური გადაცემის შემდეგ ოთარ კვერნაძემ გაიტანა - 1:0.

რამდენიმე წუთში მასპინძელთა იერიში თავად ახალწვეულმა წილოსანმა დააგვირგვინა - 2:0, ხოლო ტაიმის დასასრულ, მეორე ახალწვეულმა ბექა ტუღუშმა ივარგა - 3:0.

მეორე ნახევარში ტორპედოელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ ორით ისარგებლეს: ორჯერვე თავი თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა. ეტყობა, გუნდში არსებული კონკურენცია თავდამსხმელებზე კარგად მოქმედებს - ხუთიდან 4 გოლი სწორედ მათ ანგარიშზეა.

ხობელებმა პრესტიჟის გოლი პენალტით (მამუკა ჭკადუა) გაიტანეს და თამაშიც ასე მორჩა - 5:1.

ტორპედო: ქვილითაია, ნიკონოვი, ნერგაძე, ქიმაძე, ხვადაგიანი, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, გოგუაძე, წილოსანი, ტუღუში, კვერნაძე; შეცვლაზე: ხაინდრავა, ნაცვლიშვილი, მირცხულავა, ტაბატაძე, ბრეგვაძე, მამასახლისი, ბაბუნაშვილი, საღრიშვილი (ბურჯანაძე, 70), შინდაგორიძე, კვარაცხელია, კაპანაძე.
კოლხეთი: გელაშვილი, ონიანი, ვართაგავა, გოგენია, ფირცხელავა, ჭანტურიძე, რუხაია, მეფიშვილი, ბაკურაძე, ჭედია, თევზაძე; შეცვლაზე: ქაჯაია, წურწუმია, ჭკადუა, ლატარია, ლოლუა, გიორგაძე, კვირტია, ბერაია.

ქუთაისელები მომდევნო საკონტროლო შეხვედრას 24 იანვარს, ქობულეთში "შუქურასთან" ჩაატარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული