გურია-დილა 0:2 - ორი საჩუქრის ამბავი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ თამაშის წინ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა "გურია" - გუნდი უკრაინელმა თავკაცმა ოლეგ ლეშჩინსკიმ დატოვა და თან ორი თანამემამულე, კლუბის საუკეთესო ლეგიონერები - ევგენი მოროზენკო და ევგენი მურაშოვიც გაიყოლა. ამიტომ "გურიას" ფორსმაჟორში მოუხდა ამ სეზონში მესამე მწვრთნელის დანიშვნა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზაზა ინაშვილის ხელმძღვანელობით,  გურულებმა სეზონის, ალბათ, საუკეთესო მატჩი ითამაშეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი და მეორის დასაწყისიც ლანჩხუთელებს ცუდს არაფერს უქადდა და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, ტაიმებში მინიმუმ თითო გოლს გაიტანდნენ, თანაც ისე, რომ ორივე შემთხვევაში მეტოქეს დაასწრებდნენ გატანას და ვინ
იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები...

ალბათ, ამ წყვილში უკეთესი გუნდი "დილას" ჰყავს, თუმცა თამაშის შემხედვარე, ვერავინ იტყოდა, რომ "გურია" მეტოქეს რაიმეთი ჩამოუვარდებოდა.

ეს გაშვებულ გოლამდე ითქმის, როცა გურულებმა ორჯერ ისეთი "დააქუხეს", მეტოქე გოლს სასწაულებრივად გადაურჩა: ჯერ დავით მეგრელიშვილის ჯარიმის შემდეგ გორელები ხარიხამ გადაარჩინა, მეორე შემთხვევაში კი, ლუკა ნოზაძის მიერ ახლოდან დარტყმული მეკარეს უფრო შემთხვევით მოხვდა, თუმცა ფაქტია, სტუმარი გარდაუვალი გოლისგან სწორედ კარის დარაჯმა იხსნა.

ამ ეპიზოდიდან მალევე მისმა გურულმა ვიზავიმ საბედისწერო შეცდომა დაუშვა - რატი იმერლიშვილი მაღალ ბურთზე გამოსვლისას შეცდა, მცველებმაც ვერ დააზღვიეს და დანკვე კოფიმ საჩუქარი გოლად აქცია.

ამის მერე "გურია" თითქოს ეცადა ვითარების გამოსწორებას, მაგრამ მასპინძლებმა შეცდომებს უმატეს, თან მოედანზე ათნი დარჩნენ (გიგა ჭეიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო) და ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული მეორე ლეგიონერის, რომარიკ ეტუს მიერ შერგებული მეორე საჩუქარი გახლდათ.

გორელებს ერთხელ კიდევ შეეძლოთ გატანა, როცა ზურაბ თევზაძემ სტუმარი საჯარიმოში მოცელა - ლუკა რაზმაძეს პენალტი მეკარემ არ გაატანინა.

სხვათა შორის, მატჩის არბიტრს 30-ე წუთისთვის 11-მეტრიანის დანიშვნა სტუმართა კარშიც მართებდა, როცა მცველმა აშკარად ხელით ითამაშა. ამან ადგილობრივი ქომაგების რისხვა გამოიწვია, რაც მთელი თამაშის განმავლობაში არ ჩამცხრალა. შესვენებაზე მიმავალმა არბიტრმა "გურიის" ქომაგებს "ხურდა დაუბრუნა", თუმც ნამატჩევს ეს ვეღარ გაბედა - ნინუამ და კომპანიამ გასახდელს პოლიციის თანხლებით უწიეს.

უმაღლესი ლიგა. პლეი აუტი. I მატჩი
01.12 ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-დილა 0:2
გოლები: 0:1 კოფი (56), 0:2 ეტუ (80)
გამოუყენებელი პენალტი: რაზმაძე (78. მეკარე)
გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი, ზ. თევზაძე (80. ბარბაქაძე), ჩადუნელი, ნოზაძე, პატერსონი, ჭეჭელაშვილი (74. იმნაძე), მეგრელიშვილი, კირკიტაძე, ფელიპე, დინიზი.
სათადარიგოები: ხვედელიძე, ბ. ცინცაძე, ზ. გელაშვილი, სტეფნიაშვილი
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
დილა: მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, სალუქვაძე, კოფი, სამხარაძე (62. ეტუ), ღონღაძე, რაზმაძე, წიქარიძე, ელიაური (90. კალანდარიშვილი), ნონიკაშვილი, ერისთავი (86. ჩახვაშვილი).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ლომიძე, კალანდარიშვილი, დ. კაპანაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: წიქარიძე (16), ნოზაძე (27), ნონიკაშვილი (30), ჭეიშვილი (61), ჭეიშვილი (70), თევზაძე (77), კოფი (81)
გაძევება: ჭეიშვილი (70)
არბიტრი: ბ. ნინუა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული