11:15 07-12-2016
შუქურა-სიონი 2:0 - მამაშვილობაც ასეთი უნდა! [VIDEO]
AutoSharing Option
საპასუხო მატჩის წინ "შუქურას" მთავარი მწვრთნელი გია გურული მძიმე პრობლემების წინაშე დადგა: პირველ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული კობა შალამბერიძისა და ზურაბ მალანიას გარდა, გუნდს ტრავმირებული ზურაბ არზიანი, ლაშა ჯაფარიძე, ლაშა ომანიძე და გიორგი ჩელებაძეც ვერ ეხმარებოდნენ, ამათგან კი ოთხი - ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლავთ.
ქობულეთში გვარიანად ციოდა და ქარიც ქროდა. ალბათ, თამაშის ხასიათზე გავლენა ამანაც იქონია და ბოლნისური თრილერის შემდეგ "ჩელე არენაზე" გაცილებით უფერული თამაში ვიხილეთ. დაძაბულობა და ნერვიულობა ორივე მხარეს ეტყობოდა და ქობულეთელთა მწვრთნელ გია გურულს თამაშის მსვლელობისას ექიმის დახმარებაც დასჭირდა...
თავიდან, "სიონი" უფრო მობილიზებული ჩანდა, მასპინძლები კი "იჩქარე ნელას" პრინციპით მოქმედებდნენ და, მართალია, გოლის გატანა ჰაერივით სჭირდებოდათ, თავიანთ დროსა და მომენტს მოთმინებით ელოდნენ.
პირველი ტაიმიდან აღსანიშნავი მხოლოდ რამდენიმე, მეტ-ნაკლებად მწვავე შეტევა იყო: მასპინძელთაგან გურამ ადამაძისა და ლევან კუტალიას თავური დარტყმები, სიონელთაგან კი დავით ვოლკოვის იერიში - როცა ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა.
ერთადერთი ხეირიანი შეტევა მე-40 წუთზე "შუქურამ" განახორციელა და ანგარიშიც გაიხსნა: ჯარიმა ბრაზილიელმა ჟეფინიომ შეასრულა, სანდრო გურული უყურადღებოდ დატოვეს და "შუქურას" მწვრთნელის ვაჟმა შორეულ ძელთან კუთხე "ჩაკეტა" - 1:0.
მეორე ტაიმი ბოლნისელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ გამწვავებას ვერ ახერხებდნენ, ქობულეთელთა კონტრიერიშები კი თავსატეხს უჩენდათ. მაგალითად, 52-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გურულის ჩაწოდებისას "სიონის" კართან კუტალია გათავისუფლდა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა და სხვაობის გაზრდის შანსი ხელიდან გაუშვა.
ორიოდე წუთში ქობულეთელებმა მსგავსი კომბინაცია გაითამაშეს, ამჯერად ასისტენტი რომან ჩაჩუა გახლდათ, ხოლო კარის წინ გიორგი ბერიაშვილი გაიხსნა, მაგრამ ამ უკანასკნელის თავურს მეკარე ნიკა დაუშვილი გადაეღობა და "სიონი" გადაარჩინა.
ბოლნისელები ნელ-ნელა გამოფხიზლდნენ და შეუტიეს: 59-ე წუთზე ისინი პენალტს ითხოვდნენ საჯარიმოში გიორგი ჯანელიძის წაქცევისთვის. ორიოდე წუთშიც იგივე ჯანელიძე დაენარცხა გაზონზე, მაგრამ არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა და თამაშის გაგრძელება ბრძანა.
70-ე წუთზე "სიონი" მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა: ორთაბრძოლისას, დავით ხურცილავამ ვერ მოზომა და ბურთის მოგერიებისას გურულს თავში ფეხი ისე ძლიერად მოსცხო, გოლის ავტორს სისხლი ადინა, ნონიკაშვილმა კი წითელი ბარათი აუფრიალა. გადაწყვეტილება მკაცრი ჩანდა, რადგან ხურცილავას მეტოქის დაზიანება არ სურდა...
მალევე, შეცვლაზე შესულ ჩაჩუასთან შეჯახების შემდეგ, ბოლნისელთა შემტევი ოთარ კობახიძე დაშავდა და რეალურად, "სიონისთვის" ეს უკვე მარცხს ნიშნავდა.
"შუქურამ" უკვე გაცილებით ლაღად შეუტია: მარჯვენა ნახევარმცველი ლევან საბაძე თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო. მისი მშვენიერი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ კუტალია დარჩა, მაგრამ მეკარე აზამატ ჯიოევმა მის მიერ ახლოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი "შუქურას" შემტევმა კარს ააცილა.
რამდენიმე წუთში, საბაძემ საჯარიმოში კარის წინ მარტო მყოფ ირაკლი ჭეჟიას უპასა, რომელმაც ბურთი ძელს მოარტყა, ხოლო კიდევ რამდენიმე წუთში იმავე საბაძემ ძელი თავადაც "მოიკითხა".
ბოლნისელებმა ბოლოს კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს, მაგრამ სახიფათო პოზიციიდან ლაშა თოთაძის მიერ შესრულებული ორი ჯარიმიდან მიზანს ერთმაც ვერ უწია. ქობულეთელებმა კი ვა-ბანკზე წასული მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და მეორეც გაუტანეს - დამატებულ დროში, კუტალიამ შეტევა ჩაჭრა და ბურთი საჯარიმოში მარტო მყოფ ბერიაშვილს გადააწოდა, რომელმაც დარტყმა დაახანა, კარის წინ გახსნილი ჟეფინიო შენიშნა და პლეი აუტის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
ამრიგად, "შუქურა" მომავალ წელს უძლიერესთა ათეულში ითამაშებს. ქვეყნის 2006 წლის ჩემპიონი და 2004 წლის ვიცე-ჩემპიონი "სიონი" კი, 21-წლიანი პაუზის შემდეგ, რანგით მეორე ლიგას დაუბრუნდება.
უმაღლესი ლიგა. პლეი აუტი. საპასუხო მატჩი
06.12. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-სიონი 2:0
პირველი მატჩი 3:4 - სიონი-შუქურა 4:3 - შვიდგოლიანი თრილერი [VIDEO]
გოლები: 1:0 გურული (40. ჟეფინიოს პასით), 2:0 ჟეფინიო (90. ბერიაშვილის პასით)
შუქურა: ჯიოევი, ჩაჩუა, ადამაძე, მირცხულავა, კომახიძე, ჭეჟია, ჯეფინიო, გურული (87. მამულაშვილი), კონიეჰა (55. საბაძე), კუტალია, ბერიაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, კალანდაძე, ჭანუყვაძე, გოგიტიძე
მწვრთნელი: გია გურული
სიონი: დაუშვილი, ხურცილავა, სვანიძე (65. კობახიძე/78. უგულავა), ადამაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი (68. ზ. ლობჯანიძე), ვოლკოვი, ძარია, ვასაძე, ჯანელიძე, სიხარულიძე.
სათადარიგოები: მერლანი, ფოფხაძე, გიორბელიძე, სანტოს ფერნანდესი
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გაფრთხილება: ადამაძე (5), კომახიძე (64), ჯეფინიო (90), თოთაძე (90), ჭეჟია (90)
გაძევება: ხურცილავა (70. სიონი)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
არ მიუდგა მსაჯები სიონს და გავარდა ხელათვე
0
0
ბრავო დაიმსახურა შუქურამ
0
0
შუქურამ დაიმსახურა უმაღლესში თამაში,სიონმა მიიღო რაც ეკუთვნოდა. იქედანაც გავარდება ბურდულის ხელში
0
0
"შუქურა"-ს ვულოცავ გამარჯვებას და დავუსურვებ შემდგომ გამარჯვებებს.
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული