ანალოგიური უფლება მოიპოვეს ცენტრალური ჯგუფიდან "გორმა", დასავლეთის "ბ" ჯგუფიდან - ქედის "ბეთლემმა", ხოლო აღმოსავლეთის "დ" ჯგუფიდან - თბილისის "ნორჩმა დინამომ". საინტერესოა, რომ "ნორჩ დინამოში" ზურაბ მენთეშაშვილი თამაშობს. ის და რევაზ გოცირიძე ყოფილი თანაგუნდელები არიან
2000 წლის 2 თებერვალს, მენთეშაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და 2000-10 წლებში "ჯვაროსნების" ფორმა სულ 40 მატჩში მოირგო (1 გოლი). ის ახლა 36 წლისაა და ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის მრავალ კლუბში უასპარეზია - რუსთავის "გორდაში", "ვიტ ჯორჯიაში", ლატვიურ "სკონტოსა" და "ვენტსპილსში", ვლადიკავკაზის "სპარტაკ-ალანიასა" და იაროსლავლის "შინიკში", ისრაელში - თელ ავივისა და აშქელონის "ჰაპოელში".
კარიერის ბოლოს კი მენთეშაშვილი საქართველოში აგორებდა ბურთს, კერძოდ - "ზესტაფონსა" და "საბურთალოში". თბილისურ კლუბს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დაეხმარა და სწორედ მაშინ დაშავდა. ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ მენთეშაშვილი მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ ისევ ტრავმა მიიღო და კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მაშინ ის "საბურთალოს" სამწვრთნელო სტაფს ეხმარებოდა.
"კარიერის დასრულება და მწვრთნელობა გადაწყვეტილი მქონდა. გეცოდინებათ კიდეც, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელადაც ვმუშაობდი. მაგრამ "ნორჩ დინამოში" თამაში რომ შემომთავაზეს, ტკივილები აღარ მაწუხებდა, თამაშის სურვილი კი არასოდეს გამნელებია და გამიხარდა, გუნდის დახმარების შანსი რომ გამიჩნდა. ამიტომაც სიამოვნებით დავთანხმდი", - ამბობს მენთეშაშვილი.
ვეტერანმა ფეხბურთელმა "ლელოსთან" იმაზეც ილაპარაკა, თუ როდემდე აპირებს კარიერის გაგრძელებას:
"ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ 36 წლის ასაკშიც ისეთივე სიამოვნებითა და აზარტით ვთამაშობ, როგორც - კარიერის დასაწყისში.
მინდა გუნდს კიდევ დავეხმარო და მანამდე ვითამაშებ, სანამ სიამოვნებას მივიღებ და ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს. ჯერ კი ვგრძნობ, რომ თამაში შემიძლია და რატომ უნდა შევეშვა?".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"