უმაღლესი ლიგის VII ტურის წინ: დღეს "ქართული კლასიკოა"

AutoSharing Option
ამ ტურით გარდამავალი ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდება; თუმცა, ამ სეზონის ახლებური ფორმატიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია რაიმე დასკვნების გამოტანა. ეგ კი არა, სატურნირო ცხრილში (ორივე ჯგუფში) ისეთი სიმჭიდროვეა, ყოველი ტურის მერე სერიოზული გადაადგილებები რომაა მოსალოდნელი. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ოთხშაბათს თასის მერვედფინალური მატჩები ჩატარდა და უმაღლესი ლიგის 9 გუნდს, ცოტა არ იყოს, გადატვირთული კვირაც გამოუვიდა.

თეთრი ჯგუფი
25.09. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:30
შუქურა-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =1 -0, 2:1

"შუქურას" შუა კვირაშიც არ ჩაუტარებია სათასო მატჩი და ჩემპიონატის წინა ტურშიც ისვენებდა; ანუ,
თეიმურაზ შალამბერიძის
გუნდს ორ კვირაზე მეტია, ოფიციალური შეხვედრა არ გაუმართავს; მაშინ როცა, "ლოკომოტივმა" ამ პერიოდში სამი მატჩი გამართა და ჟერარდ სარაგოსას გუნდიც, ასეთი გრაფიკის მიუხედავად, წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას.

იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდს აბსოლუტურად განსხვავებული სატურნირო გეგმები აქვთ, მაინც ძნელია რომელიმე გუნდს ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ; "ლოკომოტივს" ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ ჩემპიონატის მსგავსად, თასის გათამაშებაშიც მაქსიმალური მიზნებისათვის იბრძოლოს.

აი, "შუქურა" კი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის და იმასაც ვიტყვით, რომ დღესდღეობით მხოლოდ ეს გუნდია, ამ გარდამავალ ჩემპიონატში თამაში რომ არ მოუგია.

25.09. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:30
ცხინვალი-ჩიხურა
დისკვალიფიკაცია: გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა (ორივე ჩიხურა)
ურთიერთშეხვედრები
6: +2=1 -3, 10:10

ამ ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი, სადაც სხვადასხვა მიზნების მქონე გუნდები ხვდებიან ერთმანეთს. ზედიზედ ორმა წაგებამ "ცხინვალის" სატურნირო მდგომარეობა შედარებით გაართულა, მაგრამ კახა კაჭარავას გუნდს მაინც ხელეწიფება, რომ ეს მდგომარეობა სეზონის ბოლომდე გამოასწოროს.

რაც შეეხება "ჩიხურას", უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სოსო ფრუიძის გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს უმაღლეს ლიგაში; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "ჩიხურას" 2 თანაბარი შემადგენლობა ჰყავს და საჩხერელთა გუნდის ორივე ფრონტზე წარმატებით ასპარეზობაც ამის დასტურია.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში "ჩიხურამ" მართლაც სენსაციურად წააგო საშინაო მატჩი "გურიასთან", თუმცა ლიდერობა მაინც შეინარჩუნა "თეთრ ჯგუფში"; ახლა კი , საჩხერლებს ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ ორი მატჩი ელოდებათ თბილისში: ჯერ - "ცხინვალთან", მერე კი - "დინამოსთან"...

25.09. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო (თბ)-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
61: +31 =15 -15, 107:60

...ჩემპიონატში სამი წაუგებელი გუნდიღა დარჩა და მათ შორის ერთ-ერთი თბილისის "დინამოა"; თუმცა, მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ ორჯერ ითამაშა ფრედ და ამ ორივე შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გადასვლის შანსი დაკარგა. თანაც, კარს მომდგარ სანაკრებო პაუზამდე ხომ "დინამოს" ერთიმეორეზე ურთულესი ორი მატჩი ელოდება: ჯერ, ქუთაისის "ტორპედოსთან", შემდეგ კი - "ჩიხურასთან".

არადა, სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, ერთი შეხედვით, ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირებად უნდა "მოვნათლოთ" კვირის მატჩი, მაგრამ ყველა დაგვეთანხმება, რომ "დინამოსა" და "ტორპედოს" პაექრობების წინ სატურნირო მდგომარეობასა თუ მოტივაციაზე ლაპარაკი აშკარად უადგილო უნდა იყოს.

"ქართული კლასიკო" - ასე "მოინათლა" 90-იანი წლების ბოლოდან "დინამოსა" და "ტორპედოს" პაექრობები და, იქიდან მოყოლებული დღემდე, ამ გუნდებს შორის ყველა მატჩის წინ რაღაც "სხვანაირი" მოლოდინი აქვს ფეხბურთის ქართველ ქომაგს.

იმედია, გამონაკლისი არც კვირის მატჩი იქნება, მით უფრო, რომ ახალი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, "ტორპედომ" ჯერ ჩემპიონატში მოახერხა ნანატრი გამარჯვების მოპოვება, მერე კი, შუა კვირაში, თასის მერვედფინალშიც იმარჯვა.

... ძველი მეტოქეების ურთიერთდაპირისპირებაში უპირატესობა "დინამოს" მხარესაა და უკვე ოთხი წელიწადია, "ტორპედო" რომ ვერაფრით ახერხებს თავის ყველაზე პრინციპული მეტოქის დამარცხებას...

გურია ისვენებს

წითელი ჯგუფი
25.09. ფოთი. პარკი არენა. 16:30
კოლხეთი-დილა
ურთიერთშეხვედრები
46: +19 =7 -20, 54:47

გრძელდება "კოლხეთის" სენსაციური ასპარეზობა: ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული გუნდი ჩემპიონატში ხომ წარმატებით გამოდის, ამას ისიც დაემატა, რომ გელა სანაიას გუნდს საქართველოს თასის მეოთხედფინალშიც ვიხილავთ.

აი, "დილა" კი, მოგეხსენებათ, რომ მართლაც დრამატულ ბრძოლაში (პენალტების სერიაში) დამარცხდა "მერანთან" დაპირისპირებაში. ანუ, უჩა სოსიაშვილის გუნდი (ლამის ყოველკვირა რომ ძლიერდება ახალ-ახალი ლეგიონერებით) მხოლოდ ჩემპიონატზე იქნება კონცენტრირებული.

აღსანიშნავია, რომ გორელთა გუნდი "კოლხეთისათვის" მეტად და მეტად უხერხული მეტოქეა. თავად განსაჯეთ: ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 7 დაპირისპირება "დილას" გამარჯვებით დამთავრდა, ეგ კი არა, "კოლხეთმა" უკანასკნელად 11 წლის წინათ შეძლო გორელთა გუნდის დამარცხება...

25.09. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 16:30
სამტრედია-ზუგდიდი
დისკვალიფიკაცია: გიორგი მჭედლიშვილი (სამტრედია)
ურთიერთშეხვედრები
12: +4 =3 -5, 17:18

ამ ჯგუფისა და, საერთოდ, ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი "სამტრედია" მართლაც შეუჩერებელია! 30 ივნისი იყო, გია ცეცაძის გუნდი ევროპალიგის მატჩში სტუმრად რომ დამარცხდა აზერბაიჯანულ "გაბალასთან" (1:5).

ჰოდა, იმის მერე "სამტრედიამ" 7 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და აქედან, 5 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა! ანუ, ჩემპიონატზე თუ თასზე, "სამტრედია" წარმატებულად და შედეგიანად თამაშობს და პირველი წრის ფინიშსაც მშვენიერ ფორმაში ხვდება.

აი, მეტოქემ კი მხოლოდ წინა ტურში შეძლო პირველი გამარჯვების მოპოვება და ამ სადებიუტო და მართლაც ნანატრი მოგების შემდეგ, "ზუგდიდის" სატურნირო მდგომარეობას უიმედო ნამდვილად აღარ ჰქვია.

ისე, ლიდერისა და აუტსაიდერის ეს დაპირისპირება სხვა მხრივაც უნდა იყოს საინტერესო: "სამტრედიას" ("ცხინვალის" მსგავსად) არც ერთი ლეგიონერი არ ჰყავს, მაშინ როცა ყველაზე მეტი უცხოელი ფეხბურთელი (მწვრთნელის ჩათვლით) "ზუგდიდშია".

სიონი ისვენებს

- უმაღლესი ლიგა. VII ტური. წითელი ჯგუფი: "საბურთალო" და ბათუმის "დინამო" ფრეზე გაიყარნენ

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული