ჩიხურა-შუქურა 1:1 - კედლების ფაქტორი უკუღმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც ჩანს, საფეხბურთო სამყაროში მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული და ადაპტირებული საკუთარი კედლების ფაქტორი უკუღმა მოქმედებს "ჩიხურაზე", რაზეც მიმდინარე ჩემპიონატის სტატისტიკაც მეტყველებს: ოთხ საგარეო მატჩში 100-პროცენტიანი შედეგი, ამდენივე საშინაო შეხვედრაში კი... 7(!) დაკარგული ქულა!

არადა, "დავითისა და გოლიათის" (ლიდერისა და ერთ-ერთი აუტსაიდერის) ამ ორთაბრძოლაში მასპინძლებმა ისეთი მუხტი ჩადეს, იოლად უნდა გასულიყვნენ ფონს, "კედლების" დარად ფორტუნასაც რომ არ ექცია ზურგი.

განსჯისათვის: უკვე მე-4 წუთზე დიმიტრი ტატანაშვილი ვალდებული იყო, უზუსტესი პასი დაეფასებინა ირაკლი ლექვთაძისთვის - დარტყმა სულ ოდნავ ასცდა მიზანს.

მე-6 წუთზე საბა ლობჟანიძის
ნაჯარიმალი ხარიხიდან საჯარიმო მოედანში დავარდა "ჩიხურას" ოთხი ფეხბურთელის ახლოს და ერთმანეთის ყურებაში მომენტი განიავდა. მერე ისევ ტატანაშვილს დააკლდა სანტიმეტრები გოლამდე.
"შუქურას" კართან კოშმარი 38-ე წუთამდე გრძელდებოდა. ლექვთაძის უძლიერეს და უზუსტეს დარტყმაზე აზამატ ჯიოევმა სასწაულებრივი რეაგირება მოახდინა.

28-ე წუთზე გოლი თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ ლობჟანიძის მიერ მაღალოსტატურად მეკარისთვის თავს ზემოთ გადაგდებული ბურთი კარს მილიმეტრებში გადასცდა.

გავიდა კიდევ 3 წუთი და ლექვთაძის აქტიურობის შემდეგ მცველთა თავგანწირვამ სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა.
სწორედ ამ კოლოსალური უპირატესობის დროს ამოქმედდა პრინციპი - "ვერ გაიტან, გაგიტანენ". 38-ე წუთზე ორჯერ მშვენივრად გაისარჯა კობა შალამბერიძე, რომლის პირველ თავურზე დინო ჰამზიჩმა იყოჩაღა, მეორე ეპიზოდში კი უძლური იყო - 0:1.

ეტყობოდა, შესვენება უკეთ გამოიყენა ავთანდილ ნამგლაძემ. ის მიხვდა, რომ ყრუ დაცვაში ყოფნა სასურველ შედეგს არ მოიტანდა და გუნდი შედარებით წინ "ამოსწია". ამას კი კინაღამ ორი გოლი მოჰყვა მასპინძელთა კარში და ორივე - მოუხელთებელი შალამბერიძისგან. თუმცა ეს მაინც ეპიზოდი იყო, რადგან კვლავ სტუმართა საჯარიმოში "ცხელოდა"...

და მაინც, 69-ე წუთზე მასპინძლებმა შეძლეს გაჯიუტებული ბურთის საგოლედ მოთვინიერება. საჩხერელთაგან ყველაზე გააზრებულად მოთამაშე დენის დობროვოლსკიმ ლობჟანიძის მიერ უკან გაკეთებული პასის შემდეგ საშუალო დისტანციიდან ისე მძლავრად დასცხო, ბურთი შურდულივით შეერჭო ბადეში.

დარჩენილ დროში უიღბლობას დამატებულმა ნაკლებად ორგანიზებულობამ "ჩიხურას" მეტის საშუალება არ მისცა, რაც 2 ქულის დაკარგვად დაუჯდა, "შუქურამ" კი მეტად საჭირო ქულა აიღო და ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ეს დაუმსახურებლად მოხდა.

უმაღლესი ლიგა. IX ტური. თეთრი ჯგუფი
15.10. ივანწმინდა
ჩიხურა-შუქურა 1:1
გოლები: 0:1 შალამბერიძე (38), 1:1 დობროვოლსკი (69. ლობჟანიძის პასით)
ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, თორ. გრიგალაშვილი, განუგრავა (70. გვალია), დობროვოლსკი, ლექვთაძე (70. გორგიაშვილი), კორიფაძე, ს. ლობჟანიძე, სარდალიშვილი (83. გაბედავა), ტატანაშვილი .
სათადარიგოები: სეფიაშვილი, კაკუბავა, დეკანოიძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
შუქურა: ჯიოევი, ადამაძე, ჯაფარიძე, მირცხულავა, ჩაჩუა, არზიანი, გურული (80. ომანიძე), შალამბერიძე (73. მალანია), კომახიძე, ჟეფინიო, მამულაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, ჭანუყვაძე, ანანიძე, გოგიტიძე
მწვრთნელი: ავთანდილ ნამგლაძე
გაფრთხილება: შალამბერიძე (34), რეხვიაშვილი (40)
არბიტრი: ბ. ნინუა.

მომდევნო ტური
თეთრი ჯგუფი
22 ოქტომბერი
შუქურა-გურია

23 ოქტომბერი
დინამო (თბ)-ცხინვალი
ლოკომოტივი-ჩიხურა

წითელი ჯგუფი
22 ოქტომბერი
დილა-დინამო (ბთ)

23 ოქტომბერი
კოლხეთი-სიონი
სამტრედია-საბურთალო

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
ბ. ზივზიძაძე (სამტრედია) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული