გიორგი ქვილითაია: არც ვიცი, დავიჯერო თუ არა?..

AutoSharing Option
19 გოლი 23 შეხვედრაში! - ასეთია გიორგი ქვილითაიას მონაგარი საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ბოლო წლების საუკეთესო მეგოლეებში ხომ ასეთი შედეგიანობა ბევრს არ უჩვენებია.

ბოლო ათ წელიწადში 20 გოლზე მეტი ექვს სეზონში გავიდა. საუკეთესო მაჩვენებელი კი სანდრო იაშვილს (2006/07, 27 გოლი), ანდერსონ აკინოსა (2009/10, 26 გოლი) და ჩისკოს (2012/13, 24 გოლი) ჰქონდათ.

მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და ქვილითაიას 20-გოლიანი ზღვარის გადალახვის და, კარგ შემთხვევაში, ბოლო ათ წელიწადში ნაჩვენები საუკეთესო შედეგის გაუმჯობესების იმედი უნდა ჰქონდეს.

ბოლო ტურში,
"დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ის შეცვლაზე შეიყვანა, ისევე, როგორც ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩში და ამის მიუხედავად, 23 წლის თავდამსხმელმა 2 მატჩში 3 გოლით გამოიჩინა თავი, ბომბარდირთა ბრძოლაში საგრძნობლად დაწინაურდა და გორის "დილას" ფორვარდს, გამოცდილ ოთარ მარცვალაძეს 4 გოლით უსწრებს.

რა შედეგს ჩათვლის საუკეთესოდ და რამდენი გოლის გატანა სურს მიმდინარე სეზონში? რატომ არ ათამაშებს ბოლო ორ შეხვედრაში "დინამოს" სასტარტო შემადგენლობაში იარაბეკი? ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ...

- ჯერ ბოლო შეხვედრით დავიწყოთ. "ცხინვალთან" საკმაოდ მძიმე თამაში გქონდათ, მაგრამ სახალისო საყურებელი კი გამოდგა...
- მესმის, რომ მაყურებლისთვის კარგი სანახავია, როცა ერთი გუნდი ორბურთიან უპირატესობას ანიავებს, მაგრამ მაინც იგებს. ჩვენ კი ეს საკმაოდ დიდი ნერვიულობისა და მობილიზაციის ხარჯზე მოვახერხეთ. ისე, მართლაც მძიმე თამაში გვქონდა.

- მეორე წრეში "დინამომ" იოლად მხოლოდ ერთხელ, "საბურთალოსთან" მოიგო. სხვა შემთხვევებში გუნდი რისკის ზღვარზე გადის...
- ჩვენც გვინდა, რომ იოლად მოვიგოთ, მაგრამ ხანდახან გამოდის. "დინამოსთან" ყველა გაასმაგებულად იბრძვის და ეს არც არის გასაკვირი.

- უკვე მეორე თამაშია, იურაი იარაბეკი ძირითად შემადგენლობაში არ გაყენებთ. არადა, შეცვლაზე შესულს გოლები გაგაქვთ. რატომ ვერ ხვდებით სასტარტოში?
- ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს და ამ შემთხვევაშიც იარაბეკის გადასაწყვეტია, ძირითადში დამაყენებს თუ სათადარიგოებიდან მათამაშებს.

- კონფლიქტი რომ მოგსვლოდათ, მაშინ საერთოდ არ გათამაშებდათ...
- არა, რა კონფლიქტი?! თუ ამჩნევთ, იარაბეკს შემადგენლობაში ცვლილებები უყვარს და ამით კონკურენციას ზრდის. სადაც გუნდს დასჭირდება, მეც იქ და იმ დროს დავეხმარები. ეს ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- თურქული მედიის ინფორმაციით, თქვენით "ტრაბზონსფორი" დაინტერესდა და, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში წაგიყვანონ კიდეც. მაგრამ "დინამოს" წარმომადგენლებმა პრივატულ საუბრებში ეს ცნობა კატეგორიულად უარყვეს...
- დამიჯერეთ, არაფერს ვმალავ და გულწრფელად გეუბნებით - მეც მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ ეს ინფორმაცია გაზეთებსა და ინტერნეტში ვრცელდებოდა. სიმართლე ის არის, რომ ჩემთან არავინ მოსულა, არც დამლაპარაკებია და არ ვიცი, რამდენად სანდო ინფორმაციაა.

- ანუ თურქების ინტერესს უარყოფთ?
- ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, ისეთი ინფორმაციაა, არც ვიცი, დავიჯერო თუ არა.

- ვთქვათ, "ტრაბზონსფორი" მართლაც დაინტერესდა. თქვენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ თურქეთის სუპერლიგაზე გადართვას მოახერხებთ?
- ძნელი სათქმელია. ფეხბურთში ათასი ნიუანსია, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. ყველაფერი ადგილზე უნდა ნახო, ვითარება და მეტოქეები შეაფასო...

- დავუბრუნდეთ საქართველოს. უკვე 19 გოლი გაიტანეთ...
- ...სამიც თასზე, ანუ სულ 22 გოლი გავიტანე.

- ჩემპიონატში რეალურად რამდენის გატანა მიგაჩნიათ?
- 25 გოლი რომ გავიტანო, კარგი შედეგი იქნება. ვნახოთ, 6 ტურია დარჩენილი და კიდევ 6 გოლი ძნელი იქნება.

- უმაღლეს ლიგაში ადრეც თამაშობდით, კერძოდ - გორის "დილაში", მაგრამ ასეთი შედეგიანობით არ გამოირჩეოდით...
- მაშინ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი. გორში ისეთ დროს მივედი, როცა მოსამზადებელი ეტაპი გავლილი არ მქონდა. გარდა ამისა, "დილაში" პირველად მე-7 ტურში ვითამაშე. მეორე წრეშიც დაახლოებით იგივე მოხდა, ანუ სეზონში სულ 5 თვე გამიცდა და ცხადია, ასეთ პირობებში საუკეთესო თვისებებს ვერაფრით გამოვავლენდი. ახლა კი "დინამოში" კარგადაც მოვემზადე და გუნდიც ყველანაირად ხელს მიწყობს.

- კარიერის დასაწყისში პირველი ლიგის "სასკოში", ზედიზედ ორ სეზონში მშვენიერი შედეგი აჩვენეთ - 16 მატჩში 22 გოლი, შემდეგ კი 25 შეხვედრაში - 32 გოლი. მთავარია, იგივე უმაღლეს ლიგაშიც შეძლოთ...
- თუ სტაბილურად ვითამაშებ, რეალური რატომაც არ იქნება? წელს ბევრად მეტის გატანაც შემეძლო და გული მწყდება, რომ ამ შანსებით ვერ ვისარგებლე.

- დაკვირვებული ვარ, როცა საქართველოში გუნდი მეტოქეს დიდი ანგარიშით უგებს, მერე მას ინდობენ და აღარ გააქვთ...
- მე ეს მომენტი ნამდვილად არ მჭირს, პირიქით, როცა შემიძლია, გამაქვს. ბოლოს და ბოლოს, თავდამსხმელისთვის სტატისტიკა და მეტი გოლი ძალიან ბევრს ნიშნავს.

- ერთი კანონზომიერებაც ჩანს - "დინამო" მეტოქეებს მეორე ტაიმის ბოლოს უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე უგებს...
- ეს მართლაც აშკარაა, რომ ფიზმომზადებით გუნდების უმრავლესობას ვჯობნით. მაგრამ მეტოქეებს დასაწყისშიც ვუგებდით ხოლმე და არა მხოლოდ თამაში მიწურულს. უბრალოდ, გოლის შემდეგ კონცენტრაციას ვკარგავთ და თუ გაგვიტანენ, მერე ვფხიზლდებით და მეორე "სუნთქვა" გვეხსნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არასწორი სტატისტიკა წერია ამ სტატიაში გოლებზე, შეადარა რა აკინოს რომელსაც 11 პენალი დაარტყმევინეს
Guja
16:57 12-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული