მოგეხსენებათ, "სამტრედია" ყველაზე მდიდარი ქართული კლუბი არ არის, წარმატებული გუნდის მოთამაშეებზე მოთხოვნა კი ყოველთვის იყო, არის და იქნება.
უკვე ცნობილია, რომ "სამტრედიის" ერთ-ერთ ლიდერ ბაჩანა არაბულს იჯარის ვადა დაუსრულდა და თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა. კონტრაქტი დაუსრულდა და
"ლელო" უკვე წერდა, რომ გორის "დილას" "სამტრედიის" ორი მოთამაშის დამატება სურს - მარჯვენა მცველ გიორგი მჭედლიშვილის და კაპიტან გიორგი დათუნაიშვილის. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელებთან გადავამოწმეთ.
- სავარაუდო ტრანსფერი: გორის "დილა" სამტრედიელებს უმიზნებსო...
მჭედლიშვილმა ცნობა კატეგორიულად უარყო:
"გორის "დილას" ინტერესზე მეც წავიკითხე. ინტერესი რომ იყოს, ამაში დასამალი რა იქნებოდა, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ჭორია, რადგან პირადად არავინ დამლაპარაკებია და ტრანსფერი ჩემ გარეშე ხომ ვერ განხორციელდება?
მე "სამტრედიაში" ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში კიდევ უფრო წინ წავალთ".
მისგან განსხვავებით, გორელთა ინტერესი დათუნაიშვილმა დაგვიდასტურა:
"დასამალი არაფერი მაქვს, "სამტრედიასთან" კონტრაქტი დამისრულდა, "დილადან" კი დაინტერესება არსებობს. მაგრამ მე ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. ჯერ იმიტომ, რომ ჩემპიონ გუნდში თამაში და "სამტრედიასთან" ერთად ლიგის კვალიფიკაციაზე გამოსვლა მსურს. ეს ნებისმიერი მოთამაშისთვის დიდი სტიმულია".
სამტრედიელთა კაპიტანი ამბობს, რომ მალე ხელმძღვანელობა მოთამაშეებთან ახალ კონტრაქტებს გააფორმებს:
"ცხადია, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება კარგი იქნება, ამას კი პირობების გაუმჯობესებაც სჭირდება, ბევრი რამ ხომ ფინანსებიდან გამომდინარე წყდება.
მაგრამ წლეულს გუნდმა სამტრედიელ გულშემატკივრებს იმხელა სიხარული მიანიჭა, რომ დიდი იმედიც მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, არსებული შემადგენლობის შენარჩუნება კლუბის ხელმძღვანელობას ჩვენზე მეტად სურს და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს.
ეს პერსპექტიული გუნდია და 2-3 წელი ერთად რომ ვითამაშოთ, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მაღალი დონის გუნდი გვეყოლება. ბიჭებიც ამას ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ვითამაშებთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"