ლუკა ზარანდია თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას 70-ნომრიანი მაისურით დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში თბილისის "ლოკომოტივს" არ უთამაშია. ჟერარდ სარაგოსა მულეტის გაწვრთნილები გარდამავალი პირველობის აღმართს ქუთაისის "ტორპედოსთან" 13 აგვისტოს მატჩით შეუყვებიან.

მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ლუკა ზარანდია ბელგიური "გენკიდან" წამოვიდა და უგუნდოდ დარჩა, ფორმის შენარჩუნებაში კი "ლოკომოტივი" დაეხმარა და ავსტრიულ შეკრებაზე თბილისელებს ამიტომაც შეუერთდა.

20 წლის შემტევმა "ლოკომოტივის" ფორმით საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა და კლუბის ხელმძღვანელობა მის დამატებას იმედოვნებდა. ეს საკითხი მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყდა. "ლოკომოტივის" მეპატრონე ლექსო თოფურიასთან მოლაპარაკების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზარანდია სარაგოსას გუნდში დეკემბრამდე ითამაშებს. ის
თბილისელთა განაცხადში 70-ე ნომრით შეიყვანეს.

"ლელომ" ამ ტრანსფერის დეტალები შეიტყო. როგორც დავაზუსტეთ, "გენკიდან" წამოსულ ზარანდიას ზაფხულში ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის კლუბთან უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი, მაგრამ ცხვირის ოპერაცია დასჭირდა და თვე-ნახევარი გაუცდა. ფორმაში რომ არ იყო, სარაგოსამ და თოფურიამ დახმარების ხელი გაუწოდეს - "ლოკომოტივთან" ვარჯიში შესთავაზეს.

პირველივე საკონტროლო შეხვედრაში ზარანდია მიხვდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ევროპაში წასვლა გაუმართლებელი იქნებოდა. ამიტომ საქართველოში დაბრუნება და თამაში ამჯობინა. ის იმედოვნებს, რომ დეკემბრამდე ფორმას აღიდგენს და მერე ევროპაში უფრო თამამად წავა.

ზარანდიას გარდა, "ლოკომოტივის" რიგებში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ვხედავთ, უცხოეთში რომ მოასწრეს თამაში: ლუკა კიკაბიძე ფრანგული "ბასტიადან" დაბრუნდა, დავით ჩაგელიშვილი - ყაზახური "ოკჟეტპესიდან", დავით დარციმელია - უკრაინული "სევასტოპოლიდან"... რამდენიმე წლის წინ გეგა დიასამიძე დანიურ "ორჰუსში" თამაშობდა, უცხოეთში ხანგრძლივი კარიერა ჰქონდათ გიორგი ფოფხაძეს, ირაკლი კლიმიაშვილსა და ბაჩანა ცხადაძეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზარანდიამ, კიკაბიძემ და დარციმელიამ უცხოეთში თავის დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს, მათ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვთ და იმედია, "ლოკომოტივში" თავიანთ პერსპექტივას დაინახავენ. დასანანი იქნება, ასე რომ არ მოხდეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯამრთელობას გისურვებ))))
ძაანაც არ გინდოდა ეხლა შენ ეს ლოკომოტივი მარა სხვა გზა არ იყოო....
0
საქართველოში ტალანტების და უცხოეთში დაბრაკულების გუნდი!!!
sarqisa
01:37 10-08-2016
0

სიახლეები პოპულარული