გურია-ჩიხურა 0:2 - გული მეორედ გაუსკდებოდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლანჩხუთელებმა "ჩიხურასთან" წაგებით საქმე ისე გაიხადეს, კვლავ... "ჩიხურაზე" არიან დამოკიდებულნი - თუ იმერული კლუბი ბოლო ტურში საშინაო შეხვედრაში "ცხინვალთან" არ წააგებს, "გურია" პლეი-აუტში თამაშის უფლებას მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებს.

არადა, გურულებს ქულები პანტაპუნტით რომ არ დაეკარგათ, ეგებ ევროსაგზურისთვისაც გამოეკრათ ხელი, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში პენალტები გააცუდეს, ერთხელ იმით ვერ ისარგებლეს, რომ მეტოქე პირველი ტაიმის მიწურულს 9 კაცით დარჩა მოედანზე...

ეს და კიდევ სხვა - მოკლე ჩემპიონატში "საკმარისი" გახდა იმისთვის, რომ "გურიას" პლეი-აუტში მოხვედრაც კი სათუოდ გაეხადა და თუ კონკურენტი "ცხინვალი" უმოტივაციოდ
დარჩენილ "ჩიხურას" მოუგებს, ლანჩხუთელები ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებენ.

"ევგრაფი შევარდნაძეზეც" უმოტივაციოდ გავიდა "ჩიხურა", თუმცა "სამართლიანი თამაშის" წესები დაიცვა, თან სეზონში განცდილი ერთადერთი მარცხისთვის რევანშიც აიღო და გურულებს დაპირებაც დაუტოვა - "ცხინვალთანაც" "ფეარ პლეის" ერთგული ვიქნებიო.

უცნაური იყო, რომ "გურიას" თითქოს არც ეტყობოდა, სეზონის გადამწყვეტ მატჩს რომ თამაშობდა და მისთვის ქულებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მათდა გასახარად, "ცხინვალმაც" ვერ მოიგო თავისი თამაში, თორემ "გურია" ბოლო ტურის გარეშეც დაემშვიდობებოდა მთავარ ლიგას.

ფაქტობრივად, საგოლე ხიფათი ერთხელაც ვერ შექმნეს გურულებმა და მეკარისთვის უჩვეულო თეთრ ფორმაში შემოსილი დინო ჰამზიჩი ატალახებული მოედნიდან თითქმის დაუსვრელი გავიდა.

მოკლედ, "გურია" "ჩიხურას" და პლეი-აუტის იმედზე რჩება... ფეხბურთელები 26-მდე დაისვენებენ (ბოლო ტურში "გურია" არ თამაშობს), საჭიროების შემთხვევაში, მერე შეიკრიბებიან, ოღონდ ლეგიონერთა დიდი ნაწილის გარეშე - თამაშის შემდეგ კლუბმა მათთან კონტრაქტი შეწყვიტა...

P.S. ეს მატჩი გაიმართა 18 ნოემბერს, რომელიც "გურიის" ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თარიღად ითვლება - 1990 წელს კლუბმა პირველი ეროვნული თასი დაისაკუთრა. წლების შემდეგ, "გურიის" დიდი მოჭირნახულე იმედო დუნდუა სფფ-ის ყრილობაზე, როცა ჩემპიონებსა და თასის მფლობელებს ასახელებდნენ, დარბაზიდან წამოიძახებს: პირველად იყო "გურია"!

სხვათა შორის, ზუსტად 15 წელი გავიდა, რაც ბატონ იმედოს ასევე დაძაბული, მაგრამ მოგებული მატჩის შემდეგ გულმა უმტყუნა. პარასკევის თამაში რომ ენახა, კლუბის ამაგდარს გული, ალბათ, მეორედ გაუსკდებოდა...

უმაღლესი ლიგა. XIII ტური. თეთრი ჯგუფი
18.11.16 ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-ჩიხურა 0:2
გოლები: 0:1 მუმლაძე (65), 0:2 კაკუბავა (86)
გურია: იმერლიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, მოროზენკო (87. ბარბაქაძე), ჭეჭელაშვილი, დ. კირკიტაძე (58. ფელიპე), ჭედია, მურაშოვი, იმნაძე (46. დინიზი).
სათადარიგოები: ხვედელიძე, ზ. თევზაძე, სტეფნიაშვილი, ზ. გელაშვილი
მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი
ჩიხურა: ჰამზიჩი, თ. გრიგალაშვილი, კაშია, კაკუბავა, განუგრავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (82. გ. რეხვიაშვილი), გორგიაშვილი, ლექვთაძე (66. სარდალიშვილი), ს. ლობჟანიძე, მუმლაძე (66. ტატანაშვილი).
სათადარიგოები: ქავთარაძე, გაბედავა, კორიფაძე, დეკანოიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: დობროვოლსკი (69), კაშია (82), რეხვიაშვილი (85)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბოლო ტური
26 ნოემბერი

თეთრი ჯგუფი
ჩიხურა-ცხინვალი
ლოკომოტივი-შუქურა
ტორპედო-დინამო (თბ).

წითელი ჯგუფი
დილა-კოლხეთი
დინამო (ბთ)-საბურთალო
ზუგდიდი-სამტრედია.

ბომბარდირები
ზივზივაძე (სამტრედია) 9
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
დვალი (ცხინვალი) 7
ვოლკოვი (სიონი) 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გმადლობტ ყურადგებისტვის
maxo dundua
14:27 21-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული