[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?

AutoSharing Option
ფოტოზე: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი არაბიძე
კარს მოგვადგა მორიგი სანაკრებო გამოცდა. გამომცდელი სერიოზულია - სერბეთის ნაკრები. მაინცდამაინც ახლა დალაგდა მეტოქის ბანაკში ყველა პრობლემა. მაინცდამაინც ახლა, ფეხბურთელები აღარ არღვევენ დისციპლინას და აღარც ქომაგებთან ჩხუბობენ. დამრღვევი და მოჩხუბარი ხალხი ნაკრებში აღარ არის. მათი გვარები ყველამ ვიცით. უბრალოდ, სლავოლიუბ მუსლინი მათ ნაკრებში აღარ იწვევს. მას სიმშვიდე და ისეთი ფეხბურთელები ურჩევნია, მისი ბოლომდე რომ ესმით...

როგორც ბოლო ბრძოლაში...
ჩვენს ძალიან მძიმე ჯგუფში სერბეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის. არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს და, პირადად მე
მიმაჩნია, რომ შემადგენლობით ის საუკეთესოა ჩვენს ჯგუფში და, შესაბამისად, მუნდიალზე თამაშის ჯანსაღი ამბიციაც აქვს.

საქართველოს ნაკრები კი, ჯერჯერობით, მხოლოდ იმით თუ გამოირჩევა, რომ ფავორიტებს კვანტებს უდებს ხოლმე. ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი ნიშა მსოფლიო ფეხბურთში და ასე იქნება მანამ, ვიდრე სერიოზულად არ გავიბრძოლებთ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად.

სატურნირო მდგომარეობით დაწყებული, თითქმის ყველა ფაქტორი სერბთა სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ ფეხბურთი ისეთი სპორტია, სანამ მსაჯი საფინალოდ არ ჩასტვენს, იმედი ყოველთვის ცოცხლობს და ჩვენივე ხელით ნაადრევად არ უნდა მოვკლათ!

სერბეთი თბილისში მოდის ისე, როგორც ბოლო ბრძოლაში მიდიან ხოლმე. ამას ღირსეული დახვედრა სჭირდება. ჩვენც დავხვდეთ და ვითამაშოთ, რაკი, ჯერ ერთი, სხვა გზა არ არის და მეორეც - საქართველოს ნაკრებს, აგერ, უკვე რა ხანია, ძლიერ მოწინააღმდეგესთან უკეთ გამოსდის თამაში, ვიდრე თავის კბილასთან ან მასზე სუსტთან.

მთავარია ხასიათის სიმტკიცე
რა თქმა უნდა, ეს წერილი არ არის ვლადიმირ ვაისის კომპეტენციაში ჩარევის ცდა. საქართველოს ნაკრებს ჰყავს კვალიფიციური მწვრთნელი და მან იცის, როგორ უნდა ათამაშოს გუნდი. თუმცა აზრის გამოთქმას ვერავინ დაგვიშლის, რადგან ფეხბურთზე მთელი მსოფლიო კამათობს...

ფაქტია, სერბები თავიდანვე შეეცდებიან, საქართველოს ნაკრებს საკუთარი თამაში მოახვიონ თავს, თავიდანვე იზრუნებენ იმაზე, რომ მინდორზე თავადვე იყვნენ დომინანტები...

ალეკო ამისულაშვილმა მითხრა ინტერვიუში და რაც სლავოლიუბ მუსლინის მიერ გაწვრთნილ გუნდებს ვაკვირდები, მართლა ასეა: სერბთა თავკაცს უყვარს შემტევი ფეხბურთი, ისეთი ფეხბურთი, რომელიც კუთხეში ამწყვდევს მოწინააღმდეგეს. უყვარს აგრესია მინდორზე და ამაში ხელს ფეხბურთელებიც უწყობენ.

- ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..

როცა სერბეთის ნაკრების ფორმა გაცვია, სხვანაირად ვერც ითამაშებ. ნახევარი მსოფლიო შენი პირდაპირი მტერია და ნახევარს კი ამრეზით უმზერ. თბილისში მუსლინის გუნდის ერთ-ერთი მთავარი პლუსი - ხასიათის სიმტკიცე იქნება.

ორიოდე დღის წინათ სერბეთის ნაკრების მიერ გამართულ ბოლო, გამორჩეულ მატჩებს ვუყურე. მათ შორის იყო ალბანეთთან გამართული საშინაო შეხვედრაც. ალბათ, ბევრ ქართველ გულშემატკივარს აქვს ნანახი ამ მატჩის კადრები. ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარი ზედმეტია. სერბები ისევე კარგად ჩხუბობენ, როგორც - თამაშობენ. აგრესიული გულშემატკივარი კი გუნდისგან მხოლოდ აგრესიულ თამაშს ითხოვს. ეს ხალხი არ აპატიებს ნაკრებს თამაშს თავდადების გარეშე.

მოკლედ, სერბებთან მატჩში აუცილებლად დაგვჭირდება ხასიათის სიმტკიცე და თუ ამაში ვერ ვივარგეთ, მორჩა, წასული იქნება ჩვენი საქმე, მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსივით. ვერ უნდა გვაჯობონ კომპაქტურობაში, აგრესიაში, ორთაბრძოლაში... ეს კი საშუალებას მოგვცემს, გავაბათილოთ კლასში ის სხვაობა, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ რომ არის...

რა შეიძლება იყოს ვაისის სიურპრიზი?
დღეს საქართველოს ნაკრების წინაშე ორი უმწვავესი პრობლემა დგას, ორი საკადრო პრობლემა - თორნიკე ოქრიაშვილისა და ლევან მჭედლიძის არყოფნა. ორივე - გუნდის ლიდერია, თუმცა ოქრიაშვილი მაინც განსაკუთრებულად - ის იმ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელიც გაცილებით უკეთ თამაშობს ნაკრებში, ვიდრე კლუბში. ასეა დღეს და მომავალში რა იქნება, ღმერთმა უწყის.

ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ნახევარიაო, ხშირად გაიგონებთ. ეს იქნებ გადაჭარბებულიც იყოს, მაგრამ ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი ნამდვილად ურევია. ასეა თუ ისე, ჩვენ უნდა შევძლოთ მის გარეშე თამაში. ჩემთვის სერბეთთან მატჩში ყველაზე საინტერესო სწორედ ის არის, თუ როგორ შეავსებს ვაისი ოქრიაშვილის არყოფნით გამოწვეულ ვაკუუმს.

საამისოდ რამდენიმე გზა არსებობს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვაისმა არანაირი სიურპრიზი არ შემოგვთავაზოს და ეს დანაკლისი იმ კონტინგენტით შეავსოს, რომელიც არაერთხელ გვინახავს...

მაგრამ მე მინდა, რომ ვაისი სხვანაირად მოიქცეს. რა შეიძლება იყოს ვაისის სიურპრიზი? გიორგი არაბიძე! ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ძლიერი ინდივიდუალისტი, ძალიან თავდაჯერებული.

ბევრი იტყვის, ძალიან ახალგაზრდაა და ნაკრების ძირითადში სათამაშოდ მზად ვერ იქნებაო. ეს ამ ეტაპზე მხოლოდ ღმერთმა იცის. ფაქტია, რომ ჩვენ წლების განმავლობაში მივყვებით სხვებისგან დაწერილ ზოგად სანაკრებო წესებს და აქედან ბევრი არაფერი გამოდის.

თუ მაინც უნდა ჩაფლავდნენ საქართველოს ნაკრები და ვაისი, პირადად მე მირჩევნია, ეს რისკის ზეობით მოხდეს და არა იმ წესებით, რომლითაც არაერთხელ გვითამაშია. საქართველოს ნაკრებში კი რაღაც რომ შესაცვლელია, ეს სადავო არ უნდა იყოს. ასე რომ არ ყოფილიყო, მოლდოვას მოვუგებდით შინ და შესარჩევში მხოლოდ 2 ქულა არ გვექნებოდა...

მუსლინი ჭკვიანი მწვრთნელია. ის ყოველთვის ბოლომდე სწავლობს მოწინააღმდეგეს. ფაქტია, სერბი მწვრთნელი რაღაცით ან ვიღაცით უნდა გავაკვირვოთ. მუსლინმა იცის საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელის შესახებ, მაგრამ მან არაფერი იცის არაბიძეზე...

დღეს საქართველოს ნაკრებში თუ ვინმე ჰგავს სათამაშო სტილით ოქრიაშვილს, ეს სწორედ არაბიძეა. მას ჯერ არ გადაუშლია სანაკრებო ფურცელი, მაგრამ ყოველთვის რაღაც საიდანღაც უნდა დაიწყოს...

არაბიძის სათამაშო ნიჭს ეჭვქვეშ არავინ აყენებს. მე იმედი მაქვს, რომ ის საქართველოს მთავარ გუნდში იქნება უფრო გუნდური, უფრო რაციონალური და მშვიდი, ვიდრე ასაკობრივ ნაკრებებში იყო. ის თამაშობს "შახტარის" მეორე გუნდში, მაგრამ საკითხავია, იქ თამაში სჯობს თუ სხვა გუნდების სათადარიგოთა სკამზე ჯდომა?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაბიძის მიერ შესრულებული 5 სახიფათო საჯარიმო დარტყმიდან 2 - პოტენციურად გოლია. მას არ აინტერესებს, ვისთან თამაშობს, ვინ უდგას წინ. ის მიიჩნევს, რომ თვითონ ყველაფერი შეუძლია და ჯიქურ მიდის მოწინააღმდეგის მცველებზე.

რაც შეეხება ასაკს, არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ კიდევ მოკრძალებულ საფეხბურთო ასაკში არიან მზად დიდი გამოწვევებისთვის. ისინი ნაადრევად შედიან საფეხბურთო სიმწიფის ასაკში და თუ მათ მაშინ არ მიეცი შანსი, მერე გვიან იქნება...

მწარე მაგალითი
მაგალითისათვის შორს წასვლა არ გვინდა. დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც სანაკრებო შანსი არ მიეცა თავის თაობაში აშკარად გამორჩეულ სანდრო იაშვილს. მაშინ ამის ერთ-ერთი ახსნა ისიც იყო, რომ ის ძალიან ახალგაზრდა გახლდათ და მისი დროც აუცილებლად მოვიდოდა...

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი - როცა ასაკის მიხედვით სანდროს დრო მოვიდა, მაშინ ის უკვე აღარ თამაშობდა ფეხბურთს, საბოლოო ჯამში კი ისე დაემშვიდობა ფეხბურთს, საქართველოს ნაკრებს მისხალი სარგებელიც ვერ მოუტანა.

ეს რომ სხვა დროს და სხვა ვითარებაში მომხდარიყო, კაცი კიდევ გაიგებდა, მაგრამ უკვე მაშინ ძალიან გვიჭირდა საფეხბურთო რესურსში და... გვინდა თუ არა, ძალიან თვითმყოფადი და ნიჭიერი ფეხბურთელი დავკარგეთ. დავკარგეთ ის, ვისი ბოლომდე გამოყენების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს, შოთა არველაძის წასვლის შემდეგ, თავდასხმაში პრობლემა არ უნდა ჰქონოდა.

არ მინდა, რომ სანდროს მაგალითი განმეორდეს, რადგან მაშინაც არ გვქონდა ამის ფუფუნება და ახლა მით უმეტეს არ გვაქვს.

სერბეთი მოდის. მოდის ამაყი და გამარჯვების რწმენით სავსე. ჩვენ ის რაღაცით ან ვიღაცით უნდა გავაკვირვოთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
დიდი ანგარიშით არ წააგოთ და გაუკვირდებათ
1,2,3,5,8...
15:16 22-03-2017
0
მე რომ მათამაშოთ უფრო დაიბნევიან. იფიქრებენ სხვაგან მოვხვდითო. შეიძლება მოედნიდან გავიდნე და მოგება ჩაგვეთვალოს.
მდაა
15:40 22-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული