ინტერვიუ ვთხოვეთ "საპოვნელას" მთავარ მწვრთნელს, ახალგაზრდა სპეციალისტ გიორგი ჩიტაურს, რომელიც მანამდე თბილისის "ლოკომოტივის" ახალგაზრდული გუნდის თავკაცი გახლდათ...
- ორიოდე სიტყვით გააცანით თავი "ლელოს" მკითხველს. რა გზა გაიარეთ დღემდე?
- დიდი ფეხბურთი არ მითამაშია. თავის დროზე ვიყავი რუსთავის "მეტალურგში". მერე ვითამაშე "მცხეთაში",
- მანამდე სულ "ლოკომოტივში" მუშაობდით?
- კი, სულ "ლოკომოტივში" ვიყავი.
- "საპოვნელაში" როგორ მიხვედით?
- შემეხმიანა კლუბის ხელმძღვანელობა, შევხვდით ერთმანეთს, დავილაპარაკეთ, პირობებზე შევთანხმდით... სულ ეს იყო.
- მოკლე ხანში საინტერესო შემადგენლობა შეკრიბეთ...
- გუნდში არიან როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელები. გამოცდილთაგან მომავალ სეზონში "საპოვნელას" ღირსებას დაიცავენ დავით ოდიკაძე, მირზა მერლანი, გიორგი მემარნიშვილი, თემურ ფურთუხია...
- ვიცით, რომ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი "ლოკომოტივიდანაც" წაიყვანეთ...
- დიახ, ეს ის ბიჭები არიან, რომელთაც წლების განმავლობაში ვავარჯიშებდი "ლოკომოტივში" - პაპუაშვილი, დუმბაძე, მიქავა, კუხალაშვილი, მანგოშვილი... აქვე უნდა აღვნიშნო საჯაია, ვინც ბოლოს ბოლნისის "სიონში" თამაშობდა. ასევე, ბიბილეიშვილი, მაკარიძე, გიორგაძე... მათ ბოლო სეზონი "საპოვნელაში" ჩაამთავრეს.
- გაძლიერებას კიდევ აპირებთ?
- ამ ეტაპზე, ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ახალ ფეხბურთელებს, ალბათ, ვეღარ დავიმატებთ.
- რა იქნება გუნდის მიზანი მომავალ სეზონში?
- თავდაპირველად, როცა გუნდში მოვედი, მიზანი მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იყო. ბოლო დროს ცოტა შეგვაწუხა ფინანსურმა პრობლემებმა, თუმცა ჩვენ ყველა თამაშზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის.
- საშინაო თამაშებს თერჯოლაში ჩაატარებთ?
- კი, იქვე ვიცხოვრებთ და ვივარჯიშებთ.
- "საპოვნელას" ასაკობრივ გუნდებში თუ არიან ნიჭიერი ბიჭები?
- ჯერჯერობით, ჩვენი ასაკობრივი გუნდები დათხოვილნი არიან. მათ თამაშს ყოველთვის დიდი ყურადღებით მივადევნებ თვალს.
- თქვენ მწვრთნელად ჩამოყალიბებაში ვის მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი?
- ბატონ გაიოზ დარსაძეს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა! მაქვს A და B სამწვრთნელო ლიცენზიები. დღესაც ვგრძნობ მისგან გვერდში დგომას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"