უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინათქმა: სიკვდილ-სიცოცხლის ფორმულები

AutoSharing Option
ალბათ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება გარდამავალი ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურს! თავად განსაჯეთ: ორი-სამი გუნდის გარდა, ყველა დანარჩენისთვის თითოეული ქულა გადამწყვეტი უნდა იყოს და არც ის არის გამორიცხული, რომ ორივე ჯგუფში ძალიან ბევრი რამ სწორედ ბოლოსწინა ტურმა გაარკვიოს.

ვიდრე თითოეულ წყვილზე ვისაუბრებდეთ, მანამდე იმას აღვნიშნავთ, რომ ბოლოსწინა ტური სამ დღეზეა გაწერილი. თუმცა, ამ შემთხვევაში რეგლამენტი არ ირღვევა: ერთსა და იმავე დროს, მატჩების დაწყება მხოლოდ ბოლო ტურშია სავალდებულო.

ისე, როგორც აღვნიშნეთ, იმის დიდი ალბათობაც არსებობს, რომ ზოგიერთი გუნდისათვის გარდამავალი ჩემპიონატის
ბოლო ტურს არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს. აქვე, შეგახსენებთ, რომ ბოლოსწინა თუ ბოლო ტურებით ეს გარდამავალი ჩემპიონატი არ მთავრდება: მერე იწყება, რაც იწყება - გადამწყვეტი, საპლეიოფე დაპირისპირებები!

მაგრამ საჩემპიონო, ევროპალიგის და უმაღლეს ლიგაში დასარჩენ პლეი ოფებამდე ხომ ეს დარჩენილი ორი ტური უნდა გადავაგოროთ და, უპირველეს ყოვლისა, იმის იმედი დავიტოვოთ, რომ ბოლოსწინა და ბოლო ტურის მატჩები მშვიდობიანად და, რაც მთავარია, "სამართლიანი თამაშის" პრინციპების სრული დაცვით ჩაივლის.

არადა, მეორე მხრივ, როგორ გინდა ამა თუ იმ, ყველანაირად უმოტივაციო გუნდს მაქსიმალური მობილიზებით თამაში მოსთხოვო ისეთ მატჩში, როცა მეტოქისათვის ის თამაში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა?!.

თეთრი ჯგუფი
18.11. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 14:00
გურია-ჩიხურა
პირველი წრე 2:1
ურთიერთშეხვედრები
9: +3=1 -5, 12-23

ბოლოსწინა ტურის წინათქმის შესავალში ამა თუ იმ გუნდის მოტივაცია შემთხვევით არ გვიხსენებია: "ჩიხურამ" ხომ ერთი თვის წინათ გაინაღდა ამ ჯგუფში პირველი ადგილი და როგორ გინდა საჩხერელთა გუნდს დარჩენილ ორივე მატჩში მაქსიმალური თავდადებით თამაში მოსთხოვო?

არადა, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ სოსო ფრუიძის გუნდმა "გადაწყვიტოს", თუ რომელი გუნდი გავარდება პირდაპირ და რომელი - დასარჩენ პლეი ოფში გააგრძელებს ასპარეზობას.

ჰოდა, ამიტომაც არ უნდა გაუკვირდეს არავის, რომ "შუქურას" და "ცხინვალის" მწვრთნელ-ფეხბურთელები თუ ამ გუნდების ხელმძღვანელები, მთელი სულითა და გულით "ჩიხურას" რომ უქომაგებენ ბოლოსწინა ტურში.

მაგრამ "გურიის" ამბავიც ხომ სათქმელია: ამ მატჩით ლანჩხუთელთა გუნდი გარდამავალ ჩემპიონატს ამთავრებს და მხოლოდ გამარჯვებით ინარჩუნებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს. ისე, მართლაც საინტერესო იქნება, შეძლებს თუ არა "გურია" ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მეორედ დამარცხებას მიმდინარე სეზონში? ბარემ შეგახსენებთ, რომ გარდამავალ ჩემპიონატში "ჩიხურამ" ერთადერთი მატჩი წააგო და ისიც - "გურიასთან", თანაც - საკუთარ მოედანზე...

