"რუსთავიც" მნიშვნელოვნად გაძლიერდა და "ლელო" ამაზე უკვე წერდა. შეგახსენებთ, რომ კილასონიამ უმაღლესი ლიგის გუნდებიდან 9 მოთამაშე დაიმატა, თან ისეთი მოთამაშე, თავის გუნდში ლიდერი რომ იყო. რუსთაველთა ერთ-ერთი ახალწვეული ფოთის "კოლხეთის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი მერაბ გიგაურია - საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშები, რომელსაც თემურ ქეცბაიას დროს ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც უთამაშია.
რატომ ამჯობინა უმაღლესი ლიგი
"ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ, ასეთ გადაწყვეტილებამდე მივედი. აქ ბევრი ფაქტორია. თბილისელი ვარ და ფოთში მგზავრობა, იქაურ კლიმატთან შეგუება გამიძნელდა. ახლა იგივე პირობები "რუსთავში" შემომთავაზეს და სახლთან ახლოს თამაში ვამჯობინე.
გადაწყვეტილებისკენ იმანაც მიბიძგა, რომ ვარლამ კილასონიასთან ადრეც მიმუშავია რუსთავის "მეტალურგში", როცა ქუთაისის "ტორპედოდან" წამოვედი. იმ ექვს თვეში დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. ამას გადაუჭარბებლად ვამბობ.
გარდა ამისა, "რუსთავში" ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა - მიხეილ ალავიძე, გიორგი და ვარლამ კილასონიები, დათა სიჭინავა, ლემონჯავა, კაკაშვილი... ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. ასეთი შემადგენლობა უმაღლესი ლიგის ზოგიერთ გუნდსაც არ ჰყავს.
ეს ნაბიჯი ამ ყველაფრის გამო გადავდგი. ჯერ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემადგენლობით შესაძლებელია ოთხ საუკეთესო პირველლიგელში მოხვედრა, ხოლო შემდეგ - უმაღლეს ლიგაში დაბრუნება. პირადად მე კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს, მაგრამ მერე დარჩენასაც არ გამოვრიცხავ", - ამბობს გიგაური.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"