18.11. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 14:00
ცხინვალი-ტორპედო
პირველი წრე 1:3
ურთიერთშეხვედრები
15: +3 =3 -9, 12-18

ბოლო სამ მატჩში მხოლოდ 2 ქულის მოპოვებამ "ცხინვალი" მართლაც ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო - კახა კაჭარავას გუნდისთვის ორივე დარჩენილ მატჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება. ისე, "ცხინვალი" მართლაც უცნაურ სიტუაციაშია: თეორიულად იმის ალბათობაც არსებობს, რომ გუნდმა გარდამავალი ჩემპიონატი... მესამე ადგილზე დაასრულოს, თუმცა იმის შანსიც არის, რომ დასარჩენ პლეი ოფშიც ვერ იასპარეზოს...

მოკლედ, საინტერესო და დაძაბული მატჩის მომსწრენი უნდა გავხდეთ, მით უფრო, რომ "ცხინვალის" მეტოქესაც არ გაუნაღდებია უმაღლეს ლიგაში დარჩენა. მით უმეტეს, არ დაგვავიწყდეს, რომ ბოლო დროს მშვენიერ ფორმაში მყოფ "ტორპედოს" ბოლო ტურში თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, თბილისის "დინამოსთან" უწევს დაპირისპირება.

აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ბოლო ტურამდე ქუთაისელთა გუნდს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება: 22 ნოემბერს, საქართველოს თასის ფინალში "მერანს" უნდა ეპაექროს.

თუმცა, იმავე "ცხინვალისაგან" განსხვავებით, "ტორპედოს" საკმაოდ გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და ქუთაისელთა გუნდის თავკაც კახა ჩხეტიანსაც მეტ-ნაკლებად უპრობლემოდ შეეძლება ძირითად შემადგენლობაში როტაციის მოხდენა...

18.11. თბილისი. "დინამო არენა". 17:00
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
პირველი წრე 0:0
დისკვალიფიკაცია: ლადო დვალიშვილი (დინამო თბ)
ურთიერთშეხვედრები
42: +23 =12 -6, 60-23

18 ნოემბერი თბილისის "დინამოს" და, საერთოდ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში მართლაც გამორჩეული დღეა: 1964 წელს, სწორედ 18 ნოემბერი იყო, თბილისის "დინამო" პირველად რომ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი!

18 ნოემბერი კიდევ სხვა მხრივაც არის გამორჩეული ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ისტორიაში: თბილისის "დინამოს" და, საერთოდ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის, დავით ყიფიანის დაბადების დღეა!..

აი, ასეთ დღეს დაემთხვა საქართველოს აწ უკვე ექსჩემპიონის მატჩი თანაქალაქელ "ლოკომოტივთან" და ეს დედაქალაქური დერბი რომ საინტერესო უნდა გამოდგეს, ამაშიც დარწმუნებულები ვართ.

ჯერ ის ვთქვათ, რომ "დინამოს" ჯერ არ გაუნაღდებია ევროპალიგის პლეი ოფის საგზური, ხოლო დღესდღეობით მესამე ადგილზე მყოფი "ლოკომოტივი" ყველა შემთხვევაში შეეცდება ამ ტურშივე მოახერხოს ქულ(ებ)ის აღება, რადგან გიორგი დევდარიანის გუნდს ბოლო ტურში უმძიმესი მატჩი ელოდება უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ "შუქურასთან"...

"შუქურა"  ისვენებს.

წითელი ჯგუფი
19.11. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 14:00
სამტრედია-დილა
პირველი წრე 2:1
დისკვალიფიკაცია: ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია) - ირაკლი მოდებაძე, გიგა სამხარაძე (ორივე - დილა)
ურთიერთშეხვედრები
30: +14 =2 -14, 41-40

ამ ჯგუფის გამორჩეულმა გუნდმა "სამტრედიამ" ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ფინიშამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა საჩემპიონო პლეი ოფში ასპარეზობა! შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძის გუნდი ერთადერთია, ჩემპიონატში წაუგებლად რომ ასპარეზობს. თუმცა, ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, შეძლებს თუ არა "სამტრედია" დარჩენილი ორივე მატჩის დაუმარცხებლად ჩატარებას: მით უფრო, რომ მეტოქეებს საკმარისზე მეტი მოტივაცია აქვთ ამ შეხვედრებში...

"დილა" სერიოზულ კრიზისშია: უჩა სოსიაშვილის გუნდს უკვე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ასევე ოთხი მატჩია, გოლი არ გაუტანია. დღესდღეობით კი ისეთი სიტუაციაა, რომ "დილას" ძალიან გაუჭირდება გასავარდნი პლეი ოფისათვის თავის არიდება და ამისათვის, შესაძლოა, ორივე დარჩენილი მატჩის მოგებაც იყოს საკმარისი.

ამ შემთხვევაში "დილა" უკვე იმის იმედად უნდა იყოს, რომ "საბურთალომ" დარჩენილ ორ მატჩში სამ ქულაზე მეტი არ უნდა აიღოს...

20.11. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 14:00
სიონი-დინამო (ბთ)
პირველი წრე 0:0
დისკვალიფიკაცია: გიორგი ჯანელიძე (დილა)
ურთიერთშეხვედრები
41: +14 =11 -16, 38-47

"სიონი" ამ მატჩით დაასრულებს ჩემპიონატს და, ძალიან დიდი ალბათობით, დასარჩენი პლეი ოფისთვის დაიწყებს მზადებას. არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის გუნდს თეორიული შანსი კი დარჩა, რომ "დამამშვიდებელ" მეოთხე ადგილზე დაასრულოს სეზონი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ "დილამ" დარჩენილ ორ მატჩში სამ ქულაზე მეტი არ აიღოს, ხოლო "საბურთალომ"... ორივე წააგოს!

ამ გარდამავალ ჩემპიონატში უკვე არაერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, მაგრამ მაინც ნაკლებად გვჯერა, რომ მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდეს. თანაც, ჯერჯერობით არც ბათუმის "დინამოს" გაუნაღდებია ევროპალიგის პლეი-ოფის საგზური და აქედან გამომდინარე, კვირას, ვაკეში, საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს.

20.11. თბილისი. "მიხეილ მესხი". 17:00
საბურთალო-ზუგდიდი
პირველი წრე 0:1
დისკვალიფიკაცია: ელვინ ტერა (საბურთალო)
ურთიერთშეხვედრები
3: +2 =0 -1, 2-1

ტურის ბოლო მატჩსაც ექნება სატურნირო ინტრიგა: ბოლო ორ შეხვედრაში 4 ქულის მოპოვების შემდეგ "საბურთალომ" სახიფათო ზონას თავი კი დააღწია, მაგრამ გია ჭიაბრიშვილის გუნდმა გასავარდნ პლეი ოფში რომ არ ითამაშოს, კიდევ 4 ქულა უნდა მოიპოვოს!

ძალიან დიდია იმის შანსიც, რომ "საბურთალომ" სულაც... მეორე ან მესამე ადგილზე დაასრულოს გარდამავალი ჩემპიონატი და ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდს ევროპის საკლუბო ტურნირებზე მოხვედრის შანსიც გაუჩნდება. ოღონდ ამისთვის საჭიროა, რომ "საბურთალომ" ორივე დარჩენილი მატჩი მოიგოს, ამასთან, ბოლო ტურში დღესდღეობით მეორე ადგილზე მყოფმა "კოლხეთმაც" უნდა წააგოს გასვლითი მატჩი "დილასთან"!

"ზუგდიდზე" კი რაღა უნდა ვთქვათ: გუნდი ისეთ სიტუაციაშია, რომ შესაძლოა, ორივე დარჩენილი მატჩის მოგება არ იყოს საკმარისი უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად...

მოკლედ, "წითელ ჯგუფშიც" ბევრი რამ ერთმანეთზეა "გადაჯაჭვული" და ვნახოთ, რამდენად "გამარტივდება" სატურნირო სიტუაცია ბოლოსწინა ტურის შედეგების შემდეგ; ოღონდ ისიც საინტერესოა, თუ ასევე რამდენად (ან - როგორ) დაიცავენ "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს ყოვლად უმოტივაციო გუნდები.

არადა, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი წნეხის ქვეშ იქნებიან იგივე "სამტრედიასა" და "ჩიხურას" მწვრთნელები თუ ხელმძღვანელები თავიანთთვის ყოვლად უინტერესო, მაგრამ სამაგიეროდ,  მეტოქეთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მატჩების წინ...

"კოლხეთი"  ისვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველას ფეხებზე კიდია ხალხს რა აწუხებს
gulshematkivari
18 ნოემბერი 2016 16:26
0
გამოიძიეთ მეორე ლიგის თამაშები, თითქმის ყველა ჩაწყობილია. პირველი ლიგაც ტალახშია ამოსვრილი... ეტყობა ასფალტს აგებს კობი გლდანში და არ სცალია.
ქომაგი
18 ნოემბერი 2016 15:43
0
მივმართავ ფედერაციას. შინაგან სამინისტროს და პროკურატურას რათა სასწრაფოთ გამოიძიონ ცხინვალის ლიახვის ხელძღვანელობის საქმიანობა. და რატომ გაიგცა მწვრთნელი გუნდიდან.
roma
18 ნოემბერი 2016 13:39
0
ცოტა გადახედეთ ისტორია-ბიოგრაფიებს ხოლმე! თუ კი ადრე გასაგები მიზეზების გამო იწერებოდა, რომ 18 ნოემბერი ყიფიანის დაბადების დღე არის-ო, დღეს რა გაიძულებთ ამის დაწერას?
GELA
18 ნოემბერი 2016 13:04
0
გაგვცემთ პასუხს თუ ვერა?
gulshematkivari
18 ნოემბერი 2016 13:03
0
რატომ არ აქვეყნებთ კომენტარებს?გაგვაგებინეთ რა ხდება,საიტმა გაარკვისოს თუ შეგიძლიათ
gulshematkivari
18 ნოემბერი 2016 12:34
0
აპირებს ფედერაცია სალხინო ბეთლემის შეხვედრის განხილვას თუ არა,ეგ ასე რთული გასაგებია ჟურნალისტებისთვის?,იკითხეთ ფედერაციაში და დაწერეთ აქ ან აპირებს ან არ აპირებს,ჩვენც გვეცოდინება ველოდოთ პასუხს თუ არა,რას გთხოვთ ასეთს თქვე კაი ხალხო
gulshematkivari
18 ნოემბერი 2016 12:33
0
თუ მოვიგებთ ტორპედოს ბირთვის და ექსტორპედოელების და ჩხეტიანის დამსახურება იქნება. თუ წავაგებთ არასწორი საკადრო გუნდის უფროსების უნიათობა, დილენტალიზმის და კრიჟანობის ბრალი იქნება!
გოგი ქუთაისელი
18 ნოემბერი 2016 12:33
0
აპირებს ფედერაცია სალხინო ბეთლემის შეხვედრის განხილვას თუ არა,ეგ ასე რთული გასაგებია ჟურნალისტებისთვის?,იკითხეთ ფედერაციაში და დაწერეთ აქ ან აპირებს ან არ აპირებს,ჩვენც გვეცოდინება ველოდოთ პასუხს თუ არა,რას გთხოვთ ასეთს თქვე კაი ხალხო
gulshematkivari
18 ნოემბერი 2016 12:19
0
ზუგდიდს დაერხა მაფიოზების ხელსჰი,ზუგდიდელებო სანდრა გისჰველიტ მალეეე, ამოიგეტ ხმა ტქვენი კუტვნილი ტანხა ვენებსჰი რო მიდის.
ბაჯო
18 ნოემბერი 2016 12:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული